ფინანსური პოლიციის მეორედ მოსვლა - საგამოძიებო სამსახურს ფუნქციები არ გაეზრდება
24 სექტემბერი, 2009
458
print

საქართველოს პარლამენტში ფინანსთა სამინისტროს კანონპროექტი შევიდა, რომელიც ფინანსური პოლიციის აღდგენას ითვალისწინებს. ეს უწყება კვლავ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სტრუქტურად ჩამოყალიბდება. კანონპროექტის მიხედვით, ფინანსურ პოლიციას უფლება ექნება, გამოიყენოს ფიზიკური ძალა და ცეცხლსასროლი იარაღი, დანიშნოს ექსპერტიზა, საჭიროების შემთხვევაში დაუბრკოლებლად შევიდეს ბინაში ან სხვა დაწესებულებაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად, ჩაატაროს შემოწმება დასახლებულ პუნქტებში, მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში. კანონპროექტი ფინანსური პოლიციის დასახმარებლად კონსპირაციული თანამშრომლების არსებობასაც ითვალისწინებს. უწყების ხელმძღვანელს პრემიერის წარდგენით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, კანონპროექტში საუბარია არა ფინანსური პოლიციის აღდგენაზე, არამედ საშემოსავლო სამსახურის საგამოძიებო ნაწილის ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო სტრუქტურად ჩამოყალიბებაზე. მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძის განცხადებით, საშემოსავლო სამსახური სამოქალაქო სტრუქტურად ჩამოყალიბდება და ის გადასახადების ადმინისტრირებასა და გადამხდელებზე იქნება ორიენტირებული, პოლიციური ფუნქცია კი საგამოძიებო სამსახურს დაევალება. მისივე თქმით, მთავრობამ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად საშემოსავლო და საგამოძიებო სამსახურების ცალ-ცალკე სტრუქტურებად ფუნქციონირება მიიჩნია.

თუმცა, ღვალაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო სამსახურს ფუნქციები არ გაეზრდება. ახალ კანონპროექტს საპარლამენტო კომიტეტები უკვე განიხილავენ და მას პირველი მოსმენით სესიაზე მიმდინარე კვირაშივე გაიტანენ.

კანონპროექტის მიხედვით, უწყებას "ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ერქმევა". მას ეყოლება სპეცდანიშნულების რაზმი და თანამშრომლებს კანონის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებაც ექნებათ.

კომიტეტებში კანონპროექტის განხილვა, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება. მანამდე კი დეპუტატებს აღნიშნულ დოკუმენტს ხუთშაბათის სხდომაზე თავად ფინანსთა მინისტრი წარუდგენს. ფინანსური პოლიცია 2007 წელს გაუქმდა და მიზეზად სახელმწიფოსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობის დეკრიმინალიზაცია დასახელდა.

ფინანსური პოლიცია წარსულში

ეს უწყება ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს ჩამოყალიბდა. ფინანსურ პოლიციას დაარსებიდან გაუქმებამდე დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა.

ფინანსურ პოლიციაში საქართველოს მასშტაბით 625 თანამშრომელი ირიცხებოდა, ძირითადად, იურისტები და ეკონომისტები. მათი უმრავლესობა თბილისში მუშაობდა. რეგიონებში ხდებოდა პირველადი გამოძიება და ინფორმაციის მოძიება. თანამშრომელთა ხელფასები 700-დან 1800 ლარამდე მერყეობდა. გარდა ამისა, კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე, თანამშრომლები იღებდნენ პრემიას. რეფორმების შემდეგ, 2,5 წლის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზით დათხოვნილი იყო 600-მდე თანამშრომელი - ორი მათგანი ქრთამის აღების გამო, უმრავლესობა კი სამსახურებრივი მოვალეობების არასათანადოდ შესრულებისათვის.

ფინანსური პოლიციის ყველაზე ხმაურიან ოპერაციად სწრაფი კვების ობიექტ "ნიკალაში" შევარდნა ითვლება. ობიექტი მომხმარებელს ემსახურებოდა, როდესაც შეიარაღებული და ნიღბიანი რაზმი "ნიკალაში" შევარდა, რამაც პანიკა გამოიწვია. ფინანსური პოლიციის ამ მანევრს საზოგადოების და ოპოზიციის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. თუმცა მაშინ ფინანსურ პოლიციაში განმარტეს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ "ნიკალას" ხელმძღვანელობას შეეძლო უსწრაფესად წაეშალა რეალურ მონაცემთა ბაზა კომპიუტერში, ამიტომ ფინანსური პოლიცია იძულებული იყო, ეს ოპერაცია ამ, არცთუ სასიამოვნო ფორმით განეხორციელებინა. ამ ოპერაციის შედეგად, დამალული ორი მილიონი ლარი ბიუჯეტში შევიდა.

შესამოწმებელ ობიექტთა შერჩევა ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდებოდა. შემოწმება ობიექტებზე ძირითადად საწყობებში ხდებოდა, თუმცა ობიექტის დალუქვის ხმაურიანი ფაქტიც გვახსოვს. კერძოდ, ავსტრიული კომპანია "შინ ჰოფერის" საწყობის დალუქვა. თუმცა მაშინ ფინანსურ პოლიციაში განმარტავდნენ, რომ არსებობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია ამ კომპანიის მიერ შემოტანილი საკვები პროდუქციის (ძეხვეულის) შემოწმების აუცილებლობის თაობაზე. როდესაც საქმე საკვები პროდუქტის ვარგისიანობას ეხება, ამ შემთხვევაში საკითხი განსხვავებულად დგას -

შესაბამისი დასკვნების გამოტანამდე პროდუქციის წარმოება ან გაყიდვა

იკრძალება. პარალელურად მიმდინარეობდა ამ კომპანიის დოკუმენტაციის

შემოწმება. ავსტრიის მხარესთან წერილობითმა ურთიერთობამ გარკვეული დრო

წაიღო. მაშინ ფინანსურ პოლიციაში აცხადებდნენ, რომ დარღვევები აღმოჩენილი იყო ფასების გაყალბებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით კი "შინ ჰოფერის" ძეხვი მტკვარში აღმოჩნდა - უწყებამ პროდუქტის განადგურების საკმაოდ ორიგინალური ხერხი აირჩია.

საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს კონფლიქტი საბაჟოსა და ფინანსურ პოლიციას შორის, 2005-2007 წლებში საბაჟოს ფაქტობრივად ფინანსური პოლიცია აკონტროლებდა. ამ თემამ საქართველოს პარლამენტშიც გაიჟღერა, როდესაც დავით კეზერაშვილის ფარული სატელეფონო საუბარი გაიშიფრა - ის კერძო პირს მანქანების შემოყვანას საბაჟოს გვერდის ავლით ჰპირდებოდა. თუმცა კეზერაშვილმა თანამდებობა შეინარჩუნა… მოგვიანებით, დაპირისპირება გამძაფრდა, რამაც საბაჟოს მაშინდელი ხელმძღვანელის - ზურაბ ანთელიძის პორტფელი იმსხვერპლა. ანთელიძემ თანამდებობა პრეზიდენტის უშუალო მონაწილეობით დატოვა.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014