წელს რთველის ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 20 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო
25 სექტემბერი, 2009
250
print

გუშინ საქართველოს პარლამენტში გამართული სამთავრობო მოსმენის ფარგლებში დეპუტატთა კითხვებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი პასუხობდნენ. მინისტრებმა საკუთარი უწყებების საქმიანობის შესახებ ვრცელი ანგარიში წარმოადგინეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ტყეშელაშვილის ინფორმაციით, 2009 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა რეგიონული პროექტების განსახორციელებლად საქართველოსთვის უპრეცედენტო - 1 მილიარდ 235 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მშენებლობას 681 მილიონი ლარი ხმარდება. სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე 190 მილიონი ლარი დაიხარჯება. საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას 54, სარწყავი სისტემის აღდგენა-განახლებას 18, ხოლო სკოლებისა და ბაგა-ბაღების რეაბილიტაციას 109 მილიონი ლარი მოხმარდება.

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში წელს 3 487 სოფელში 4 668 პროექტი განხორციელდა. პროგრამა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ექსპერიმენტის სახით განხორციელდა, მინისტრმა წარმატებულად შეაფასა. პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასმელი წყლის სისტემების, შიდა გზების, სანიაღვრე არხებისა და ხიდების რეაბილიტაცია მოხდა. ტყეშელაშვილის ინფორმაციით, სოფლის დახმარების პროგრამის დაფინანსება მომავალი წლისთვის გაორმაგდება და თითოეული სოფელი ამ პროექტის ფარგლებში, 10 000 ლარის ნაცვლად, 20-25 000 ლარს მიიღებს.

რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა 2010 წლის გეგმებსა და პრიორიტეტებზეც ისაუბრა. დავით ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ გომბორის გზის რეაბილიტაციის პროცესი 2010 წლის სექტემბრისთვის დასრულდება. გაგრძელდება სოფელ რუისის მიმართულებით არსებული ავტობანის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება გორისკენ მიმავალი ძირითადი ავტომაგისტრალის მშენებლობაც. გორის უღელტეხილზე კი ახალი გვირაბები აშენდება. მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობაც. ახალი ტექნოლოგიებით და, რაც მთავარია, სრულიად ახალი გზა აშენდება მესტიაშიც. გომბორის უღელტეხილზე არსებული გზის რეაბილიტაცია კი 2010 წლის სექტემბრისთვის დასრულდება. ამ გზის პირველი 10 კილომეტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია. კიდევ ერთ, 27-კილომეტრიან მონაკვეთზე კი სამშენებლო სამუშაოები ოქტომბერში დაიწყება. დავით ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ გზების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესს, ეკონომიკურთან ერთად, სოციალური დატვირთვაც აქვს - ამ სფეროში ამჟამად 25 000 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობას ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს.

ცალკე განხილვის საგანი გახდა რეგიონებისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება. მინისტრმა პარლამენტს ონიდან მიღებული საბოლოო მონაცემები წარუდგინა. მიწისძვრის შედეგად რაჭაში 313 სახლი საცხოვრებლად უვარგისია, 1500 სახლი კი დაზიანების მხრივ მეორე კატეგორიას მიაკუთვნეს. ზარალს ითვლიან ჭარბი ნალექით დაზარალებულ ყვარლისა და ახალციხის რაიონებშიც. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხს მთავრობა მომავალ კვირაში გადაწყვეტს და “ყველა დაზარალებული ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებში ადეკვატურ დახმარებას მიიღებს."

სოფლის მეურნეობის მინისტრმა საკუთარი გამოსვლა რთველის შეფასებით დაიწყო. წელს კახეთში ყურძენი ნაადრევად დამწიფდა, შესაბამისად, რთველიც 22 აგვისტოს დაიწყო. მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყურძენს 30 გადამამუშავაბელი საწარმო იბარებს. 15 000 ტონა საფერავი და 2000 ტონა რქაწითელი უკვე მოკრეფილია (რქაწითელის კრეფა დასრულებული არ არის).

მინისტრის განმარტებით, წელს რთველის ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 20 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო. საბიუჯეტო დახმარება ორი მიმართულებით გადანაწილდა. მთავრობა, ყურძნის გადამამუშავებელ სექტორთან ერთად, მევენახეებსაც დაეხმარა. წელს სპეციალურ ვაუჩერს 110 ათასი მევენახე მიიღებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო. კახეთში რთველი, სავარაუდოდ, 15-20 ოქტომბრისთვის დასრულდება.

სოფლის მეურნეობის მინისტრი წელს აჭარაში, სამეგრელოსა და გურიაში 100 000 ტონა ციტრუსის მოსავლის მიღებას მოელის. ბაკურ კვეზერელი აცხადებს, რომ ფერმერების მხარდასაჭერად სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. წელს ციტრუსის მოსავალი ექსპორტზე უკრაინაში, ბელორუსსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გავა. გარდა ამისა, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ციტრუსის გადამამუშავებელი მრეწველობის წარმოებასაც.

სოფლის მეურნეობის მთავარი პრიორიტეტი კვლავ სასოფლო-სამეურნეო მანქანების პარკის განახლებაა. ამ მიზნით იაპონიის მთავრობასთან 13 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში სოფლად მცხოვრები ნოემბრის ბოლოს 250 ერთეულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას მიიღებს.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014