ახალი წესრიგი მსოფლიო ეკონომიკაში
28 სექტემბერი, 2009
341
print

გასული კვირის მთავარი მოვლენა იყო “დიდი ოცეულის" შეხვედრა, რომელიც ხუთშაბათს პიტსბურგში (აშშ) დაიწყო.


დიდი ოცეული - ეს არის მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ცხრამეტი სახელმწიფო და ევროკავშირი, რომელიც წარმოდგენილია აგრეთვე ცალკეული სახელმწიფოების სახით. ჯამში ეს სახელმწიფოები მსოფლიოს მშპ-ს 80%-ზე მეტს აწარმოებენ.

სამიტის მთავარი მიზანი იყო, გლობალური კრიზისის გადასალახად წინადადებები გამოემუშავებინა. ბევრის აზრით, კრიზისი დასასრულს უახლოვდება, თუმცა ზოგიერთი შიშობს, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების დადებითი დინამიკა შეიძლება არ იყოს სტაბილური. გარდა ამისა, კრიზისმა დატოვა პრობლემები, მაგალითად - უმუშევრობა, რომელთა გადალახვასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალისტები მიუთითებენ აგრეთვე იმაზე, რომ კრიზისის დროს სახელმწიფოების მიერ ეკონომიკაში ჩადებულია უზარმაზარი რესურსები, რაც გარკვეულ რისკებს ქმნის. მათი აზრით, დროა დაიწყოს შემცირება ანტიკრიზისული პროგრამებისა, რომელთა მიზანიც ეკონომიკის სტიმულირება და ცალკეული დარგებისა და საწარმოების დახმარება იყო.

სამიტის მთავარი შედეგია შეთანხმება - შემუშავდეს ახალი წესები მსოფლიო ფინანსური სისტემისათვის, რომლის დაცვაც აუცილებელი იქნება ფინანსური ინსტიტუტებისთვის მთელ მსოფლიოში.

სამიტის შედეგების განხილვისას საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ დადგა დრო ბოლო მოეღოს საგადასახადო თავშესაფრებსა (ე.წ. “ოფშორებს") და საბანკო საიდუმლოებებს. მისი სიტყვებით, “დიდი ოცეულის" ლიდერები შეთანხმდნენ, 2010 წლის მარტამდე შემოიღონ სანქციები საგადასახადო თავშესაფრების წინააღმდეგ.

სამიტის მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აზიური სახელმწიფოების (ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა) როლის აღიარება გლობალურ ეკონომიკაში. ფაქტობრივად, “დიდი ოცეული" მსოფლიო ეკონომიკის საკითხებში თავის თავზე იღებს იმ როლს, რომელსაც წინათ “დიდი შვიდეული" ასრულებდა, და რაც დადასტურდა სამიტის მიერ. ეს მიუთითებს იმ დიდ ცვლილებებზე, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარეობს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც საუბარი იყო სამიტზე, პრეზიდენტმა ობამამ წამოჭრა. ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში მან მიმართა მსოფლიო ლიდერებს, უდიდესი ფინანსური კრიზისის საპასუხოდ იფიქრონ გლობალური ეკონომიკის გარდაქმნაზე. პრეზიდენტ ობამას აზრით, არსებული ბალანსი უნდა შეიცვალოს. “ჩვენ აღარ უნდა დავბრუნდეთ ერაში, როდესაც ჩინეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები მხოლოდ ყიდიან ყველაფერს ჩვენთან", ხოლო ამერიკელები კრედიტების მეშვეობით ამას ყველაფერს ყიდულობენ და არაფერს ყიდიან ამ ქვეყნებში. სამიტმა მხარი დაუჭირა ახალი ბალანსის დამკვიდრებას მსოფლიო ეკონომიკაში, რომლის თანახმადაც ქვეყნები, რომელთაც დიდი პროფიციტი აქვთ საგარეო ვაჭრობაში, წაახალისებენ მოხმარებას, ხოლო მსოფლიო ვაჭრობა უფრო ბალანსირებული გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ, საყოველთაო შეფასებით, გლობალური კრიზისი მთავრდება, ეკონომიკური აღორძინება უმტკივნეული და სწრაფი პროცესი არ იქნება. ამას ადასტურებს გასული კვირის ბევრი მოვლენა. პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ეკონომიკაში დადებითი ძვრების მიუხედავად, მდგომარეობა შრომის ბაზარზე მომავალი წლის დასაწყისამდე არ გაუმჯობესდება. 2008 წელს ამერიკის ეკონომიკამ 2.6 მილიონი სამუშაო ადგილი დაკარგა.

კიდევ ერთი უსიამოვნო ამბავი, თანაც მოულოდნელი იყო ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებელი სახლების გაყიდვები აგვისტოში 2.7%-ით დაეცა, მაშინ როდესაც წინა ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი 15.2%-ით გაიზარდა.

უმუშევრობა ბევრი ქვეყნის ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება. რუსეთში გამოქვეყნებული მონაცემებით, უმუშევრობა აგვისტოში 2008 წლის აგვისტოსთან შედარებით 38.6%-ით გაიზარდა და 6.2 მილიონი კაცი შეადგინა. რუსეთის მოქალაქეთა შემოსავალი იმავე პერიოდში 6.8%-ით შემცირდა.

ერთ-ერთმა ფინანსურმა იაპონურმა კომპანიამ Aiful Corp., რომელიც სამომხმარებლო კრედიტის ბაზარზე მოქმედებს, 2 000 თანამშრომლის შემცირება (44%) გამოაცხადა. იაპონიისათვის, სადაც მოსამსახურე, ტრადიციულად, მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე კომპანიაში მუშაობს და კომპანიები თითქმის არასოდეს მიმართავენ პერსონალის დათხოვნას, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა და ფინანსური კრიზისის მთელ სიღრმეს უჩვენებს. უნდა ავღნიშნოთ, რომ იაპონიაში მთავრობის მიერ შემოღებულია ზედა ზღვარი ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული კრედიტის პროცენტზე.

წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ უცხოური ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში ამ წლის მეორე კვარტალში 92 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარით ნაკლებია შარშანდელი წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვარდნის ძირითადი მიზეზი არაეკონომიკურ სფეროში უნდა ვეძებოთ, ეს მაინც უაღრესად შემაშფოთებელი მაჩვენებელია. საქართველოს მთავრობას ძალიან დიდი ძალისხმევა მოუწევს, რომ მოკლე ხანში, გლობალური კრიზისის შედეგების გათვალისწინებით, მდგომარეობა კარდინალურად შეცვალოს.

ასეთი ცუდი ამბების ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ფინანსური ბაზრები უკიდურესმა პესიმიზმმა შეიპყრო. თითქმის მთელი კვირის განმავლობაში ეცემოდა ფასები საფონდო და სასაქონლო ბირჟებზე. კვირის განმავლობაში აქციების ფასი ძირითად ბირჟებზე 3-4%-ით დაეცა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დაცემა იაპონიისა და აზიურ ბირჟებზე.

საქართველოს საფონდო ბაზრისათვის სასიამოვნო სიურპრიზია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა “სახალხო ბანკის" აქციებით ვაჭრობის მოცულობა. ორი კვირის წინ მე გამოვთქვი მოსაზრება, რომ ეს მოვლენა შესაძლოა დროებით ხასიათს ატარებდეს. დღეს უნდა ვაღიარო, და ამას ვაკეთებ სიამოვნებით, რომ შესაძლოა ვცდებოდი და ადგილი აქვს სტაბილურ ტენდენციას. ეს დაკავშირებულია ბანკის სათავეში ისეთი ფიგურის მოსვლასთან, როგორიცაა ლადო გურგენიძე. გურგენიძეს ფინანსურ ბაზრებზე მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს და ესმის, თუ რა მნიშვნელოვანია ამ ბაზრების განვითარება საქართველოსთვის. მის სახელთანაა დაკავშირებული ერთადერთი ქართული ლიკვიდური კორპორაციული ფასიანი ქაღალდის არსებობა (“საქართველოს ბანკის" აქცია). იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ “სახალხო ბანკის" აქციებსაც ასეთივე ბედი ელოდება.

გასულ კვირას ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრში იყო სუსტი დოლარი. ბევრი მათგანი აკრიტიკებდა ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკას, რომელიც დამყარებულია დაბალ საპროცენტო განაკვეთზე. ეს ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ისესხონ დოლარი და განათავსონ ის მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სადაც უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. ანალიტიკოსების აზრით, ასეთი პოლიტიკით ფედერალური სარეზერვო სისტემა სხვა ქვეყნების ეკონომიკებს აფინანსებს.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014