რეფორმები უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე
28 სექტემბერი, 2009
381
print

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე რეფორმები მიმდინარეობს. რეფორმები უპირველესად მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის შერჩევას ითვალისწინებს. ამ მიზნით სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეულია ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰენ ციმერმანი.


საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, კონკურსის შედეგად შერჩეული პროფესურა სახელმწფიო უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის ამაღლების გარანტია იქნება. რეფორმის შედეგად, შემუშავდა ახალი პროგრამები უმაღლესი განათლების ყველა დონეზე, შეიქმნა ინგლისურენოვანი ე.წ. ელიტური ჯგუფები, რომლის საშუალებითაც სტუდენტები სხვადასხვა უცხოენოვან პროგრამებს დაეუფლებიან. მათ საშუალება ეძლევათ, მომავალში სწავლა საზღვარგარეთ, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელონ; განახლდა ინფრასტრუქტურა და აუდიტორიები თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა.

ეკონომიკური აქტივობის ზრდა საქართველოში და ახალი ინვესტიციების მოზიდვა წარმატებული სახელმწიფოს გარანტიაა. ეკონომიკის სფეროსადმი სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი წელს უპრეცედენტოა. მაღალი დაინტერესების გამო უნივერსიტეტებს დიდი მისია დაეკისრა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების პერსპექტიულ მომავალზე ზრუნავს.

ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესისი ფაკულტეტზე 2009-2010 სასწავლო წელს უპრეცედენტო რაოდენობის სრული დაფინანსების მქონე სტუდენტი ჩაირიცხა. 885 სტუდენტიდან აღნიშნულ ფაკულტეტზე სახელმწიფოს გრანტი 880-მა მოიპოვა, აქედან 100%-იანი დაფინანსება კი 308 სტუდენტმა.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი გია ხუბუა აცხადებს, რომ ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი სწორედ უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნდა შეავსონ. მისი თქმით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლების პროცესშიც დიდი შანსი ექნებათ, დასაქმდნენ და ცოდნას სწორი მიმართულება მისცენ.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი გია ხუბუა: "ეკონომიკის ფაკულტეტის რეფორმირების საკითხი უნივერსიტეტში იმიტომ დადგა, რომ ახლა ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება ახალი ეკონომიკური აზროვნება შრომის ახალი კულტურა. რეალურად, საქართველოში უმუშევრობის პრობლემა იმდენად არ არის, რამდენადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ასეთ დროს უნივერსიტეტები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან. ახალი ევროპა სწორედ ახალი უნივერსიტეტების დაფუძნებით დაიწყო. დღეს ახალ საქართველოში ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ახალი სტილის თანამედროვე დასავლური სტანდარტების უნივერსიტეტები, შესაბამისი სტანდარტების აზროვნების სტილით და ეკონომიკური აზროვნების კულტურით. ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, რადგან ჩვენი ეკონომიკური განათლება, ისევე როგორც ეკონომიკა, დინამიკური განვითარების პროცესშია. სწრაფად იცვლება სასწავლო პროგრამები არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ტრადიციულ დასავლურ უნივერსიტეტებშიც. მოლოდინიც დიდია, საზოგადოებრივ აზრს უნივერსიტეტების შესახებ ძირითადად სწორედ ეკონომიკის და იურიდიული ფაკულტეტები განსაზღვრავენ. წელს სტუდენტების ყველაზე საუკეთესო ნაწილი სწორედ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოვიდა. უნიკალური ფაქტია, როდესაც უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩარიცხული სტუდენტების ნახევარი მხოლოდ ერთ ფაკულტეტზე სწავლობს. ჩვენ მათ პირველ რიგში უკეთესი სწავლების პერსპექტივას შევთავაზებთ. ეკონომიკის ფაკულტეტის რეფორმა გულისხმობს სასწავლო პროგრამების რადიკალურ რეორგანიზაციას, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ინფრასტრუქტურის განახლებას. ჩვენ უკვე შევიძინეთ თანამედროვე სახელმძღვანელოები, მათ ნაწილს ვთარგმნით კიდეც, გამოვიწერეთ ელექტრონული გამოცემები, ვახორციელებთ აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსს. კონკურსის კომისიას უხელმძღვანელებს ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იოჰენ ციმერმანი. ჩვენ ევროპული სტანდარტებით შევარჩევთ აკადემიურ პერსონალს, რადგან სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ გვაქვს.

ამავდროულად, აქტიურად მიმდინარეობს გაცვლითი პროგრამები ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან. ბრემენის უნივერსიტეტი მზად არის, რომ ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღოს სტუდენტები შეზღუდვის გარეშე, თუკი ჩვენი აპლიკანტები დააკმაყოფილებენ ენობრივი კომპეტენციისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. გამორჩეულად წარმატებულ სტუდენტებს უნივერსიტეტი წაახალისებს და ჩვენს თავზე ავიღებთ მგზავრობისა და ნაწილობრივ მათი იქ ცხოვრების ხარჯებს. ამას გარდა, მოვიწვევთ უცხოეთის უნივერსიტეტის პროფესურას. ამისთვის მზად ვართ, უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან სპეციალური ფინანსები მოვიძიოთ."

უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსზე უკვე 180 განაცხადია შესული. კონკურსის თავმჯდომარე იოჰენ ციმერმანის თქმით, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ აკადემიური პერსონალი თანამედროვე ხედვით უნდა გამოირჩეოდეს. კონკურსანტებისთვის წაყენებული მოთხოვნები ანალოგიურია დასავლური უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის შერჩევის მეთოდებისა.

"კონკურსანტებისთვის მთავარი პირობაა ის, რომ კარგი მეცნიერები უნდა იყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დაწერილი უნდა ჰქონდეთ სახელმძღვანელოები, სამეცნიერო სტატიები. გარდა ამისა, ჩვენ ვეძებთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციასა და მისი კვლევითი პროფილის ამაღლებაში. ვცდილობთ ვიპოვოთ ისეთი აპლიკანტები, რომლებსაც საზღვარგარეთ თავისი პორფესიით მუშაობის გამოცდილება აქვთ. გვაქვს პროფესურის დაახლოებით 60 ვაკანსია და უკვე მივიღეთ 180 აპლიკაცია. აქედან მხოლოდ ერთი მესამედის შერჩევა მოხდება. კრიტერიუმები, რომელსაც შერჩევის დროს ვიყენებთ სრულ თანხვედრაშია აკადემიური საბჭოს დადგენილებასთან, რომლითაც დგინდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი პირებისთვის შეფასების კრიტერიუმი. თვითონ დადგენილება სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში პროფესურის შესარცევი კრიტერიუმები იგივეა, რასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყენებს. სასურველია დარჩეს ვაკანტური ადგილები, რომ უნივერსიტეტს საშუალება ჰქონდეს, მოგვიანებით გამოაცხადოს კონკურსი," - აღნიშნა ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა იოჰენ ციმერმანმა.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ლუკა ბიჩინაშვილი წელს ბრემენის უნივერსიტეტში მიემგზავრება. ერთი სემესტრის განმავლობაში ლუკა ეკონომიკურ განათლებას სწორედ იქ მიიღებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ლუკა ბიჩინაშვილი: "როდესაც უნივერსიტეტში ჩავირიცხე, სწორედ მაშინ შეიქმნა ჩვენს ფაკულტეტზე ე.წ. ელიტჯგუფები. თავიდან 200 სტუდენტი შეარჩიეს, შემდეგ ორი გამოცდა ჩატარდა მათემატიკასა და უცხო ენაში და 200-დან 75 ბავშვი შეირჩა, რომლებიც ელიტჯგუფებში მოხვდა. 2 წლის განმავლობაში გვასწავლიდნენ უნივერსიტეტის საუკეთესო პროფესორები, სწავლება ინგლისურ ენაზე მიდინარეობდა, ინგლისურად გავდიოდით მაკროეკონომიკას და ფინანსურ აღრიცხვას. შემიძლია ვთქვა, რომ სწავლების დონე წამყვან უნივერსიტეტებს არაფრით ჩამოუვარდება. მთავარი ამ რეფორმაში ის არის, რომ სტუდენტს საშუალება ეძლევა, მაღალი ხარისხის განათლების მიღების პარალელურად, საზღვარგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში გაიღრმაოს ცოდნა. მე ბრემენში მივდივარ. ბრემენის უნივერსიტეტის სტიპენდია მოვიპოვე და ერთი სემესტრის განმავლობაში იქ ვისწავლი."

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014