კორპორაციული მართვა ქართულ კომპანიებში
29 სექტემბერი, 2009
738
print

პოლიტიკური თუ კორპორაციული ხასიათის მცირე თუ დიდი მასშტაბის კორუფცია მსოფლიო პრობლემად იქცა. კორუფციასთან მიმართებაში მარტივი პასუხები არ არსებობს, კორუფციას მრავალი სახე და მოძრავი ნაწილი აქვს.

ბიზნესი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კორუფციის წყარო, სხვა შემთხვევაში - მსხვერპლი. კერძო სექტორი შეიძლება იყოს ძალა კორუფციის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შემუშავებაში, ხოლო კომპანიები მთელ მსოფლიოში მონაწილეობენ ამ პროცესში. კომპანიებში კორუფციის დაძლევის და გამჭვირვალე ბიზნესის განვითარების წინაპირობად მთელ მსოფლიოში ძლიერი კორპორაციული მართვის ინსტიტუტი მიიჩნევა. ჩვენს ქვეყანაში კი კორპორაციული მართვის ინსტიტუტი საკმაოდ სუსტადაა განვითარებული. ამ სფეროს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC -ი 2004 წლიდან იკვლევს. სეგმენტის მეორე საფუძვლიანი კვლევა 2008 წელს ჩატარდა. როგორც IFC -ის კორპორაციული მართვის პროექტის მენეჯერი მაია თევზაძე განმარტავს, ქართულ კომპანიებში საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის მიერ ჩატარებული კვლევა (კორპორაციული მართვის ძირითად კომპონენტებში) ბოლო ოთხ წელიწადში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს ადასტურებს. "თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და იმედი მაქვს, რომ IFC-ის სემინარები და კონსულტაციები ქართულ კომპანიებს კიდევ უფრო უკეთესი შედეგების მიღწევაში დაეხმარება," - ამბობს მაია თევზაძე.

IFC -ის მიერ შესწავლილი კომპანიების 77 პროცენტმა კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის კარგი ცოდნა აჩვენა. ამავე კვლევის თანახმად, ბევრ კომპანიას შეუძლია, ამ პრაქტიკის განხორციელებით თავისი საქმიანობა უფრო ეფექტური გახადოს.

2004 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც კორპორაციული მართვის მნიშვნელობას აღიარებს. კერძოდ, კორპორაციული მართვა ძალზე მნიშვნელოვნად მიიჩნია გამოკითხულთა 22 პროცენტმა. ეს მაჩვენებელი 2004 წელს 13,8 პროცენტს შეადგენდა.

გამოკითხული რესპონდენტების 30,7 პროცენტმა განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში კორპორაციული მართვა მათ კომპანიებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ხოლო 27,3 პროცენტი მიიჩნევს, რომ კორპორაციული მართვის ხარისხი არ გაუმჯობესებულა. ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც დაინტერესებულია კორპორაციული მართვის საკითხებზე ინფორმაციის მიღებით ან გარე კონსულტანტების მომსახურებით. როგორც კვლევის შედეგები ცხადყოფს, იმ კომპანიების რიცხვმა, რომელმაც კორპორაციული მართვის საკითხებში გარე კონსულტანტების მომსახურებას მიმართა, 17,3 პროცენტი შედგინა, მაშინ როდესაც 2004 წელს რესპონდენტთა მხოლოდ 3,2 პროცენტმა განაცხადა ამის შესახებ.

კომპანიები ყველაზე ხშირად კორპორაციულ მართვას უკავშირებენ ისეთი ამოცანების გადაწყვეტას, როგორებიცაა:^ინვესტიციების მოზიდვა, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების ეფექტურობის ამაღლება, აქციონერებსა და მმართველობით ორგანოებს შორის ურთიერთობების ეფექტურობის ამაღლება, კომპანიაზე ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება და შიდა კონტროლის ეფექტურობის ამაღლება. გამოკითხულთა შედარებით ნაკლებმა რაოდენობამ კორპორაციული მართვა ისეთ გარემოებებს დაუკავშირა, როგორებიცაა - მმართველი ორგანოების ანგრიშვალდებულების ამაღლება, კორპორაციული კონფლიქტების თავიდან აცილება და აქციონერთა უფლებების დაცვა, რადგან აღნიშნული ფაქტორები კარგი კორპორაციული მართვის აუცილებელ ელემენტებს წარმოადგენს.

კითხვაზე, თუ რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც თქვენს კომპანიას კორპორაციული მართვის გაუმჯობესებისაკენ უბიძგებს, კომპანიების მიერ შემდეგი ფაქტორები დასახელდა: ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესების, კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის სურვილი.

"კორპორაციული მართვის თემა საფონდო ბაზრის მოთხოვნებიდან წამოვიდა. კერძოდ, ამ თემის აქტუალურობა მცირე აქციონერების პრობლემებმა განაპირობა. რაც უფრო კარგად მუშაობს სააქციო საზოგადოება და ეფექტურია კორპორაციული მართვა, მით უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა ხდება საწარმოში. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, პრემიუმი მით უფრო მეტია კორპორაციულ მართვაში. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ფულის მოზიდვა საფონდო ბაზრის მეშვეობით უნდა ხდებოდეს. უნდა მოხდეს საფონდო ბაზრის განვითარების სტიმულირება, რაც კარგი კორპორაციული მართვის შემთხვევაში, კომპანიებისათვის დამატებით კაპიტალს მოიზიდავს," - ამბობს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი გოგი ლოლაძე.

კორპორაციული მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება დამოკიდებულია როგორც სახელმწიფოზე, ისე კერძო სექტორზე. თუ პირველის როლი შესაბამისი კორპორაციული მართვის ხელშემწყობი მარეგულირებელი გარემოს ჩამოყალიბებაში გამოიხატება, მაშინ კერძო სექტორი შეიმუშავებს კორპორაციული მართვის ეფექტურ პრაქტიკას, რაც კომპანიების ცალკეულ შიდა დოკუმენტებში აისახება.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014