საქართველოს საფონდო ბირჟის აქციათა 50 პროცენტს 1
29 სექტემბერი, 2009
400
print

განვითარებადი ქვეყნების ბაზრები, მიმდინარე კრიზისის პირობებში, ტრანსნაციონალური კორპორაციების მთავარი სამიზნე გახდა. წინასწარმეტყველთა აზრით, შუა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები კრიზისიდან უკვე გამოდიან და მალე ისინი ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყნები გახდებიან. "ბიბისი"-ს გუშინდელი ინფორმაციით, ცნობილი SHBC-ი სათაო ოფისის გადატანას ინგლისიდან ჩინეთში აპირებს. მართალია, საერთაშორისო წინასწარმეტყველები საქართველოს განვითარებადი ბაზრის შესახებ კონკრეტულს არაფერს გვეუბნებიან, მაგრამ მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის იგნორირება სასოწარკვეთილებაში სულაც არ გვაგდებს. საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და მილიონერების ყურადღების მიქცევა ადგილობრივი ავანტურისტების ისტორიული ჰობია.

ვატო აბაშიძისა და ეროსი კიწმარიშვილის ვარდების რევოლუციისდროინდელი ოცნება ასრულდა. ტელეკომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მაშინდელი თავმჯდომარეები აქტიურად საუბრობდნენ სს ელექტროკავშირის (საქართველოს ტელეკომი) აქციების NASDAQ-OMX-ისთვის შეთავაზების თაობაზე. ამ უპრეცედენტო, მაგრამ ავანტურისტულ წამოწყებას სათანადო მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, შესაძლებელი იყო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამოცოცხლება. NASDAQ-ელების მიმდევრები კვლავ გამოჩნდნენ - საფონდო ბირჟის აქციონერებმა NASDAQ-OMX-ისთვის აქციების ექსკლუზიურად შეთავაზების გადაწყვეტილება მიიღეს. აშკარაა, ამჯერად NASDAQ-OMX-თან პარტნიორობას პროფესიონალების გუნდი აპირებს, რომელიც, იმედია, საპასუხო საინვესტიციო წინადადებას მიიღებს.

საფინანსო ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ - სს საქართველოს საფონდო ბირჟამ გასული წელი 219874 ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. სს საქართველოს საფონდო ბირჟა თვითრეგულირებადი ორგანიზაციაა. ბირჟის საქმიანობის ძირითად მიზანს საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამჭვირვალე და ლიკვიდური ორგანიზებული ბაზრის ჩამოყალიბება, სიცოცხლისუნარიანი სავაჭრო მექანიზმის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ბირჟის საქმიანობის საგანია: ფასიანი ქაღალდების ყიდვისა და გაყიდვის შესახებ წინადადებების შეგროვება; ფასიანი ქაღალდების საჯარო ვაჭრობის ორგანიზება საბირჟო წესების და პროცედურების შესაბამისად; საბირჟო ვაჭრობების შედეგების შესახებ და საფონდო ბაზართან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გავრცელება.

საზოგადოება ფლობს 98.81% სს საქართველოს ფასიანი ქაღლადების ცენტრალური დეპოზიტარის აქციებში და 56.15% სს კავკასრეესტრში. საკუთარი კაპიტალი წარმოდგენილია სააქციო კაპიტალით (ჩვეულებრივი აქციებით) 46577 ლარი. შეუვსებელი კაპიტალი ასახავს შვილობილ სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის გაუთავსებელ აქციებს (8800 ლარი), საემისიო კაპიტალია 128252 ლარი, გადაფასების რეზერვი წარმოადგენს არამატერიალური აქტივების გადაფასების თანხას - 74600 ლარი. საკუთარ კაპიტალში ცვლილებები დაკავშირებულია საანგარიშო პერიოდის მოგებასთან. საანგარიშო პერიოდის კონსოლიდირებულმა სააღრიცხვო წმინდა მოგებამ 219875 ლარი შეადგინა.

"24 საათი" საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გოგი ლოლაძეს ესაუბრა.

გოგი ლოლაძე: 23 სექტემბერს ბირჟის აქციონერთა კრებაზე მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი ემისიის გამოშვების შესახებ, რომლის შეთავაზებაც შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ NASDAQ-OMX-ისთვის მოხდეს.

- აქციების პაკეტის ექსკლუზიური უფლებით შეთავაზება რატომ გადაწყვიტეთ?

- ჩვენი მიზანია სტრატეგიული ინვესტორების შემოყვანა საქართველოს საფონდო ბირჟაზე. სასურველია, NASDAQ-OMX-ი ქართულ ბაზარზე შემოვიდეს, რაც საინვესტიციო ბაზრის ავტორიტეტის გაზრდას ხელს შეუწყობს.

- რამდენიმე ხნის წინ NASDAQ-OMX-მა საქართველოს საფონდო ბირჟის აქციების შესყიდვის სურვილი გამოხატა, მაგრამ მაშინ ამ პროცესს ხელი შეეშალა. დაწყებულია თუ არა მოლაპარაკებები და ტრანსაქცია, სავარაუდოდ, როდის განხორციელდება?

- ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. პარტნიორებთან პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათ შესაბამისი შეთავაზების წერილი უახლოეს პერიოდში წარედგინებათ. NASDAQ-OMX-ის დათანხმების შემთხვევაში ის საქართველოს საფონდო ბირჟის აქციათა 50 პროცენტს 1 ხმის მფლობელი გახდება.

- NASDAQ-OMX-ის ბირჟაზე შემოსვლა რას მოუტანს ადგილობრივ კომპანიებს.?

- ის სააქციო საზოგადოებები, რომლებიც ცდილობენ, უცხოეთის საფონდო ბირჟებზე აქციები განათავსონ და გარკვეული სირთულეებს აწყდებიან, NASDAQ-OMX-ის ბირჟაზე შემოსვლის შემთხვევაში უკვე შეძლებენ, საერთაშორისო შეთავაზება ქვეყნის შიგნით განახორციელონ.

- ბოლო ორი წლის მონაცემებით, გარე საბირჟო ვაჭრობის მოცულობა საფონდო ბირჟასთან შედარებით იზრდება, კომპანიების საკონტროლო პაკეტები ძირითადად გარე საბირჟო გარიგებების დროს გაიყიდა, არარსებულ ტენდენციას სხვადასხვაგვარად აფასებენ.. როგორია თქვენი მოსაზრება?

- ვეთანხმები იმ ექსპერტებს, რომლებიც გარესაბირჟო გარიგებების მოცულობის გაზრდას ორი წლის წინ მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირებენ. ვფიქრობ, ეს არის უარყოფითი ტენდენცია, რადგან გარესაბირჟო გარიგებების დროს უცნობია შეთავაზებული პაკეტის დეტალები და, ამდენად, გარიგება ბევრ ეჭვს ბადებს. რაც შეეხება საკონტროლო პაკეტს, ტრადიცულად, მისი გაყიდვა ბირჟის გარეთაც ხდებოდა და მსგავსი წესით ვაჭრობა მისაღებია.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014