იქ, სადაც სიცოცხლე გალიაშია
01 ოქტომბერი, 2009
342
print

რთული აღმოჩნდა ბოლო ორი დღე, რთული ნებისმიერითვის, ვისაც თეატრი უყვარს და ვინც 27 სექტემბერს თეატრალური ფესტივალის პირველ სპექტაკლს დაესწრო.

ოსკარას კორშუნოვასის "რომეო და ჯულიეტამ" თეატრალური ხარისხისა და კარგი თეატრის შიმშილი ისე გაგვიმძაფრა, ლამის წუთებს ვითვლიდით მეორემდე, ანუ გუშინდელ დღემდე, სანამ საფესტივალო პროგრამის მეორე საფეხურზე ავიდოდით. თუმცა, არ ვიცი ზუსტად, ავედით თუ ჩამოვქვეითდით. "ახალი თეატრი" პოლონეთიდან, წარმოდგენის სათაური - "ქარიშხალი", პირველადი ინფორმაციით შექსპირის კიდევ ერთი ინსცენირება. თუმცა პირველადი ინფორმაცია როდია ყოველთვის ზუსტი... წარმოდგენამ, რომელიც ვიხილეთ გარკვეული ასოციაციები, განცდები და იმპულსები ალბათ ზოგიერთისთვის დატოვა, თუმცაღა გაუგებრობის განცდამ მგონი ყოველივე დაჩრდილა...

რა იყო ეს? ალბათ უფრო შთაბეჭდილება, რომელიც პოლონელმა რეჟისორმა ოდესღაც შექსპირის საკმაოდ რთულად ინსცენირებადი პიესიდან მიიღო. ეს პიესა კომედიად დაწერილი "ქარიშხალია", თუმცა იანუშ ვიშნიევსკისათვის აღნიშნული ტექსტი აპოკალიფსური ასოციაციების აღმძვრელი გამოდგა. მაგრამ ამაში როდია დანაშაული, ანდა პრობლემა. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მეორე დადგმას, რომელიც გუშინ გვიან საღამოს დასრულდა მარჯანიშვილის თეატრში, რატომღაც სათაურად ასევე "ქარიშხალი" ერქვა, თუმცა წარმოდგენის ლიტერატურული საფუძველი აშკარად ეკლექტურია. ანოტაციაში ვკითხულობთ - შექსპირი, ელიოტი, ოდენი, იეშმუკი და ტექსტები სახარებიდან. ამას მე ანოტაციიდან ვკითხულობ... ტექსტი წარმოდგენაში უმნიშვნელოვანესი გახლდათ, - ამას კი პოლონურ ენაზე მოსმენილი მონოლოგების ხანგრძლიობის მიხედვიდ ვადგენ... სპექტაკლი თარგმანის გარეშე წარმოგვიდგინეს, შემოგვაშველეს ანოტაციები, სადაც დადგმის ცალკეული სცენების უზოგადესი მინიშნებები გახლდათ დაწერილი. სამწუხაროდ მაყურებლის უმრავლესობა სპექტაკლის დასრულებამდე ანოტაციას ვერ გაეცნო. ტავიდან ვერ მიხვდა მის აუცილებლობას, ზოგიერთსაც არ შეხვდა. მაგრამ საწყენი არაფერია, არც ანოტაცია მოიცავს დადგმის შინაარს, ეს კი აუცილებელი იყო, მით უფრო, რომ წარმოდგენა რამდენიმე ავტორის ნაწარმოებებიდან ამონარიდებს აერთიანებდა და მაყურებლისთვის სრულიად უცნობ ლიტერატურას წარმოაჩენდა. სუბტიტრების ნაკლებობამ თითქმის აბსოლუტურად მოგვწყვიტა მთავარს და ყურადღება ფორმაზე გადაგვატანინა. შესაბამისად დადგმა უცნობი და ამოუკითხავი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თავს იმითაც იიმედებდა, რომ თეატრის მომავალი სწორედაც რიტუალურ თეატრშია და აღნიშნული დადგმა სწორედ ამ მიმართულებას მიეკუთვნებოდა, რაც, ერთი მხრივ თუ შევხედავთ, არ არის შორს რეალობისგან.

მაგრამ, არაფერს და მით უფრო სცენაზე გათამაშებულ წარმოდგენას არ აქვს ერთი მხარე, და საკმაისია გადავხედოთ ავტორებს, რომელთა ტექსტებიც რეჟისორს გამოუყენებია, მაშინათვე მივხდებით, რაოდენ მეორეხარისხოვანი გახლდათ ფორმა, რომელიც პოლონურად ვერმოუბარმა მაყურებელმა მძაფრად რიტუალურ თეატრად აღიქვა. და მაინც, რადგან საუბარი ამ თემაზე ჩამოვარდა, თეატრი როგორიც არ უნდა იყოს ის, ყველა შემთხვევაში რიტუალირი ქმედებაა, თუმცა თუ საუბარი თეატრზეა და არა პერფორმანსზე, ის, ანუ თეატრი ბევრად მეტია ვიდრე რიტუალური პროცესია...

პროცესია - აი, ის, რამაც დაიკავა წარმოდგენის ბევრად მეტი ვიდრე ნახევარი. პერსონაჟები, რომელებიც სიმბოლურ-მეტაფორული ატრიბუტებით, ასევე სიმბოლური ხმების (მუსიკაში საინტერესოდ გამთლიანებული) თანხლებით მოძრაობდნენ, საკმაოდ დიდხანს ახდენდნენ საკუთარ სახეთა, ტიპაჟთა ფრონტალურ პრეზენტაციას. ეს ტიპაჟები სხვადასხვა საავტორო თეატრს მოგაგონებდათ, საიდანღაც აღებულ და გადმოტანილ სახეებს. მგონი, რამდენიმე კინოფილმსაც, განსაკუთრებით კინოვარიაციებს ფრანკენშტეინის თემაზე... ამ სრულიად უცვლელი და სახეებზე "მიყინული" ნიღბებით იქმნებოდა სცენები, კადრენი და უფრო სურათები. დიახ, კომპოზიციები, კრანახისეული აპოკალიფსური იმპულსებით. სხვათა შორის ჩემი ასოციაციები შესაძლოა არც თუ შორს იყოს რეალობისგასგან, იანუშ ვიშნიევსკი ხომ რეჟისორიც არის, დიზაინერიც და როგორც უკვე მოგვეხსენება, რეჟისორიც.

კიდევ რა მოხდა? რაღაცეები აშკარად მოხდა, მეტაფორული კომპოზიციები შექსპირიდან ნამდვილად იყო. სცენაზე იყვნენ უცხო გმირებიც, ყველა ძველი და ახალი ისტორიისთვის ნაცნობი, - სულებისა და გარდაცვლილების განმასახიერებელი ტიპიური სახეები. ზუსტად ვიცი, რომ მათ ტექსტებში და ამ ტექსტების გამთლიანებაში იყო ის, რასაც რეჟისორის ჩანაფიქრი ჰქვია და რაზეც ახლა უნდა გვესაუბრა, მაგრამ სავარაუდოდ ალბათ ტექნიკური გაუმართაობა ჰქვია იმას, რის გამოც ამ საუბარს ვერ ვახერხებთ. და რადგანაც მე ვერაფერი გავაწყვე და მით უფრო რეჟისორის ფილოსოფიას ვერ ჩავწვდი, ფორმამ კი აშკარად გადამღალა და ვერც მსახიობების ოსტატობამ დამაინტერესა, ვერც სახეთა განვითარებამ, რაც აშკარად არ გახლდათ მოცემული დადგმის მიზანი, გადავწყვიტე რეჟისორის ჩანაწერებში მოვძებნი რამე, თავშესაქცევი.

იანუშ ვიშნიევსკი: "თეატრის, როგორც კულტურული ფენომენის სიღრმისეულად განხილვისას, ხელოვნების ამ მიმართულების ძირითად არსს აღმოვაჩენთ. რაც დიალოგში და აზრთა კონფლიქტში მდგომარეობს. იქ ხდება გათავისება მოვლენათა არსისა, რაც აზრთა დაპირისპირებაში იბადება. თეატრი მუდმივად უთვალთვალებს და უკვირდება თანამედროვეობას (საზოგადოების კულტურულ, ანთროპოლოგიურ და სულიერ გამოვლინებებს) და მაყურებელში თანამონაწილეობის სურვილს აღძრავს. თეატრალური ხელოვნება მიზანმიმართულად ამთლიანებს შემოქმედს და მომხარებელს, მსახიობს და მაყურებელს, მიუხედავად მათი განსხვავებული თვისებებისა, რის საფუძველზეც სამყაროც ერთიანი ხდება.

მაშასადამე, ისმის კითხვა: რა არის ერთიანი ცნობიერება და როგორ მივაღწიოთ საზოგადოებაში მშვიდობიან თანაარსებობას.

ჩვენ თეატრალური ხელოვნებისადმი სიყვარული გვაერთიანებს. მაგრამ ვის ვუძღვნით და ვჩუქნით ამ სიყვარულს? დღევანდელ რეალობაში, ისე როგორც არასდროს, უნდა მოვუსმინოთ მოკარნახე დროს. რადგან თითქოს ყველაფერი სუსტდება და ძალას კარგავს, თითქოს ჩვენ მოსაზრებათა ნაგავსაყრელზე ვცხოვრობთ და ირგვლივ განსხვავებული თეორიებია მიმობნეული. ჩვენ ნაკლებად უზრუნველყოფილი ცხოვრების მომსწრენი ვართ და "ფასეულობათა ბიბლიოთეკაში" თავს ისე კომფორტულად ვეღარ ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში...

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სამყაროში რაღაც უფრო საშიში გაჩნდა: ადამიანურობის მცნება წარსულს ჩაბარდა. ამიტომაც მომავალი ჩვენ აღარ გვლოცავს.

თეატრის საშუალებით, ერთ მშვენიერ დღეს ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს დაფარული შიშებს დიდი ხანია უკვე ფარდა აეხადა.

შექსპირის, მოლიერის, გოეთეს, სოფოკლეს, მიცკევიჩის ნაწარმოებების კითხვისას, აღმოვაჩენთ, რომ ისინი ღმერთმა გვაჩუქა, რათა საკუთარი თავი უკეთ შევიცნოთ.

აღელვებულნი და შეშინებულნი, ჩვენი სათქმელის მოსატანად შესაფერის ფორმას ვეძებთ. და ამ დროს, დიდებული "წინაპრები" გვაქეზებენ და გვიბიძგებენ ერთ კითხვაზე პასუხის გასაცემად: სიყვარულის გარდა რა შეგვიძლია მივიღოთ ამ ქვეყნად, ეჭვის გარეშე?.."

სწორედ ეს და სხვა ტექსტები მაფიქრებინებ, რომ ის, რაც გუშინ საღამოს ვერ გავიგე, ამ ფილოსოფიურ ოპუსთან ახლოს არის და შესაბამისად უფრო ახლოს რაციონალურ განსჯასთან, ვიდრე სანახაობასთან, ცარიელ ფორმასთან. ერთი კი ვიცი ზუსტად, რომ რეჟისორის შიში, რომელსაც მასში ეჭვებით შეპყრობილი კაცობრიობა იწვევს ამ დადგმაშიც აისახა. დადგამაში, სადაც სიყვარულს და თავისუფლებას სიკვდილი ახშობს. სცენაზე ხომ ცოცხლებს გარდაცვლილები სჭარბობენ. აქეთ-იქით კი მტრედები, ყველაზე მეტად ცოცხლები მთელს ამ ორომტრიალში, გალიებში არიან გამოკეტილნი. შესაბამისად, საკმარისი გახდა ერთი თვალი შემევლო სცენისთვის და პლაკატური აზრი ამეკვიატა, რომ იქ, სადაც სიცოცხლე გალიაშია, სიკვდილის ზეობა უნდა დაიწყოს და პირადად ჩემთვის, სწორედ ეს დაიწყო სცენაზე. თუმცა, მეტისმეტად პირდაპირი გაგებით. მიცვალებულთა სიუხვის გარდა, დადგმა საერთოდაც ადამიანების სიკვდილის სხვადასხვა სცნებეს გვთავაზობს. და ჩემი აზრით, ძალიან შაბლონურ აზრს იმის შესახებ, რომ იქ სადაც სიკვდილის ზეიმია, ვიღაც, წითური, ცოცხალი და თანაც მდიდარი ტაფამწვარას იკეთებს...

სადღაც, სტატიის შუაგულში, ალბათ ისიც უნდა მეთქვა, რომ მაყურებლის გარკვეული ნაწილი სცენაზე იჯდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დადგმა მაინც ფრონტალურად ვითარდებოდა, მაყურებელთა დარბაზის მიმართულებით და ისიც, რომ სცენაზე მყოფი მაყურებელი ისეთივე ინერტული მონაწილე იყო მოქმედებისა, როგორც დარბაზში მყოფი. ასე რომ, ვფიქრობ, მაყურებელთა განლაგება მხოლოდ ერთგვარი ფანდია, რომელიც განსაკუთრებულობის მოლოდინს ამძაფრებს და სხვა არაფერი.

ცხადია, მკითხველი მიხვდა, რომ ამ დადგმით ამ სტატიის ავტორი მოხიბლული ნამდვილად არ დარჩა. მეტიც, ზღაპრებიდან გადმომხტარი ცნობადი და ბოროტი ტიპაჟების სიმრავლემ სცენაზე გადაღალა და თავი ვერც მუსიკალური და პონტომიმური სცენებით გაიხალისა. პოლონურად მოსმენილმა გრძელ-გრძელმა მონოლოგებმა ოდნავ ნერვებიც კი მოუშალა, მაგრამ მკითხველმა მაინც უნდა დაუშვას ვარაუდი, რომ სტატიის ავტორმა სპექტაკლი უბრალოდ ვერ გაიგო. ზუსტად ისე, როგორც მაყურებლის სრულმა უმრავლესობამ, რომლისთვისაც სპექტაკლის დასრულების შემდეგ ყველაზე აქტუალური და ამავდროულად ერთადერთი შეკითხვა გახლდათ: გაიგეთ რამე?

P.S. და მაინც აღვნიშნავ, რომ გუშინ მაყურებელთა შორის იყო რამდენიმე, სხვათა შორის კრიტიკოსი, რომელიც ჯერ მონოლოგებზე რეაგირებდა, - იცინოდა, ცმუკავდა, "აჰა!"-ს ამბობდა, მიუხედავად იმისა, რომ შინაარსი ისე ესმოდა, როგორც მე (ს.კ. : საგანგებოდ გადავამოწმე!), შემდეგ კი ოვაციებს უძღვნიდა სტუმრებს. ეს უკანასკნელი ალბათ ზრდილობის საკითხია, აი, პირველი კი - უთუოდ ჩვევის, ანდა ტრადიციის.

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში