53 მილიონი და ოთხი კომპანია
01 ოქტომბერი, 2009
481
print

თბილისის მერიის ახალი პროექტის ფარგლებში, 2011 წლამდე, ძველი თბილისის უბნებში მცხოვრები მინიმუმ 243 ოჯახი ახალ საცხოვრებელ სახლს მიიღებს, სამშენებლო სექტორი კი - 53 მილიონ ლარს.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ გუშინ მენაშენეებთან შეხვედრისას იმ კომპანიების ვინაობა დაასახელეს, რომლებმაც მერიის პროექტის "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს. ეს კომპანებია: "ეუბე ჯორჯია"; "კალასი" "ოლიმპიური ვარსკვლავი"; "აქსისი"; "ბაგები სითი ჯგუფი"; "ნიკე" და "არსი". კონკურსში კიდევ ოთხი სამშენებლო კომპანია იღებდა მონაწილეობას: "ჯორჯიან ჰაუსსი"; "ტექს ჯგუფი"; "ტიფლის საბურთალო"; "აკადემქალაქი და ოქროს კვეთი", როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ეს ოთხი კომპანია დაფინანსებას 10 დღის ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში მიიღებს.

ამ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ დოკუმენტაციის მოწესრიგებაზე უკვე მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ პრობლემები, რის გამოც მათ ათდღიანი ვადა მიეცათ, ზოგმა მათგანმა უკვე მოაგვარა. მათ შორის არის "ტიფლის დეველოპმენტის" შვილობილი კომპანია "ტიფლის საბურთალო".

"მერიას ამ ოთხი კომპანიის მიმართ საფუძვლიანი პრეტენზიები აქვს. კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ დავკარგეთ ერთ-ერთ ოჯახთან დადებული ხელშეკრულება. ჩვენ უკვე დავუკავშირდით მათ და ხელშეკრულებას თავიდან გავაფორმებთ. ასევე მეორე ლოტზე გამორჩენილი გვქონდა საკადასტრო რუკა. ამ პრობლემების მოგვარების შემთხვევაში ჩვენ ავტომატურად ჩავერთვებით პროგრამაში და მერიისგან დაფინანსებას მივიღებთ. შესწორებულ დოკუმენტებს მერიაში ორშაბათს მივიტანთ," - აცხადებს სამშენებლო კომპანია "ტიფლის დეველოპმენტის" დირექტორი გიორგი ზაქაიძე.

სამშენებლო კომპანა "ჯორჯიან ჰაუსს" გამოსაცდელი ვადა იმის გამო მიეცა, რომ მას ბანკისგან ჯერ კიდევ არ აქვს ოფიციალური თანხმობა სესხის მიღებასთან დაკავშირებით. არადა, ამ დოკუმენტის ქონა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა იყო. "ჩვენი ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ სესხის მიღებასთან დაკავშირებით ბანკის ოფიციალური თანხმობა არ გვაქვს. ეს საკითხი ბანკის მხრიდან ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია. იმედს ვიტოვებთ, რომ 10 დღის ვადაში საკითხი დადებითად გადაწყდება და ბანკთან ოფიციალურად გავაფორმებთ ხელშეკრულებას სესხის მიღების თაობაზე... ბანკის დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. იმ შემთხვევაში, თუკი მოცემულ ვადაში ვერ ჩავეტევით, კონკურსის მეორე ეტაპში მივიღებთ მონაწილეობას," - განაცხადა "24 საათთან" საუბრისას სამშენებლო კომპანია "ჯორჯიან ჰაუზის" დირექტორმა ირაკლი ლომთაძემ.

მერია რამდენიმე თვეში პროგრამის მეორე ეტაპის გამოცხადებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპში მონაწილეობა არ მიუღია პროექტის ერთ-ერთ ინიციატორს და თბილისის მენაშენეთა ასოციაციის წევრ სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტს". ამის მიზეზს კომპანიაში ვერ ასახელებენ. მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტი ირაკლი როსტომაშვილი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომპანია, რომელიც პროექტის განხორციელების მიზნით მოსახლეობასთან აქტიურად მუშაობდა, მონაწილეობას პროგრამის მეორე ეტაპში მიიღებს. ასევე ის სამშენებლო კომპანიები, რომლებიც პროგრამაში ჯერ არ ჩართულან ან ისინი, რომლებიც დოკუმენტაციის მოწესრიგებას მერიის მიერ მიცემულ ვადებში ვერ მოასწრებენ.

რაც შეეხება თავად პროექტს - "ძველი თბილისის ახალი სიციცხლე", ის მერიამ ეკონომიკური კრიზისის შემდეგ შეჩერებული მშენებლობების გასაგრძელებლად, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად და ქალაქის ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული საბინაო ფონდის გასაუმჯობესებლად ივნისის თვეში წარმოადგინა. პროექტის ფარგლებში სამშენებლო კომპანიები მოლაპარაკებებს მოსახლეობასთან და ბანკებთან აწარმოებენ. თანხმობის შემთხვევაში დეველოპერები მოსახლეობას საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალ, კომფორტულ სახლებში გადასვლას სთავაზობენ.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი ნებაყოფლობითია, მის დასრულებამდე მოსახლეობა ძველ საცხოვრებელ სახლებზე საკუთრების უფლებას სრულად ინარჩუნებს. ამავდროულად, დეველოპერული კომპანიები შეჩერებული მშენებლობების გასაგრძელებლად მოლაპარაკებებს საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან ახორციელებდნენ. მათ ბანკთან გარანტად სესხის გაცემაზე სახელმწიფო უდგება, რაც რისკს მინიმუმამდე ამცირებს. როგორც თბილისის მერიაში და დეველოპერულ კომპანიებში აცხადებენ, პროექტი სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკური პრობლემების დაძლევა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. "დღევანდელი დღე ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ჩვენ შევქმენით წარმატებული მოდელი იმისა, თუ როგორ შეიძლება, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა მოსახლეობის წინაშე მდგარი მწვავე პრობლემები ერთობლივად გადაჭრან. ეს არის ჯანსაღი თანამშრომლობის მაგალითი," - აღნიშნა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.

"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში თერთმეტმა კომპანიამ 13 პაკეტად 25 ლოტი წარადგინა. მათგან 7 ლოტი არ დაფინანსდა. მერიის მიერ ერთ კვადარატულ მეტრ ფართზე გადახდილი მიწის საშუალო ფასი 750 დოლარია. 7 კომპანიის მიერ წარდგენილი პროექტების შესაბამისად, რომლებიც უკვე გამარჯვებულები არიან, საცხოვრებელი პირობები 2011 წლამდე 243 ოჯახს გაუუმჯობესდება, სახელმწიფოს საკუთრებაში კი ქალაქის სხვადასხვა უბანში 33 000 კვ მეტრი ფართობი დარჩება.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე კომპანიების დაფინანსების სურვილი ოთხმა ბანკმა გამოთქვა. ესენია "საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი", "ბანკი რესპუბლიკა" და "ბანკი ქართუ". მათგან ყველაზე მეტს - 5 პროექტს "საქართველოს ბანკი" დააფინანსებს.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014