მთავრობამ ქამრები გვიან შემოიჭირა
01 ოქტომბერი, 2009
237
print

ეკონომიკური კვლევის ცენტრი გასულ წელს შესაბამისი სფეროს ეკონომიკური ექსპერტების მიერ დაფუძნდა.

მისი ამოცანა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზია. ეკონომიკური ცენტრის კვლევის ობიექტივში, რომელიც ფონდ "ღია საზოგადოების" ფინანსური მხარდაჭერით ფუნქციონირებს, 2009 წლის ბიუჯეტი მოექცა. კერძოდ, ორგანიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის და ხარჯების სწორად გადანაწილების საკითხს სწავლობს.

სახელმწიფო ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა და მისი შესრულება ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურულ განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. შესაბამისად, აუცილებელია ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი, პრიორიტეტების ანალიზი და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართვა," - ამბობს კვლევის ავტორი, ეკონომიკური ექსპერტი დავით ნარმანია.

საქართველოს 2009 წლის ბიუჯეტი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში (საგადასახადო შემოსავლების კუთხით) ნახევარი მილიარდი ლარით ანუ დაგეგმილის (4,76 მილიარდი ლარი) 10,6 პროცენტით შემცირდა. ამ ფონზე კიდევ უფრო არაადეკვატურად გამოიყურება 2009 წლის ბიუჯეტში ხარჯების ზრდა და სხვაობის სახელმწიფო ვალით დაფინანსების მცდელობა. ამდენად, ექსპერტების შეფასებით, 2009 წლის ბიუჯეტის ერთ-ერთ ნაკლოვანებად მისი, როგორც მაკროეკონომიკური დოკუმენტის, სისუსტე წარმოადგენს. "გარკვეული მიზეზების გამო ბიუჯეტი დღემდე ოპტიმისტურია და ბევრ ისეთ ხარჯს ითვალისწინებს, რომელთა დაფინანსებაც საბიუჯეტო შემოსავლების დეფიციტის გამო ვერ მოხერხდება. მთავრობა იძულებული იქნება, კიდევ უფრო გაზარდოს ვალის მოცულობა, კერძოდ კი, შიდა ვალის მოცულობა სახაზინო ვალდებულებების სახით. რითაც ამცირებს ადგილობრივ ფინანსურ ბაზრებზე საკრედიტო რესურსების მოცულობას. ეს თავის მხრივ შეამცირებს ისედაც შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას," - ამბობს დავით ნარმანია.

ფინანსური კრიზისის გაღრმავების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის მიერ 2009 წლის იანვარში ეგრეთ წოდებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა გამოცხადდა, რომელიც, პარლამენტის მხარდაჭერის მიუხედავად, ბიუჯეტზე აისახა ექვსი თვის დაგვიანებით, 2009 წლის 11 ივლისს შეტანილი ცვლილებების შედეგად.

ეკონომიკური კვლევის ცენტრიც 2009 წლის 11 ივლისს განხორციელებულ ცვლილებებს დაეყრდნო და "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის უმთავრესი ინსტრუმენტის მონიტორინგი ამ კუთხით განახორციელა.

როგორც დავითა ნარმანია განმარტავს, მთავრობას ხარჯები კი არ შეუმცირებია, არამედ მათი გადანაწილება მოხდა.

2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით, გაიზარდა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების ხარჯები. საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, საშინაო-კომუნალური მეურნეობის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის ხარჯები. საბოლოო ჯამში ბიუჯეტის ხარჯები გაზრდილი იქნა 195,617.5 ათასი ლარით (4,7 პროცენტით).

"ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა განსხვავებული პრინციპებით განახორციელეს. როგორც დავით ნარმანია განმარტავს, "თუ ხარჯების მონიტორინგს ჩავატარებთ, ანალიზის საფუძველზე ცხადი ხდება, რომ ზოგიერთმა დაწესებულებამ ხარჯები გაზარდა კიდეც". კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ხარჯები გაზარდა ფინანსთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

ნაცვლად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოს შეეზღუდა თანამდებობრივი სარგოების და პრემიების, დანამატების და დახმარებების გაცემა, პირიქით მოხდა და "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის პირობებში "მწვანე შუქი" მისცა დაწესებულებებს ადმინისტრაციული ხარჯების გასაწევად.

ეკონომიკური კვლევის ცენტრის ექსპერტების შეფასებით, "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის ფონზე მთავრობა არაეფექტური ხარჯებსაც ეწევა. კერძოდ, ქვეყნისთვის სუვერენული რეიტინგის მინიჭებისათვის გაწეულმა ხარჯმა 400 ათასი ლარი შეადგინა. ასევე "საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს" შექმნა და ფუნქციონირება 208.1 ათასი ლარით ფინანსდება, ეროვნული სამეცნიერო აუდიტი - 140 ათასი ლარი, პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამები - 25,890 ათასი ლარი, პროგრამა მუნიციპალიტეტეის დასახლებაში მცხოვრები ოჯახების მინერალური სასუქით მომარაგების ხარჯები (ამონიუმის გვარჯილა) - 23,930.5 ათასი ლარი. 230 ათასი ლარითაა გაზრდილი სატყეო დეპარტამენტის საქონლისა და მომსახურების შესაძენი ხარჯები, ხოლო 400 ათასი ლარით - სატყეო ღონისძიებების ხარჯები. სხვადასხვა სამინისტროების მიერ გაწეულია ტელე და სხვა სარეკლამო ხარჯები, რომელთა ნაწილი არ ითვლება, როგორც სოციალური სახის რეკლამა.

ეკონომიკური კვლევის ცენტრი 2009 წლის ბიუჯეტის "ქამრების შემოჭერის" მონიტორინგს აგრძელებს. როგორც დავით ნარმანია განმარტავს, მალე მისი ორგანიზაცია საზოგადოებას კვლევის უფრო დეტალურ შედეგებს გააცნობს.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014