უამინდობამ 100 000 ტონა ხორბალი გაანადგურა
16 სექტემბერი, 2009
421
print

სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს საქართველოში 600 000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობის დამუშავებას და გასულ წელთან შედარებით 15 პროცენტით მეტი თავთავიანი კულტურების დათესვას მოელოდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელის პროგნოზით ამ ზაფხულს ფერმერებს ერთ ჰექტარზე საშუალოდ 1,6 ტონა ხორბალი უნდა აეღოთ (გასულ წელს 1 ჰექტარზე ხორბლის საშუალო მოსავალი 2 ტონას შეადგენდა). ხორბლის წლევანდელი მოსავლის გაზრდის პროგნოზის საფუძვლად სამინისტრო ქართლსა და კახეთში ნათესების ფართობის გაზრდას ასახელებდა. პროგნოზი არ გამართლდა.

წელს საქართველოში ბოლო წლებში ხორბლის ყველაზე დაბალი მოსავალი მოვიდა. ადრე გაზაფხულზე დაწყებული გვალვისა და ზაფხულში მოსული ჭარბი ნალექის გამო მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა. მოსავლის მკვეთრ შემცირებას, უამინდობასთან ერთად, ტექნიკის უქონლობამაც შეუწყო ხელი. ზარალი იმდენად დიდია, რომ მომავალ წელს გლეხებმა შესაძლოა მიწის დამუშავება ვეღარ შეძლონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა წლის განმავლობაში 800 ათას ტონა სასურსათო ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში საქართველოში მოყვანილი ხორბალი საერთო მოხმარების 20 პროცენტს შეადგენდა. შარშან საქართველოში 125 ათასი ტონა ხორბალი მოვიდა, წლევანდელი მოსავალი კი დაახლოებით 105 000 ტონაა, რაც ქვეყნის საერთო მოხმარების მხოლოდ 10 პროცენტს დააკმაყოფილებს.“საქართველოს ბეღლად" წოდებულ შირაქში წელს ხორბლის რეკორდულად მცირე მოსავალი მოვიდა.

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ გონაშვილი ამბობს, რომ “ძალიან მცირეა იმ გლეხების რაოდენობა, რომლებმაც ჰექტარზე ერთი ტონა ან ტონაზე მეტი მოსავალი აიღეს". ზოგმა გლეხმა მოსავლის სიმცირის გამო ყანაში კომბაინის შეყვანაზე საერთოდ უარი თქვა.“ხორბალი 15 ჰექტარზე დავთესე. გვალვის გამო ნათესი არ გაიზარდა. ყანაში კომბაინი სიმბოლურად შევიყვანე. აღებული მოსავლით ხარჯს ვერ დავფარავ. არადა, ვალი მაქვს აღებული. ანალოგიურ მდგომარეობაშია უამრავი ადამიანი. მომავალ წელს მიწის დამუშავების აღარც ფინანსური საშუალება მაქვს და აღარც სურვილი. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ვალი რით გადავიხადო," - ამბობს დედოფლისწყაროელი ილია ზურაშვილი.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს საქართველოში ხორბალი 70 000 ჰექტარზე დაითესა. “ქვემო კახეთი ძალიან დაზარალდა. კახეთში საშუალო მოსავალი, როგორც წესი, ჰექტარზე 2-2,5 ტონა ხორბალს შეადგენს. წელს შირაქში ჰექტარზე დაახლოებით 1100-1200 კგ. ხორბალი მივიღეთ. ცუდი მდგომარეობაა ქვემო ქართლშიც, სადაც მოსავალი ჭარბმა ნალექმა გაანადგურა. ბოლნისის რაიონი ორჯერ დაისეტყვა. მოსავლის 60 პროცენტი განადგურდა სამცხე-ჯავახეთშიც. შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო შიდა ქართლში, სადაც ჰექტარზე საშუალოდ 1500 კგ. ხორბალი მოვიდა. ხაშურსა და ქარელში მოსავლის ნაწილი ჯერ კიდევ ასაღებია. შეიძლება ითქვას, რომ წელს უამინდობის გამო დაახლოებით 100 000 ტონა ხორბალი დავკარგეთ," - ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე კევლიშვილი.უამინდობისგან დაზარალებულ რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შექმნილი სპეციალური კომისიები ზარალს ითვლიან. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მოსავლის 50 პროცენტი განადგურებულია, ფერმერები მიწის გადასახადისგან გათავისუფლდებიან. დაზარალებულ გლეხებს მთავრობა სასუქითაც დაეხმარება. ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხი კი ამ ეტაპზე არ განიხილება.საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ახლა უკვე ხორბლის იმპორტის გაზრდას პროგონოზირებს.

“გვალვამ ხორბლის მოსავალი კახეთში მნიშვნელოვნად შეამცირა. მართალია, ნათესების გარკვეული წილი ქართლშიც გვქონდა და მოსავლის მხრივ იქ უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ იმპორტირებული ხორბლის წილის გაზრდა მაინც მოგვიწევს," - აცხადებს კვეზერელი.საქართველოს იმპორტული ხორბალი ძირითადად რუსეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან შემოაქვს. წელს ხორბლის მთავარი იმპორტიორი, სავარაუდოდ, უკრაინა იქნება. უკრაინაში წელს რეკორდული მოსავალი - 21 მილიონი ტონა ხორბალი მოვიდა. უკრაინული ხორბლის შემოტანის საკითხზე მოლაპარაკებები თბილისში ვიზიტით მყოფ უკრაინის ხორბლის ასოციაციის წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის უკვე გაიმართა. ამჟამად მსოფლიო ბაზარზე 1 ტონა ხორბალი 250 აშშ დოლარი ღირს.რატომ არ გამართლდა პროგნოზები?ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მონაცემებით, უკანასკნელ დროს მნიშვნელოვნად მცირდება ერთ სულზე წარმოებული უმნიშვნელოვანესი სასურსათო პროდუქტების რაოდენობა. მაგალითად, 2005 წლიდან 2007 წლამდე ხორბლის წარმოება ერთ სულზე 44-დან 17 კგ-მდე შემცირდა. სტატისტიკური მონაცემებით, 1990 წლიდან 2007 წლამდე ნათესი ფართობები 700 000-დან 297 000 ჰექტრამდე შემცირდა, მარცვლეული კულტურების, მზესუმზირისა და ბაღჩეულის ნათესები კი განახევრდა.ექსპერტთა მოსაზრებით, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობას წვრილი მეურნეობების მაღალი ხვედრითი წილი და იმ მეურნეობათა მცირე რიცხვი აფერხებს, რომლებიც მსხვილ ნაკვეთებს ფლობენ. გასულ წელს 726 021 მეურნეობიდან 10 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთს მხოლოდ 5 030 მეურნეობა, ანუ მეურნეობათა საერთო რიცხვის მხოლოდ 7 პროცენტი ფლობდა.ბოლო წლებში სასოფლო-სამეურნეო კულტურები სულ უფრო ნაკლებად მოჰყავთ, რაც წარმოებაზე გაწეული მაღალი დანახარჯებით და, უცხოურ პროდუქციასთან შედარებით, მისი არაკონკურენტუნარიანობითაა გამოწვეული.

სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის შემცირების გამო, საკუთრებაში გადაცემული და დაუმუშავებლად დატოვებული მიწის ფართობი ყოველწლიურად იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული დაუმუშავებელი რჩება. არაოფიციალური მონაცემებით, დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთები გაცილებით მეტია და ზოგ რაიონში სავარგულების 50 პროცენტსაც კი აღემატება.

საქართველოში ხორბლის ადგილობრივი წარმოების გასაზრდელად მთავრობა მასშტაბური სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას აპირებს. მსგავსი პროგრამები აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და ეგვიპტეში უკვე განახორციელეს და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს. სამთავრობო პროგრამის ჯერაც დაუზუსტებელი დეტალებით აქცენტი სათესლე მეურნეობების შექმნაზე გაკეთდება. როგორც “საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე" არკადი მექერიშვილი მიიჩნევს, ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ ხორბლის საერთო მოხმარების 60 პროცენტი ადგილობრივი წარმოების პროდუქტით დააკმაყოფილოს.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014