სამი სიახლე “საქართველოს ბანკისგან”
02 ოქტომბერი, 2009
379
print

“საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობის დეტალები გააცხადა.

“დავაფინანსებთ ოთხი სამშენებლო კომპანიის პროექტებს. ეს არის “არსის" საცხოვრებელი კომპლექსი “ორთაჭალის ტურფა" და კომპლექსი ავლაბარში. “ოლიმპიური ვარსკვლავის" მშენებლობა შარტავას ქუჩაზე, კომპანია “კალასის" საცხოვრებელი სახლი “ვაკე პალასი" და “ბაგები სითი ჯგუფის" საცხოვრებელი კომპლექსი “პარკ პალასი". ამ ოთხი პროექტის ფარგლებში მშენებლობა ამ თვეში განახლდება. სამშენებლო კომპანიების პროექტების შესაძლო ჯამური დაფინანსება 18 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს," - განაცხადა ირაკლი გილაურმა.

გილაურის განმარტებით, მერიის პროექტი თვალსაჩინოა იმით, რომ ბანკს აქვს მხოლოდ მშენებლობის დასრულების რისკი. “ბანკში მოვიდა 12 კომპანია და მხოლოდ 4 კომპანიის მიერ წარმოდგენილ პროექტებზე ვთქვით თანხმობა. თუმცა მანამდე ჩვენ დავაფინანსეთ რამდენიმე სამშენებლო პროექტი, რომელიც კომერციულად მომგებიანი იყო. სამშენებლო სექტორის უფრო ეფექტურად დაფინანსებისათვის ბანკში ახალ სტრუქტურას ვქმნით. გვაქვს იდეა იმასთან დაკავშირებით, როგორ შევამციროთ წინასწარი გადახდის რისკები. ეს პროექტი მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს სამშენებლო სექტორს. საქართველოს ბანკის მთლიანი სესხების პორტფელი ამ ეტაპზე 1,6 მილიარდი ლარია. აქედან იპოთეკა არის 340 მილიონი ლარი. ფიზიკურ პირებზე კი იპოთეკის მოცულობა 886 მილიონი ლარია. ბანკი ბოლო თვეებში იპოთეკურ სესხებს 6-7 მილიონი ლარის ფარგლებში გასცემს," - ამბობს ირაკლი გილაური.

მეორე სიახლე, რომლის შესახებაც ბანკის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაა. ბანკი საპროცენტო განაკვეთებს დეპოზიტის ტიპის მიხედვით 15 ოქტომბრიდან 0,25 და 0,5 პროცენტით შეამცირებს.

“2009 წლის მაისიდან “საქართველოს ბანკში" კლიენტთა დეპოზიტები მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ზრდამ პიკს აგვისტოს თვეში მიაღწია, როდესაც კლიენტთა მთლიანი დეპოზიტები 72,6 მილიონი ლარით გაიზარდა. მათ შორის ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდამ 50 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2009 წლის პირველი ნახევრისათვის ბანკის კლიენტთა დეპოზიტებმა თითქმის 1 მილიარდი ლარი შეადგინა," - განაცხადა ირაკლი გილაურმა.

ბანკმა ასევე გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც 2009 წლის 15 ივნისამდე საკრედიტო ბარათებზე ერიცხება წარმოშობილი დავალიანება, ბანკი სთავაზობს ვალდებულებების რესტრუქტურიზაციას. რესტრუქტურიზაცია გულისხმობს საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების გადანაწილებას 24 თვემდე ვადაზე და ყოველთვიურად დასაფარი ფიქსირებული თანხის დადგენას, მაქსიმუმ 125 ლარამდე თვეში. აღსანიშნავია, რომ ვალდებულებაზე პროცენტის დარიცხვა არ მოხდება. არ იცვლება დავალიანების დაფარვის პირობები - მომხმარებელს კვლავ შეეძლება, მისთვის დადგენილ თარიღში გადაიხადოს.

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა