ერთი უხერხული ზარის შესახებ
02 ოქტომბერი, 2009
337
print

ეს ამბავი საქართველოში რომ მომხდარიყო, ვერავინ გაიგებდა და ცხადია, არც საერთაშორისო მასშტაბის კურიოზად იქცეოდა ასეთი რამ ხომ აქ თითქმის ყოველ დღე ხდება. საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ ბროდვეის ცნობილი დადგმა “ხანგრძლივი წვიმა” ხუთი წუთის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო შეჩერდა, რომ დარბაზში, თანაც წინა რიგში, მობილური ტელეფონის ზარი გაისმა. დღეს ამ ზარის ხმას მილიონობით ადამიანი ცნობს, რადგან სპექტაკლის მსვლელობისას გადაღებული სატელეფონო ჩანაწერი “იუტუბის” პორტალზეა განთავსებული.

ახლა კი ამ მოვლენის მონაწილეებს გაგაცნობთ: მთავარ როლშია ჰიუ ჯეკმანი, მეორე ხარისხოვანში დენიელ კრეიგი. როგორც იცით, ორივე ჰოლივუდის ვარსკვლავია, თუმცა ტიპიური ჰოლივუდელებისგან განსხვავებით ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა თეატრალურ დადგმაში, ჯეკმანი კი სულაც ბროდვეის ერთ-ერთ წამყვან მსახიობად მიიჩნევა. კრეიგთან ერთად “ხანგრძლივ წვიმაში” რამდენიმე კვირაა თამაშობს, მაგრამ ასეთი სპექტაკლი ჯერ არ ჰქონიათ: ერთ-ერთ სცენაში, როდესაც დანიელ კრეიგის პერსონაჟი სცენის შუაში სკამზე ზის, ხოლო ჯეკმანის გმირი მონოლოგით გამოდის, რის დროსაც ნერვულად დადის, მობილურის ხმა გაისმა. ისე რომ როლიდან არ გამოსულა, ჯეკმანმა ტელეფონის პატრონს მიმართა: “გინდათ უპასუხოთ?.. უპასუხეთ, არ არის პრობლემა. ჩვენ მანამდე დაგელოდებით. ნუ გერიდებათ, ამოიღეთ ტელეფონი და უპასუხეთ”. მართალია, მის სიტყვებს დარბაზის მქუხარე აპლოდისმენტი და მსახიობის მისამართით საქებარი შეძახილები მოჰყვა, საეჭვოა ჯეკმანი ამ დროს გართობის ხასიათზე ყოფილიყო, რაც სახეზე აშკარად ეტყობოდა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ტელეფონის ზარი არა და არ წყდებოდა, პატრონი კი არც პასუხს აპირებდა და არც მის გამორთვას. აღნიშნული სცენა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რასაც ვერც დანიელ კრეიგმა გაუძლო და რამდენიმე კომენტარი მანაც გააკეთა.

ის რაც ბროდვეიზე მოხდა, ჩვენთან ლამის ტრადიციადაა ქცეული. მაყურებლის გარკვეული ნაწილი არად აგდებს სპექტაკლის ან კონცერტის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებას მობილური ტელეფონების გამორთვასთან, უკიდურეს შემთხვევში, ხმის ჩაწევასთან დაკავშირებით, რასაც საკმაოდ უხერხული სიტუაციები მოჰყვება ხოლმე მთავარი დაზარალებული კი სცენაზე მყოფი ადამიანების გარდა თავად ტელეფონის პატრონია. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ის ამ დროს საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში ვარდება (უფრო სწორად, თავს იგდებს). გაცილებით უარესი სიტუაციაა კინოთეატრებში. აქ, არა თუ არ რთავენ ტელეფონებს, არამედ ზარებსაც პასუხობენ. მოგეხსენებათ, კინოდარბაზში როგორი ხმაურია, ასეთ პირობებში სატელეფონო საუბარი კი ძალიან ხმაურიანი გამოდის.

რაც შეეხება სკანდალური ამბის მომსწრე სპექტაკლს, კიტ ჰაფას პიესის მიხედვით დადგმული “ხანგრძლივი წვიმა” ორი მეგობარი პოლიციელის ურთიერთობაზეა. მათი მეგობრობა უეცრად კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება, როდესაც ოჯახური კონფლიქტისას, რომლის გასანეიტრალებლად მათ იძახებენ, პატარა ბიჭუნა იღუპება. ახლა კი მეგობრები იძულებული არიან, ამ ფატალური შეცდომის რეალური დამნაშავე გამოააშკარაონ - არჩევანი კი დიდი არაა, დამნაშავე ერთ-ერთი მათგანია...

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში