ქართული თეატრის ვარსკვლავი
16 სექტემბერი, 2009
385
print

ამ თითქმის ორმოცი წლის წინათ, როცა მედეა ჩახავას დაბადების ნახევარსაუკუნოვანი იუბილე აღინიშნებოდა, გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში" პატარა მისალოცი წერილი დავბეჭდე. “თაობის ვარსვლავი" ასე ერქვა იმ წერილს.

იმ დროს, როცა ჯამდებოდა ამ დიდებული მსახიობის მიერ განვლილი გზა, მისი შემოქმედებითი რაობა, იგი ნამდვილად გახლდათ თავისი თაობის ვარსკვლავი. მან ეს წოდება თავისი დიდი ტალანტით მოიპოვა, იმ წლებში ეს ვარსკვლავი დიმიტრი ალექსიძის და მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლებში კაშკაშებდა. ვარსკვლავი, უწინარეს ყოვლისა, თავის თაობაში აკაშკაშდება ხოლმე, თავის თაობას გააბრწყინებს.ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ იმის მოწმე, თუ რაოდენ ხანმოკლეა ვარსკვლავის ელვარება, გამოანათებს და ქრება - ვარსკვლავი უფრო ადრე ქრება, ვიდრე იმისი სიცოცხლე, ვისი ვარსკვლავიც აენთო.

მედეა ჩახავას შემოქმედებითი ბედი სულ სხვაგვარად წარიმართა - მან არა მხოლოდ დიდი ხანი მოითია ამ წუთისოფელში, წლებმა, შემოქმედებითმა ცხოვრებამ კიდევ უფრო გამოავლინა მისი ტალანტი, ააელვარა ვარსკვლავი, თუ ადრეულ წლებში დიმიტრი ალექსიძის, მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლებს აბრწყინებდა, მოგვიანებით ასევე ელვარებდა რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის სპექტაკლებში. იცვლებოდა დრო, იცვლებოდა თეატრალური ტენდენციები, რაც მთავარია იცვლებოდა რუსთაველის თეატრის ესთეტიკა, სარეჟისორო, თუ საშემსრულებლო მანერა, მაგრამ მედეა ჩახავა ყოველთვის საჭირო იყო, მედეა ჩახავას ტალანტი ყოველ ესთეტიკაში “ეწერებოდა."ამიტომ დღეს, როცა მან მშვიდად დატოვა ზესთასოფელი და წავიდა იქ, სადაც ელოდნენ (არაერთხელ ღიმილით უთქვამს იქაც მომელიანო და ამით იმას ადასტურებდა, რომ დროს სძლია), იგი წავიდა როგორც ქართული თეატრის ვარსკვლავი. თაობის ვარსკვლავობიდან ქართული თეატრის ვარსკვლავობამდე გზა ტალანტმა ლამის ღიმილით გაავლევინა.

მედიკოც წავიდა. წავიდა ისე, როგორც მედიკო უნდა წასულიყო - მორჭმული, მშვიდი, რადგან ამ სოფლის ვალი არ მიჰქონდა თან, ღიმილით, შეუერთდა დიდებულ ქართველ მსახიობ ქალთა გალერეიას, ჩვენ კი ბევრი რამ დაგვიტოვა - ქართული შემოქმედებითი საუნჯის ამავსებელი სასიამოვნო წამები, წუთები.

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში