ლიდა პლახა, ეფემია, ამარანტა, სარე, მელა …
08 სექტემბერი, 2009
531
print

"მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ სპექტაკლის დამთავრებისთანავე თეატრი კვდება, მაგრამ რატომაა, რომ ჩემში აქამდე ცოცხლობენ შენს მიერ განსახიერებული სახეები? ასე მგონია ისინი მუდამ ჩემს გვერდით არიან, ყველა იმათ გვერდით, ვისაც ისინი ახსოვს", - მიხეილ თუმანიშვილი

2008 წლის 10 ივნისს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ რონალდ ჰარვუდის ნაწარმოების მიხედვით დადგა სპექტაკლი, სახელწოდებით "მოხუცი ჯამბაზები", სადაც მაყურებლის წინაშე უფროსი თაობის მსახიობები წარსდგნენ. ამ დადგმაში განსახიერებული ელისოს როლი მედეა ჩახავასთვის უკანასკნელი აღმოჩნდა... ის 88 წლის ასაკში გამოგვეთხოვა.

მაყურებელს მან თავი არაერთი თეატრალური თუ კინოროლით დაამახსოვრა. ის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, იყო სასურველი პარტნიორი და ბევრისთვის საყვარელი მსახიობი. ამ ყველაფერთან ერთად, მუდამ მომღიმარი და სიცოცხლის მოყვარული ქალბატონი მედეა ჟურნალისტების საყვარელი რეპსოდენტიც გახლდათ... მოსაგონარი მას მართლაც ბევრი ჰქონდა...

მედეა ჩახავა 1921 წლის 15 მაისს, მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში დაიბადა. 1944 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრში, რომლის სცენაზეც არაერთი მნიშვნელოვანი სახე შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია: ჯენევრა ("ღრმა ფესვები"), მაშენკა ("ზოგჯერ ბრძენიც შეცდება"), გაიანე ("ჩაძირული ქვები"), მაიკო ორბელიანი ("ნიკოლოზ ბარათაშვილი"), ეთერი ("მისი ვარსკვლავი"), ლიდა პლახა ("ადამიანებო იყავით ფხიზლად"), ეფემია ("პეპო"), გაიანე ("რალატი"), ამარანტა ("ესპანელი მღვდელი"), თინა ("ტარიელ გოლუა"), კლარა ("ფილოსოფიის დოქტორი"), სარე ("ეზოში ავი ძაღლია"), იამზე ("ამბავი სიყვარულისა"), ოფელია ("ჰამლეტი"), მარგარიტა ("ფიროსმანი"), მელა ("ჭინჭრაქა"), მარი ოქტომბერი ("შეხვედრა"), მანდა ("შუშის სამხეცე"), მარიამი ("გვადი ბიგვა"), კნეინა ჩიტუნია ("გუშინდელნი"), მარია ხოსეფა ("ბერბარდა ალბას სახლი"), რუსულის მასწავლებელი ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), მარგარეტ ("რიჩარდ III"), პუპლია ("შორაპნელი ქალბატონები") და სხვა.

"... იმ წლების თეატრის სახეს ბატონი დოდო ალექსიძე და ბატონი მიშა თუმანიშვილი ქმნიდნენ. მათმა შემოქმდებითმა ჭიდილმა ქართულ თეატრს ბევრი რამ შესძინა", - იხსენებდა მსახიობი 1992 წელს ჟურნალში, სახელწოდებით "თეატრი და ცხოვრება", გამოქვეყნებულ ინტერვიუში. მან მუშაობა სწორედ იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც ქართული თეატრი განვითარების ახალ ეტაპზე გადადიოდა. იმ დროს ახალგაზრდების ნიჭიერი თაობა ძველის გაანალიზებასა და შეცვლას ნოვატორ რეჟისორებთან ერთად ცდილობდა. გავა წლები და მედეა ჩახავასთან თანამშრომლობით აღფრთოვანებული მიხეილ თუმანიშვილი მისდამი მიძღვნილ წერილში იტყვის: "... მე მინდა გითხრა ძალზე ალერსიანი, ლამაზი, კარგი სიტყვები და ამით გამოვხატო ჩემი შენდამი სიყვარული, ჩემო კეთილო, ლამაზო, ერთგულო და საყვარელო მსახიობო! რამდენი რეპეტიცია ჩაგვიტარებია ერთად, რამდენს ვეძებდით, რამდენი გამარჯვება და რამდენი ჩავარდნა გვიგემნია. ვიყავით ბედნიერნი, თეატრის სიყვარულით აღსავსენი. რამდენ სიხარულს ანიჭებდი ხალხს! განა ეს ცოტაა? მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ სპექტაკლის დამთავრებისთანავე თეატრი კვდება, მაგრამ რატომაა, რომ ჩემში აქამდე ცოცხლობენ შენ მიერ განსახიერებული სახეები? ასე მგონია ისინი მუდამ ჩემს გვერდით არიან, ყველა იმათ გვერდით, ვისაც ისინი ახსოვს. როდესაც ქალაქის ძველ შუკებში დავხეტიალობ და ზედა სართულების ხის აივნებს შევყურებ, სულ მგონია, რომ იქ ფეფელა ცხოვრობს, ან როდესაც თბილისის დიდ ეზოებში შევდივარ, თვალებს ვაცეცებ, იქნებ შენს სარეს შევხვდე. რა კარგია, რომ სარე ფირზეა არბეჭდილი. ხშირად ვხვდები სიყვარულით აღტკინებულ, არაჩვეულებრივად ქალურ ამარანტას, ან გამოუვალი მდგომარეობისგან მღელვარე ლიდა მატისოვას. მიტინგებზე კი შენს პლახას ვხედავ. ხშირად ვიხსენებ შენი გაიანეს სიცილს, რომელსაც დარბაისელი ნინო დავითაშვილის გვერდით თამაშობდი. მესმის მელიის კეკლუცი ინტონაციები "ჭინჭრაქადან", ან მარიამის ("გვადი ბიგვა") მელოდიური "გვადი-ი მუჭი რექი სქანი გოლუაფირო". შემიძლია უსასრულოდ გავიხსენო ჩვენი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წლები. შენ ბედნიერი მსახიობი ხარ, ბედნიერი დედა, ბებია და დიდი ბებია! ამას წინათ გაზეთში წავიკითხე მაკას ინტერვიუ და განვცვიფრდი, რომ ჩვენი პეპიკი "ფილოსოფიის დოქტორიდან" არაჩვეულებრივად ჭკვიან, კეთილ და ღირშესანიშნავ ქალბატონად იქცა. განა ეს არ არის ბედნიერება? შენს ყველაზე დიდი წარმატებაზე - თემურზე, არაფერს ვიტყვი. ამას წინათ, ჩვენი თეატრის ერთი მსახიობი გათხოვდა და ერთი თვის მერე გამოგვიცხადა, რომ მისთვის სცენაზე გამოსვლა აღარ შეიძლება. მე ვუთხარი, რომ შენ "ამერიკის ხმაში" რვა თვის ფეხმძიმე თამაშობდი და საწყალ გოგი გეგეჭკორს მიზანსცენის მიხედვით ორი სულის ხელში აყვანა უხდებოდა. მგონი ივიკოზე იყავი ფეხმძიმედ. ჩვენ ბევრს ვიცინოდით, როცა გოგის "გაჭირვებას" ვუყურებდით. ამბობენ, თეატრში ყოველთვისაა ჭორი, ინტრიგა, უსიამოვნება, წყენა. მაგრამ სად არ არის? შენ ეს არასოდეს არ გეხებოდა. ყოველთვის მთელ თეატრთან მეგობრობდი, არა მარტო პრემიერებთან, არამედ მასიური სცენების მსახიობებთანაც. შენ ყველას უყვარხარ, ეს ღვთიური მადლია... "მე შენ მიყვარხარ, ლამაზო... ".

ვფიქრობ, ამ წერილში მედეა ჩახავაზე, როგორც ადამიანზე და პროფესიონალზე, ყველაფერია ნათქვამი. ზემოთ მოყვანილი დოკუმენტის გარდა, რუსთაველის თეატრის მუზეუმში კიდევ ბევრი რამ არის დაცული. იქ ინახება რამდენიმე საქაღალდე, რომლებშიც თავმოყრილია მედეა ჩახავას პირადი საქმეს, მისი ფოტოები, ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი სტატიები, რეცენზიები თუ ინტერვიუები, რაც კიდევ ერთხელ გამოგვადგება იმის დასტურად, თუ რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ცხოვრების გზა განვლო მან. საამაყო მსახიობებთან პარტნიორობის გარდა, მას შესაძლებლობა ჰქონდა ემუშავა არაერთ რეჟისორთან, მათ შორის: დოდო ალექსიძესთან, რობერტ სტურუასთან, თემურ ჩხეიძესთან, არჩილ ჩხარტიშვილტან, აკაკი ვასაძესთან და ა.შ. თეატრალური შემოქმედებითი ცხოვრების პარალელურად ის აქტიურად მუშაობდა კინემატოგრაფში და ცხადია, არასოდეს დაგვავიწყდება, არც არავიში აგვერევა, მის მიერ განსახიერებული როლები ფილმებიდან "ბაში-აჩუკი", "ჭრიჭინა", "ნინო", "გლახის ნაამბობი", "მანანა" და სხვა.

1951 წელს მას სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა, 1955 წელს - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება, 1960 წელს - საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება, 1996 წელს - ღირსების ორდენი, 2006 წელს - საქართველოს სახელმწიფო პრემია (სამეფო უბნის თეატრში სპექტაკლ "აქ, ამ სავანეში" განსახიერებული როლისათვის). 2006 წელს კი რუსთაველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ამ მსახიობს, რომელმაც ქართული თეატრის სცენაზე დაუვიწყარი სახეები შექმნა, ამ დარგის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და მემკვიდრეობად შთამომავალთა რამდენიმე თაობა დაგვიტოვა, ერთი დიდი სურვილი ჰქონდა... "... და საერთოდ მინდა, რომ თეატრის გარეშე ვერც ერთი ქართველი ვერ სძლებდეს", - ამბობდა მედეა ჩახავა.

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში