მაიმუნები ბურდღუნებენ, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ
26 იანვარი, 2010
912
print

მაიმუნებს აქვთ წინადადებებით აზროვნების, მაგრამ არა წინადადებებით მეტყველების უნარი. კოტ დ`ივუარის ტაის ეროვნული პარკის ტყეებში ყოფნის დროს კლაუს ცუბერბულერს თეთრწვერა დიანად წოდებული მაიმუნების ხმები ესმოდა.

გარკვეული ტიპის ძახილი იმას ნიშნავს, რომ მაიმუნმა ჯიქი დაინახა. რაღაც სხვა ტიპის ხმა კი იმას, რომ ამჯერად სხვა მტაცებელი, გვირგვინოსანი არწივი (Stephanoaetus coronatus) გამოჩნდა. "სამარცხვინოა, მაგრამ მუშაობის დროს ხშირად ვრწმუნდებით, რომ იმ საშუალებებით, რომლებზეც ადრე არც კი ვფიქრობდით, დიდძალი ინფორმაცია გადაიცემა", - ამბობს შოტლანდიის წმინდა ანდრიას უნივერსიტეტის ფსიქოლოგი დოქტორი ცუბერბულერი.

აქვთ თუ არა მაიმუნებს საიდუმლო ენა, რომელიც ჯერ გაშიფრული არ არის? თუ აქვთ, დაგვეხმარება თუ არა ის ადამიანის ენის განვითარების საიდუმლოს ამოხსნაში? ბიოლოგები ამ საკითხს ორი მეთოდით უდგებოდნენ. ისინი ცდილობდნენ ადამიანის ენა ცხოველებისთვის ესწავლებინათ, ან ველურ ბუნებაში მცხოვრები ცხოველებისთვის ესმინათ.

მეცნიერებმა დიდი ენერგია დახარჯეს, რომ შიმპანზეებისთვის ადამიანის ენა მეტყველებისა და ჟესტების დონეზე ესწავლებინათ. "ნიუ იორკ ტაიმსის" კორესპონდენტს ბოის რენსბერგერს, რომელსაც ჟესტების ენა ესმის, 1974 წელს საშუალება მიეცა ჟესტების ენაზე მოლაპარაკე შიმპანზე ლუსისთვის პირველი საგაზეთო ინტერვიუ ჩამოერთვა. ლუსიმ ის ხეზე დაპატიჟა, მაგრამ ბატონმა რენსბერგერმა, რომელიც ახლა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში მუშაობს, ეს მიპატიჟება არ მიიღო.

მაგრამ, იშვიათი გამონაკლისების გარდა ცხოველებისთვის ადამიანის ენის სწავლებას შედეგი არ გამოუღია. ლაპარაკი მათ ალბათ შეუძლიათ, თუმცა ფაქტია, რომ არ ლაპარაკობენ. ექსპრესიული კომუნიკაცია მათ შეუძლიათ (გაიხსენეთ, როგორ გამოხატავენ ძაღლები საკუთარ სურვილებს), მაგრამ ექსპრესიული ბგერებისგან წინადადებების აწყობა არ გამოსდით.

ველურ ბუნებაში ცხოველების მიერ გამოცემული ბგერების შესწავლამ უკეთესი შედეგები მოიტანა. 1980 წელს დადგინდა, რომ ვერვეტის მაიმუნები (Chlorocebus pygerythrus) ყველაზე საშიში მტაცებლების აღსანიშნად სპეციალურ საგანგაშო შეძახილებს იყენებენ. შეძახილების ჩაწერისა და ჩანაწერების მაიმუნებისთვის მოსმენინების შემთხვევაში ისინი შესაბამისად რეაგირებენ ხოლმე: როცა ჯიქის აღმნიშვნელ შეძახილს გაიგონებენ, ბუჩქებში შევარდებიან; გველის აღმნიშვნელი შეძახილის გაგონებისას, მიწას აკვირდებიან, ხოლო თუ არწივის აღმნიშვნელი ხმები მოესმათ, მაღლა ცაში იხედებიან.

დიდია ცდუნება, რომ ამ მაიმუნების შეძახილები "ჯიქის", "გველის," ან "არწივის" აღმნიშვნელ სიტყვებად მოვნათლოთ, მაგრამ, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ვერვეტის მაიმუნები ამ შეძახილების სხვა ბგერებთან დაკავშირების გზით ახალ აზრებს არ გადმოსცემენ. არ ხდება შეძახილების კორექტირება იმის მისანიშნებლად, რომ ჯიქი 10 ან 100 მეტრის დაშორებით გამოჩნდა. მათი საგანგაშო შეძახილები არა იმდენად სიტყვებია, რამდენადაც ადამიანის წამოძახილი, მაგალითად, "უჰ!", რაც შინაგანი განწყობის გამოხატულება უფროა, ვიდრე ზუსტი ინფორმაციის გადაცემის მცდელობა.

ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ შეძახილების გარკვეული მნიშვნელობა მაინც დადგინდა, რაც დასაწყისისთვის ცუდი შედეგი არ არის. პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა რობერტ სეიფართმა და დოროთი ჩეინიმ, რომლებმაც ვერვეტების შეძახილები შეისწავლეს, ბაბუინებზე დაკვირვების დროს პრიმატებს შორის კომუნიკაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი აღმოაჩინეს. ბაბუინებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იერარქია საზოგადოებაში და მასში თითოეული წევრის ადგილი. თუ ჩავიწერთ, როგორ ემუქრება უფროსი ბაბუინი უმცროსს, რომელიც საპასუხოდ შეშინებული ჭყივის, და მაიმუნებს ჩანაწერს მოვასმენინებთ, ბაბუინები ამას არავითარ ყურადღებას არ მიაქცევენ, რადგან ეს მათ ურთიერთობაში ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ, თუ ჩანაწერს ისე დავამონტაჟებთ, რომ ჯერ უმცროსის მუქარანარევი ღრიალი ისმოდეს, შემდეგ კი უფროსის ჭყივილი, ბაბუინები გაოცებით მიაშტერდებიან რეპროდუქტორს, რომელიც მათი საზოგადოებისთვის რევოლუციურ მოწოდებებს გადმოსცემს.

აშკარაა, რომ ბაბუინები ამ ორი ხმოვანების თანმიმდევრობას ცნობენ და თითოეულ ვარიანტს განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ბაბუინები და სხვა სახეობები, როგორც ჩანს, ადამიანებთან ბგერების თანმიმდევრობის აღქმის თვალსაზრისით უფრო ახლოს არიან, ვიდრე მათი გამოცემის თვალსაზრისით. "წინადადებებით აზროვნების უნარს ისინი წინადადებებით მეტყველებამდე არ მიჰყავს", - წერენ სეიფართი და ჩეინი თავიანთ წიგნში "ბაბუინების მეტაფიზიკა".

ზოგი სახეობა ბგერებს ისე გამოსცემს, რომ ადამიანის მეტყველებას ერთი-ორი ნაბიჯით უახლოვდება კიდეც. გასულ თვეში დოქტორი ცუბერბულერი წერდა, რომ კემპბელის მაიმუნები, რომლებიც კოტ დ’ივუარის ტყეებში ცხოვრობენ, შეძახილებს იმით ცვლიან, რომ მათ სუფიქსებს უმატებენ, სწორედ ისევე, როგორც ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანი ზმნის დროის აწმყოდან წარსულში გადასაყვანად ზმნის ფუძეს -ed დაბოლოებას უმატებს.

როცა კემპბელის მაიმუნები ჯიქს ხედავენ, ისინი საგანგაშო სიგნალს გამოსცემენ - "კრაკ", მაგრამ თუ ამ სიგნალს "უ" დაემატა, ის უკვე ზოგადად მტაცებლებზე მინიშნება გახდება. "კრაკ-უ" მაშინაც იხმარება, როცა მაიმუნები ჯიქის მოახლოების შესახებ თეთრწვერა დიანების სიგნალს გაიგონებენ.

კიდევ უფრო საინტერესოა, რომ კემპბელის მაიმუნებს შეუძლიათ ორი სიგნალი შეაერთონ და განსხვავებული მნიშვნელობის მქონე მესამე სიგნალი მიიღონ. დოქტორი ცუბერბულერი ამბობს, რომ მამრები გამოსცემენ სიგნალს "ბუმ-ბუმ", რომლის მნიშვნელობაა "აქა ვარ, მოდი". მაგრამ, როცა "ბუმ-ბუმს" რამდენიმე "კრაკ-უ" მოჰყვება, მნიშვნელობა სავსებით იცვლება: "მორი! ხე ვარდება".

შიმპანზესებრ მაიმუნებს უფრო დიდი ტვინი აქვთ. ამდენად, მათგან მეტი სხვადასხვა სიგნალია მოსალოდნელი. თუმცა, შიმპანზეებს შორის ურთიერთობის უფრო რთული საშუალებები რომც არსებობდეს, მათმა ბიძაშვილებმა, ადამიანებმა ამის შესახებ ჯერ არაფერი იციან.

შიმპანზესნაირ და სხვა მაიმუნებს ენისთვის დამახასიათებელი ბევრი უნარი აქვთ. მათ ესმით ბგერების თანმიმდევრობა და მისი ინტერპრეტაციაც შეუძლიათ. მათ ალბათ შეუძლიათ ისეთივე ბგერების გამოცემა, როგორც ადამიანებს, თუმცა ამას ვერ ახერხებენ. რატომ აღმოჩნდა ყველა სხვა პრიმატი საკუთარი აზრების ტყვეობაში?

პენსილვანიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები რობერტ სეიფართი და დოროთი ჩეინი, რომლებმაც ვერვეტების ხმები შეისწავლეს, მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მათ "აზროვნების თეორია" აკლიათ, ანუ იმის ცოდნა, რომ აზრები სხვებსაც აქვთ. ბაბუინმა არ იცის, რა იციან სხვა ბაბუინებმა. მას ეს არ აინტერესებს, შესაბამისად, არც ცოდნის გაზიარების სურვილი აქვს.

"პრინციპში, შიმპანზეს ყველა იმ ბგერის წარმოთქმა შეუძლია, რაც ადამიანს, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, რადგან ევოლუციისათვის არ სჭირდება”, - ამბობს დოქტორი ცუბერბულერი. - “შიმპანზეს სალაპარაკო არაფერი აქვს, რადგან ლაპარაკი არ აინტერესებს".

ჰარვარდის უნივერსიტეტის ცხოველებს შორის ურთიერთობების სპეციალისტი მარკ ჰაუზერი ფიქრობს, რომ ენის განვითარებისთვის გადამწყვეტია სხვადასხვა ნერვულ სისტემათა ურთიერთქმედება. "მიუხედავად იმისა, თუ რა არის ამის მიზეზი, ჩვენი ტვინის ნაწილები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ, ცხოველებისა კი - არა. შეიძლება ეს შემთხვევითიც იყოს, მაგრამ განსხვავება განვითარებაში სწორედ ამის შედეგია", - თქვა მან.

ამის საპირისპიროდ, ცხოველის ტვინის ყოველი ნერვული სისტემა თავის თავშია ჩაკეტილი და სხვა სისტემებთან ვერ ურთიერთქმედებს. "შიმპანზეებს სათქმელი ბევრი რამ აქვთ, მაგრამ ვერ ამბობენ", - ამბობს დოქტორი ჰაუზერი.

ნიკოლას უეიდი

სხვა სიახლეები
01 იანვარი, 2017 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“