ოქსფორდელები და ბრიტანელი
16 სექტემბერი, 2009
398
print

“ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ მომავლის თეატრი გადარჩეს”, - ალან რიკმანი

რუსთაველის თეატრის ქვედა ფოიე, სადაც XX საუკუნის დასაწყისში არტისტული კაფე “ქიმერიონი" იყო, უფრო ადრე კი რესტორანი “ანონა" ფუნქციონირებდა, ხელოვანებთან შეხვედრის ტრადიცია აღდგა. პირველი სტუმარი ინგლისელი მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი ალან რიკმანი აღმოჩნდა.
ამ შეხვედრის შესახებ მოგვაინებით გეტყვით. მანამდე კი, ორიოდე სიტყვით, ოქსფორდის უნივერსიტეტის დრამატული საზოგადოების მიერ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გათამაშებულ სპექტაკლზე აღვნიშნავ.

გაუთვალისწინებელი ფაქტორი

ოქსფორდის უნივერსიტეტის დრამატული საზოგადოების საერთაშორისო ტურნეში, სტრადფორდისა და ლონდონის გარდა, თბილისიც ჩაეწერა. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთ “24 საათის" 9 სექტემბრის ნომერშიც გავრცელდა. თუმცა, მაშინ სტუდენტებისგან დაკომპლექტებული დასის წარმოდგენა ნანახი არ გვქონდა და აღნიშნულის შეფასებისგან თავი შევიკავეთ. მას შემდეგ, რაც დავესწარი სპექტაკლს, რომლის მიტოვებაც მაყურებელმა ნელ-ნელა, წარმოდგენის დაწყებიდან, დაახლოებით, 10 წუთის შემდეგ დაიწყო, მივხვდი, რომ ამის შესახებ უნდა მეთქვა.

ამ საქმეში უცხოელ სდუნტებს ბრალი არ მიუძღვით. ისინი ბრიტანეთში სხვადასხვა ფაკულტეტებზე სწავლობენ და გარკვეულ დროს სცენაზე დგომასაც უთმობენ. მათთვის ეს დამატებითი გამოცდილებაა, აქტივობაშიც ეთვლებათ და რატომაც არა?! ამ შემთხვევაში საკითხავია, რა დააშავა ქართველმა მაყურებელმა, რომელმაც “გაპიარებულ" სპექტაკლზე დასასწრებ ბილეთში 15-20 ლარი გადაიხადა... შუა წარმოდგენიდან გამოსულთაგან აღმოჩნდნენ ისეთები (ძირითადად, რუსთაველის თეატრის მსახიობები), რომლებსაც გაუჩნდათ კითხვა: “რა საჭირო იყო ამ სპექტაკლის ჩვენება სცენაზე, სადაც ერთ დროს, თუნდაც, “ჭინჭრაქა" და “ანტიგონე" იდგმებოდა?" და ეს მით უფრო მაშინ, როდესაც ამავე თეატრში ექსპერიმენტალური სცენაც ფუნქციონირებს.

რა პასუხი უნდა გავცეთ მაყურებელს, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს წამყვანი თეატრის ისტორიულ და არა ექსპერიმენტალურ სცენაზე ისეთი წარმოდგენები უნდა თამაშდებოდეს, რომლებიც რაღაც დონეს მაინც აკმაყოფილებს? ბრიტანელების აქ ჩამოსვლის ფაქტს ისეთი რეკლამა გაუკეთდა, რომ საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. თუმცა, “ჰენრი V"-ეს ნახვის შემდეგ იმედი იმათაც გაუცრუვდათ, რომლებიც იქ შექსპირის ორიგინალში მოსასმენად შეიკრიბნენ. მართალია, ამ უკნასკნელთა რაოდენობა მცირე იყო, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზში მყოფთაგან ვისაც კი ინგლისური ესმოდა აღნიშნავდა, რომ სცენიდან “ცუდი ინგლისური" ისმოდა.

სტუდენტების “ჰენრი V" (რეჟისორი ტიმ ჰოარი) სტატიკური სცენებით გამოირჩეოდა. არაპროფესიონალმა მსახიობებმა სამსახიობო ოსტატობის ელემენტარული ცოდნაც ვერ გამოავლინეს (არ ჰქონდათ შეფასებები, ვერ გრძნობდნენ პარტნიორს, პერსონაჟთა ხასიათს...). ერთადერთი, რასაც გულმოდგინედ ცდილობდნენ, ეს ინგლისური ტექსტის გამოკვეთილად წარმოთქმა იყო... და რადგან ტექსტი ვახსენე, იმასაც ვიტყვი, რომ კარგი აქ მხოლოდ პიესის ქართულ სასცენო ადაპტაციაზე შეიძლება ითქვას - რობერტს სტურუას მიერ დამუშავებული სუბტიტრები ძალიან ლაკონური და გამართული აღმოჩნდა. თუმცა, ის ბევრად უსწრებდა მოქმედებას...

ამ ფაქტს ასეთი გამოხმაურება არ მოჰყვებოდა, რომ არა ერთი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დეტალი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ ამ პროექტში ჩადებული თანხები. ოქსფორდის უნივერსიტეტის დრამატული საზოგადოებას მხარს სერ ქამერონ მაკინტოშისა და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს კომანდორი, ტელმა ჰოლტი უჭერს. თუმცა, ჩემთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი კულტურის სამინისტრომაც გაიღო. მიზანი? - გაუგებარია. დღეს საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ მსაგვასი პროექტები დაფინანსოს, მით უფრო მაშინ, როდესაც მათი განხორციელება უსარგებლოა. საქმე სხვაგვარად იქნებოდა ეს წარმოდგენა რომ ეჩვენებინათ ექსპერიმენტალურ სცენაზე, სადაც მას ინგლისურენოვანი სასწავლებლების ქართველი სტუდენტები დაესწრებოდნენ და შექსპირს ორიგინალში მოისმენდნენ. თუმცა, მსგავსი რა არ მომხდარა. ამ სპექტაკლზე უფასოდ არც ერთი ქართველი სტუდენტი არ დაუშვეს, მათ შორის, არც თეატრალური უნივერსიტეტის... ეს ინიციატივა უფრო გამართლებული იქნებოდა, თუ აღნიშნულ წარმოდგენას, ვთქვათ, რომელიმე ქართული უმაღლესი სასწავლებლის სცენაზე წარმოადგენდნენ, იქ დადგმულ ქართულ სპექტაკლს კი ოქსფორდის უნივერსიტეტში აჩვენებდნენ. ასეთ შემთხვევაში უკვე გამართლებული იქნებოდა ქართველების მიერ ამ პროექტისთვის თანხების გამოყოფის ინიციატივა.

ამ გასტროლის მაგალითზე კიდევ ერთხელ გამოვლინდა, თუ რამდენად გაუაზრებულად იხარჯება სახსრები, რომლებიც შესაძლებელია ადგილობრივი შემოქმედებითი გაერთიანებებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდეს.

ჰამლეტთაგან ერთ-ერთი საუკეთესო

ალან რიკმანი საქართველოში ოქსფორდის უნივერსიტეტის დრამატული საზოგადოების თბილისური ტურის პარალელურად, ტელმა ჰოლტისა (შექსპირის სამეფო დასის პროდიუსერი, სამეფო დრამატული აკადემიის დირექტორთა საბჭოს წევრი და საპატიო ლექტორი, რობერტ სტურუას ბრიტანელი პროდიუსერი და საქართველოში “ჰენრი V"-ის ჩამოტანის ინიციატორი) და რუსთაველის თეატრისადმი მეგობრობის ნიშნად ჩამოვიდა. მას თან ახლავს მეუღლე რიმა ჰორტონი და ბრიტანელი მსახიობი ჟერალდინა მაკევონი. ალან რიკმანთან შეხვედრის შესაძლებლობა ქართველებს “ქიმერიონში" ორგანიზებული შეხვედრისას მიეცათ.

მას სახელი საერთაშორისო მასშტაბით აქვს განთქმული. ალან რიკმანის კი საქართველოსთან მაშინ გადაიკვეთა, როდესაც მან ქართველ რეჟისორთან, რობერტ სტურუასთან იმუშავა სპექტაკლზე “ჰამლეტი" (1992 წელი, “რივერ საიდ სტუდიო”). ამ სპექტაკლში განსახიერებული მთავარი როლისათვის ის 2003 წელს შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ XX საუკუნის II ნახევრის ჰამლეტების საუკეთესო ათეულში შეიტანა. რობერტ სტურუასთან თანამშრომლობით მიღებულ გამოცდილებასა თუ თეატრალური ხელოვნების აქტუალობაზე მსახიობი დარბაზში შეკრებილთ გულახდილად ესაუბრა.

როგორია ალან რიკმანის მოკლე შემოქმქდებითი პორტრეტი? ის 8 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და დედა ოთხ ბავშვთან ერთად აღმოჩნდა. საკუთარი თავის იმედად დარჩენილი ალანი იმდენად კარგად სწავლობდა, რომ ლონდონის პრესტიჟული სკოლის Latimer სტიპენდიანტი გახდა. პირველად სცენაზე სწორედ ამ სკოლაში სწავლისას ავიდა და მონაწილეობა მიიღო მოყვარულთა წარმოდგენაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, ალან რიკმანმა ჩააბარა ხელოვნების სამეფო კოლეჯის (Royal College of ART) გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრებისთანავე საკუთარი ფირმაც გახსნა. 26 წლისა იყო, როდესაც მიხვდა, რომ თეატრი მას უფრო მეტად იზიდავდა. ამიტომაც მიატოვა ყველაფერი და სწავლა განაგრძო დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში. პრესტიჟული პრემიები თეატრალურ დადგმებში მონაწილეობისათვის ჯერ კიდევ სტუდენტობისას მიიღო. მოგვიანებით, თავს იმით ირჩენდა, რომ რალფ რიჩარდსონისა და ნაიჯელ ჰოტორნის კოსტიუმერი იყო. ლონდონის სცენის წამყვანი მსახიობი ის აკადემიის დამთავრებისთანავე გახდა. მის მიერ განსახიერებული ვალმონის როლი სპექტაკლში “სახიფათო კავშირები" ნამდვილ სენსაციად იქცა. 1986 წელს ეს დადგმა მიიწვიეს ბროდვეიზე, სადაც რიკმანი ცნობილმა პროდიუსერმა ჯოელ სილვერმა შეამჩნია და მას მთავარი ბოროტმოქმედის როლის თამაში შესთავაზა ფილმში “კერკეტი კაკალი". სწორედ ამ ფილმიდან დაიწყო რიკმანის აღიარება და მოგზაურობა მსოფლიოს მასშტაბით. მას შემდეგ მან მონაწილეობა არაერთ კინოფილმსა თუ სპექტაკლში მიიღო. მათ შორისაა ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით ცნობილი “რობინ ჰუდი" თუ “ჰარი პოტერის" სხვადასხვა სერია;

კინოკარიერის პარალელურად, რიკმანი აქტიურ თეატრალურ ცხოვრებას ეწევა. 2003 წლიდან ის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტია. მიღებულია აქვს შემდეგი პრემიები: “ემი", “ოქროს გლობუსი", “ოქროს სატელიტი", კინომსახიობთა გილდია. ჟურნალმა Empire ის 1997 წელს ყველა დროის 100 საუკეთესო კინომსახიობთა შორის დაასახელა.

ალან რიკმანს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. ცნობილია, რომ უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ცხოვრობს რიმა ჰორტონთან, რომელთანაც დაქორქინებული არ არის. სამსახიობო კარიერა მათ, შეიძლება ითქვას, რომ ერთად დაიწყეს, მაგრამ რიმა ამ პროფესიას არ გაჰყვა და ცხოვრება ეკონომიკას მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ ამ წყვილს ერთმანეთთან პოლიტიკური მოსაზრებებიც აერთიანებთ - ორივე მათგანი ლეიბორისტულ პარტიას უჭერს მხარს.

მართალია, ალან რიკმანი ჟურნალისტებისთვის ნამდვილი პრობლემაა, რადგანაც ინტერვიუების მიცემა და საკუთარ ნამუშევრებზე საუბარი არ უყვარს, ქართველ აუდიტორიას ის ინტერესითა და გულახდილად გაესაუბრა. მასთან შეხვედრას უძღვებოდა რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა, რომელმაც მას თავდაპირველად შემდეგი კითხვით მიმართა:

- ბატონო ალან, რას იტყვით საკუთარ თავზე?

- მე არ მაქვს მობილური ტელეფონი, არ ვიცი როგორ ვიხმარო კომპიუტერი და ის ჩემთვის ძალიან უცნობი რამ არის...

- ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში საქართველო?

- ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებულია. სხვაგან თუ თეატრი გართობაა, აქ - რელიგიაა. მაშინ, როდესაც რობერტ სტურუას “რიჩარდ III" ვნახე, გავოცდი. ამან ასე ძლიერად მხოლოდ ჩემზე კი არ იმოქმედა, არამედ ყველაზე, ვისაც კი მისი ნახვის შესაძლებლობა მიეცა. ამ სპექტაკლმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემში, ჩემს სამყაროშო... რობერტ სტურუა ისეთივე არაჩვეულებრივი და ექსტრაორდინალური პიროვნებაა, როგორიც რეჟისორი... დღეს ვიყავი სამებაში, სადაც მგალობელთა გუნდის სიმღერას შევესწარით. ეს გუნდი რომ ინგლისში მღეროდეს, მათი გალობისას არავინ ისაუბრებდა და ირგვლივ ყველა გაქვავდებოდა.... აქ კი, ამ დროს ადგილზე არ ჩერდებიან, გადი-გამოდიან, საუბრობენ და მობილურზეც კი ლაპარაკობენ... ამ ყოველივეს შემსწრეებმა დავასკვენით, რომ საქართველოში ხელოვნება, ცხოვრება და სიყვარული ერთდროულად ხდება, რაც მე ძალიან დიდ შთაგონებას მაძლევს... საქართველოსგან ბევრს ვსწავლობ...

- რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, თქვენ ხართ ერთ-ერთი წარმატებული “ბოროტი პერსონაჟი”...

- ბოროტი პერსონაჟების განსახიერება ჩემი დიდი შემოქმქდების მხოლოდ მცირე ნაწილია, მაგრამ პოპულარობა სწორედ მან მოიპოვა...

- თქვენ ხშირად მოგიხსენიებენ, როგორც “ადამიანი ხმა"… რას იტყვით ამაზე?

ხმა, ალბათ, გენეტიკური მოვლენაა... მსახიობი საკუთარი თავის ინსტრუმენტია და თუ, ვთქვათ, მუსიკოსს შეუძლია ვიოლინო ცალკე გადადოს, ჩვენ ასე ვერ მოვიქცევით - ის სულ თან უნდა ვატარო, სადაც არ უნდა ვიყო...

- როგორ გადაერთეთ სამსახიობო ხელოვნებიდან რეჟისურაზე?

- სანამ მსახიობი გავხდებოდი მხატვარი ვიყავი და 25 წლამდე მსახიობობის სურვილი არ გამჩენია, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს გადასვლა ლოგიკური იყო... ჩემი თვალები სწორედ სამხატვრო აკადემიაში სწავლისას გაიწვრთნა, რაც სამსახიობო კარიერაშიც გამომადგა და მოგვიანებით რეჟისორობაშიც... ახლა, როდესაც სარეპეტიციო დარბაზში შევდივარ, იმედის თვალით შემყურე მსახიობებს ვხედავ, რომლებსაც ძალიან არ მინდა რომ მორიგი იდიოტი ვეგონო, ამიტომაც მათთან ყოველთვის გულწრფელი ვარ. რეჟისორმა უნდა შეძლოს თქვას - არ ვიცი, როდესაც მას მსახიობის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს. მსახიობს ყოველთვის ამხნევებს, როდესაც ეუბნები “არ ვიცი”, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ცდილობ იყო შთამბეჭდავი... ეს საქმე არის გამუდმებული მგზავრობა აღმოჩენებისათვის...

- უმუშევრობას შეუწუხებიხართ?

- ძალიან ბევრი შემთხვევა მახსოვს ასეთი, როდესაც უმუშევარი ვიყავი, ხან 8 თვე, ხანაც ორი... ჩემს ქვეყანაში ეს გარდაუვალია, ამიტომაც ვცდილობ მოვიკრიფო ძალა და საკუთარი თავი ხელში ავიყვანო იმისათვის, რომ ვიმუშაო...

- რომელია თქვენი წარმატებული და წარუმატებელი როლი?

- მე არ მაქვს განცდა იმისა, რომ რომელიმე როლში კარგი ვიყავი... კარგი პერიოდი, როგორც ჩანს, არ გამახსოვრდება და ამ კუთხით თუ შევხედავთ, რაც კი გამიკეთებია არ გამოსულა... ჩემს ფილმებს ვერასოდეს ვუყურებ, მაგრამ ზოგჯერ მათი ყურება მაინც მიწევს. ასეთ დროს ჯოჯოხეთში მგონია თავი, რადგან ვხედავ იდიოტს, რომელიც ვერ თამაშობს... ეს საშინელი განცდაა... კიდევ კარგი იგივეს კეთება თეატრში არ მიწევს. თუმცა, იქ მაყურებლის ემოცია და განწყობა საშუალებას მაძლევს საკუთარი ძალაუფლება ვიგრძნო და თუ ეს წარმატების მანიშნებელია, მაშინ ვიტყვი, რომ ასეთი განცდა ნამდვილად მქონია...

- როგორ წარმოგიდგენიათ მომავლის თეატრი? ტექნოლოგიების განვითარების პერიოდში, მან სახე უნდა შეიცვალოს თუ შეინარჩუნოს?

- ვფიქრობ, რომ მომავლის თეატრის მთავარი პრობლემა იქნება მაყურებლის მოზიდვა და ის, თუ როგორ გააღვივებს ის ახალგაზრდებში ინტერესს... ახლა ძალიან ძნელია დააჯერო მაყურებელი იმაში, რომ თეატრი უფრო საინტერესოა. არაფერი არ გამოვა, თუ ამ პროცესში მაყურებელიც არ ჩაერთო... მე ეს საკითხი ძალიან მაწუხებს, მაგრამ იქნებ სწორედ თეატრმა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი მომავალში?! მაგალითად ინგლისში, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შევნიშნე, რომ ხალხი თეატრისკენ დაიძრა, მათ ერთად ყოფნა მოინდომეს, რადგანაც ერთმანეთისათვის ამბების მოყოლა მოუნდათ... ამიტომაც უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ მომავლის თეატრი გადარჩეს!

ამ შეხვედრაზე ისიც გაცხადდა, რომ ალან რიკმანმა ქველმოქმედება გაიღო რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლისთვის, მაქს ფრიშის ნაწარმოების მიხედვით გაცოცხლებული წარმოდგენისთვის - “ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებლები", რომლის პრემიერაც რუსთაველის თეატრის სეზონის გახსნის დღეს, 1 ოქტომბერს იგეგმება.

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში