უნივერსალურ სარაკეტო-რეაქტიულ ძრავს წარმატებული ტესტები ჩაუტარდა
31 ივლისი, 2012
1505
print

ბრიტანულმა აეროკოსმოსურმა კომპანია “რეაქშნ ენჯინსმა" გამოაცხადა, რომ მის მიერ შემუშავებულ რევოლუციურ უნივერსალურ სარაკეტო-რეაქტიულ ძრავს ერთ-ერთი მთავარი ელემენტის, წინასწარი გამაგრილებელი სეგმენტის წარმატებული ტესტები ჩაუტარდა.

ძრავი SABRE-ს (სინერგიული აირით მსუნთქავი სარაკეტო ძრავი) სახელითაა ცნობილი და ის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია უფრო ფართომასშტაბიანი პროექტისა, რომელიც უნივერსალურ კოსმოსურ ხომალდ “სკაილონის" აგებას ითვალისწინებს.

“რეაქშნ ენჯინსი" ირწმუნება, რომ ასეთი ძრავებით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი, ჩვენი პლანეტის ნებისმიერ წერტილს მაქსიმუმ 4 საათში მიაღწევს. უფრო მეტიც, ის თავისუფლად შესძლებს კოსმოსში გასვლას და ორბიტამდე მიღწევას.

ძრავის წინასწარი გამაგრილებელი, მისი ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც ორ რეჟიმში მუშაობის საშუალებას იძლევა. რიგი პრობლემების დაძლევის, კერძოდ ძრავის წონის ეგრეთ წოდებულ საფრენ წონამდე შემცირების შემდეგ, მას პირველი ფუნქციური ტესტები ჩაუტარდა, რომლის დროსაც გამოვლინდა, რომ აგრეგატი სტრუქტურულად ინტეგრირებულია, არის აეროდინამიკურად მდგრადი და ვიბრაციისადმი მედეგი.

წინასწარი გამაგრილებლის ტესტები ზოგადია და სრულყოფილ სურათს არ იძლევა. მომდევნო ტესტების დროს, ამ სისტემას სრულფასოვანი გამოცდა ჩაუტარდება, რომლის დროსაც მისი ქმედუნარიანობა და საიმედოობა შემოწმდება.

აღსანიშნავია, რომ “რეაქშნ ენჯინსმა" SABRE-ს შემუშავება 22 წლის წინათ დაიწყო. პროექტზე სხვადასხვა დროს, 30-ზე მეტი მეცნიერი მუშაობდა. ტექნოლოგიების განვითარებამ, მათ ბევრი ისეთი პრობლემის გადაჭრის საშუალება მისცა, რომლებიც ადრე წარმოუდგენელი ჩანდა.

ძრავში წინასწარი გამაგრილებელი უშუალოდ ჰაერის ამღების უკანაა მოთავსებული. მაღალი სიჩქარით ფრენისას, აქ შეკუმშული და გადახურებული ჰაერი ცივდება. ეს აირი სარაკეტო საქშენთან თხევად საწვავს (წყალბადს) ერევა, რა დროსაც ხდება აალება და წარმოქმნილი ჭავლი, გამწევ ძალას წარმოქმნის. მაღალ წნევამდე შეკუმშული ჰაერი იმის საშუალებას იძლევა, რომ ძრავმა ძალიან მაღალ სიჩქარესა და დიდ სიმაღლეზეც იმუშაოს. გამაგრილებელი კი მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ ძრავის ტანის კონსტრუქციაში შესაძლებელი იყოს ისეთი მსუბუქი მეტალის გამოყენება, როგორიც ალუმინია.

მას შემდეგ, რაც საფრენი აპარატი 28.5 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწევს და ამ დროს მისი სიჩქარე 5 მახზე მეტი (ბგერის სიჩქარეზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი) იქნება, ძრავი დახურული ციკლით მუშაობას დაიწყებს და სპეციალურ ავზებში შენახული წყალბადის და ჟანგბადის შერევის (წვის) ხარჯზე იმუშავებს. ეს კი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ “სკაილონმა" ორბიტული სიჩქარე განავითაროს, ატმოსფერო დატოვოს და კოსმოსში იმოგზაუროს.

“რეაქშნ ენჯინსმა" თავისი ძრავი ფარნბოროს საავიავიო შოუზე გამოფინა.

სხვა სიახლეები
15 თებერვალი, 2017 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს