წყალბადზე მომუშავე ბოლიდი შიდაწვისძრავიანების წინააღმდეგ
31 ივლისი, 2012
1665
print

უკვე 14 წელია, რაც მსოფლიოს არაერთი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ერთმანეთს მათ მიერვე შექმნილი პატარა სარბოლი ავტომობილებით ეჯიბრებიან.

ბევრგან ამ შეჯიბრს “ფორმულა სტუდენტს" უწოდებენ და ის იმითაცაა საყურადღებო, რომ მისი ჟიურის წევრებს შორის, თითქმის ყოველთვის, ფორმულა ერთში სახელმოხვეჭილ ადამიანებს ნახავთ.

“ფორმულა სტუდენტს" ბევრი ქვეყანა ატარებს და მათ შორის, რა თქმა უნდა, ბრიტანეთიცაა, რომელიც სწორედ ფ1-ის სპეციალისტების გამო, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია. წლევანდელი შეჯიბრი სილვერსტოუნის სარბოლ ავტოდრომზე ჩატარდა და ის იმით იყო გამორჩეული, რომ “ფორმულა სტუდენტის" ისტორიაში პირველად, მონაწილეთა შორის, შიდაწვისძრავიან მანქანებთან ერთად, წყალბადზე მომუშავე ავტომობილი იყო.

ერთადგილიანი პატარა სარბოლი ბოლიდი ჰოლანდიის დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გუნდმა შეიმუშავა. მას “ფორს V" (Forze V) დაარქვეს. ამ მანქანის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ ის წყალბადზე მუშაობს. კონკურსის მონაწილე 100-ზე მეტ გუნდს შორის, დელფტელებმა 29-ე საზიარო ადგილი დაიკავეს, რაც მათ მიერ პროექტზე მუშაობის დასაწყისში დასახული ურთულესი მიზნებიდან გამომდინარე (წყალბადის ტექნოლოგიების შემუშავება დიდი კომპანიებისთვისაც ბევრ სირთულეს უკავშირდება), შესანიშნავი შედეგია.

280-კილოგრამიანი “ფორს V" მეხუთე ვერსიაა ავტომობილისა (ფორს-ის), რომელსაც დელფტის უნივერსიტეტის გუნდი “ფორმულა სტუდენტში" საასპარეზოდ ამუშავებს. მაგრამ ადრე ისინი ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების კლასში გადიოდნენ. ამჯერად კი შიდაწვისძრავიანების წინააღმდეგ გასვლა გადაწყვიტეს. სხვათა შორის, ეს ავტომობილი შარშანდელი ტურნირის განაცხადშიც იყო შეტანილი, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო, ვერ იასპარეზა.

“ფორს V" ორი პატარა ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებსაც ენერგიით წყალბად-ჟანგბადის რეაქციაზე მომუშავე ფიჭური ელემენტების ბლოკი ამარაგებს. სტანდარტული რეჟიმით მოძრაობისას, ეს ბლოკი 18 კილოვატ, ანუ 24 ცხენის ძალას იძლევა.

გარდა ამისა, ავტომობილი მუხრუჭებისგან ენერგიის რეგენერირების სისტემითაცაა აღჭურვილი. მიღებული ენერგია ელემენტების ბლოკში ინახება. მის მიერ გამომუშავებული ენერგიის ძალა კი დაახლოებით 80 ცხენის ძალას აღწევს. ამ სისტემის გარეშეც, ავტომობილს მაქსიმუმ 120 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, ადგილიდან 100 კმ/სთ-ს კი 5 წამზე ნაკლებში აღწევს.

ავტომობილი აღჭურვილია 600-გრამიანი ავზით, რომელშიც გაზისებრ მდგომარეობაში მყოფი წყალბადი ინახება. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ “ფორს V-მ" სარბოლ რეჟიმში დაახლოებით ერთი საათი იმოძრაოს. ამ დროის განმავლობაში, ავტომობილის გამოსაბოლქვი მილი დაახლოებით სამ ლიტრ სუფთა წყალს გამოჰყოფს.

დაბოლოს, სახელი FORZE აბრევიატურაა სიტყვებისა ფორმულა ზერო, ანუ ნულოვანი ფორმულა. V კი აღნიშნული ტექნოლოგიით მომუშავე მეხუთე თაობის ავტომობილს ნიშნავს.

სხვა სიახლეები
15 თებერვალი, 2017 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს