დაბრუნება ელიტაში
01 ნოემბერი, 2012
306
print

პორტუგალიაში 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მყოფმა საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა მეორე მატჩი მოიგო.

ამჯერად კიდევ უფრო დიდი ანგარიშით - 55:6 ბელგიელები დავამარცხეთ, მოწინააღმდეგეს 9 უპასუხო ლელო გავუტანეთ და თამაში სრულად ჩვენი კარნახით წარვმართეთ. რაც ყველაზე სასიხარულოა, გუნდმა ძალიან დალაგებული და გააზრებული თამაში აჩვენა. შედეგად მომავალ წელს 18 წლამდელთა ელიტ-დივიზიონში ვითამაშებთ.

პორტუგალიაში ორ უკეთეს ადგილზე გასული გუნდი (გამარჯვებული და ფინალისტი) მომავალ წელს ინგლისთან, საფრანგეთთან, უელსთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან ერთად ითამაშებს 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონში.

ტურნირი წრიული სისტემით ტარდება. ორგანიზატორებმა თამაშები ისე დაგეგმეს, რომ ჩვენს ნაკრებს ბოლო, მესამე მატჩი მასპინძელ პორტუგალიასთან მოუწევს. პორტუგალიელებმა პირველი მატჩი ბელგიელებთან მოიგეს და გერმანელებიც ზედ მიაყოლეს. ფინალური მატჩი 2 ნოემბერს ჩვენი დროით 23:00 დაიწყება.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მომავალი მოწინააღმდეგის, პორტუგალიის მატჩის სანახავად იმყოფებოდა, ამიტომ ბელგიასთან მატჩის მიმოხილვა ნაკრების მენეჯერ ზურაბ ამონაშვილს ვთხოვეთ.

ზურაბ ამონაშვილი - საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების მენეჯერი:

"ძალიან კარგი თამაში იყო. არ შეიძლება არ აღინიშნოს მწვრთნელების მუშაობა, რომლებმაც ზუსტად შეისწავლეს ბელგიელთა ძლიერი და სუსტი მხარეები. მოხერხდა მოწინააღმდეგის თამაშის დეტალური განხილვა, მოთამაშეებს მიეცათ კონკრეტული დავალებები, რომელიც ბიჭებმა ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს. დაბალანსებული იყო შერკინებისა და ხაზის თამაში, რაც ბელგიელთათვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩვენ მიერ გატანილი ლელოების უმეტესობა კარგად გააზრებული და ზუსტად შესრულებული კომბინაციური და გუნდური თამაშის შედეგი იყო. ბელგიელებმა რამდენჯერმე სცადეს სათამაშო სტილის შეცვლა, მაგრამ ჩვენები დაცვაში უშეცდომოდ თამაშობდნენ და მოწინააღმდეგის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ ბურთი სწრაფად გამოდიოდა ხაზზე, რაც ბელგიელებს აიძულებდა უკან დაეხიათ და დაცვაში ნაპრალები დაეტოვებინათ. ჩვენი ბიჭები ამას კარგად იყენებდნენ.

ტაიმის ბოლოს, როდესაც უკვე დიდი ანგარიშით ვიგებდით, ბიჭები ოდნავ მოეშვნენ და დაცვაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით. შესვენებაზე მწვრთნელებმა გუნდს ზუსტი მითითებები მისცეს და თამაში გამოვასწორეთ.

შედეგით კმაყოფილი ვართ, თუმცა, სამუშაო კვლავ არის. ვეცდებით, პორტუგალიასთან მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ. გუშინ ბიჭებმა დაისვენეს, მხოლოდ ვიდეოანალიზი გვქონდა. საღამოს, ყველანი ერთად, ჩვენი 19 წლამდელების საგულშემატკივროდ წავედით".

ბოლო მატჩს ჩვენი 17 წლამდელები 2 ნოემბერს თბილისის დროით 23:00 საათზე პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.

18 წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი

პორტუგალია. ლისაბონი

II რაუნდი. 30 ოქტომბერი

საქართველო - ბელგია 55:6 (31:3)

საქართველო: 15. იოსებ კიკვაძე (23. დავით ლობჟანიძე 60), 14. დევი დევსურაშვილი, 13. სანდრო ილურიძე, 12. თემურ ირემაძე, 11. ბადრი ლიპარტელიანი, 10. იოსებ ტუკვაძე, 9. თემო თუთბერიძე (24. ვასილ ლობჟანიძე 49); 1. ზაურ ხარებავა (25. ბადრი დანღაძე 56), 2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ) (16. გიორგი თორაძე 54), 3. ბექა კაკაბაძე (17. დავით ფხაკაძე 51), 4. როლანდ კვაჭაძე, 5. გუგა ხანთაძე (18. გიორგი როყვა 44), 6. დავით პაპავაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი (26. გიორგი ხვისტანი 54), 8. ჟორა მღებრიშვილი (19. ბექა გორგაძე 51).

არ უთამაშიათ: 20. დავით გულიტაშვილი, 21. რევაზ ჯინჭველაშვილი, 22. ირაკლი სვანიძე.

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელი: მამუკა ტყეშელაშვილი

ფიზმომზადების მწვრთნელი: ირაკლი ჭყონია

მენეჯერი: ზურაბ ამონაშვილი

ექიმი: სერგო ბერიაშვილი

ექიმი: გიორგი მაისურაძე

პორტუგალია - გერმანია 34:3

საქართველო 2 2 2 2 105:19 10

პორტუგალია 2 2 0 0 72:13 10

გერმანია 2 0 0 2 16:84 0

ბელგია 2 0 0 2 16:93 0

rugby.ge

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი