ვიწყებთ იაპონიით - ბორჯღალოსნები ემზადებიან
14 ნოემბერი, 2012
321
print

მსოფლიო რაგბის მამებს ახალი ზელანდიის მსოფლიო თასის შემდეგ ძლიერ ნაკრებებთან თამაშები დავტყუეთ.

უფრო სწორად, დავანახეთ, რომ ქართული რაგბი იმსახურებს ძლიერებთან თამაშის უფლებას. 17 და 24 ნოემბერს ბორჯღალოსნებს იაპონია ფიჯისთან ტესტ-მატჩები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაგბის გულშემატკივარს დიდი სანახაობა ელის.

საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე იაპონიაა, რომელსაც "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს. იაპონელები თბილისში ჩამოსვლამდე რუმინეთთან გახურდნენ. 34:23 მოუგეს და ახლა ჩვენთან შესახვედრად ემზადებიან. "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან ბორჯღალოსნებიც. ეგაა, ნაკრების ახალზელანდიელ მწვრთნელს მილტონ ჰეიგს ორივე შეხვედრაში დააკლდებიან ტრავმირებული ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ჩხაიძე და დიმიტრი ბასილაია. გარდა ამისა, წინასწარ გამოცხადებულ შემადგენლობას გამოაკდნენ ანტონ ფეიქრიშვილი და ლაშა მალაღურაძე. გუშინდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია მამუკა გორგოძეს, რომელიც მოწამლულია. კარგი ისაა, რომ აუცილებლად ითამაშებს. კარგია ისიც, რომ მილტონ ჰეიგს ტესტ-მატჩებისთვის უკანა ხაზის მომზადებაში მისი თანამემამულე მსოფლიო რაგბის ლეგენდა ტანა უმაგა ეხმარება.

ვარჯიში დაახლოებით ორ საათში გაიწელა. თავიდან, მწვრთნელებმა ბიჭები მოძრაობაში პასების გაკეთებაში ავარჯიშეს, რასაც ბურთთან ურთიერთობის ტექნიკის დახვეწის გარდა, გახურების ფუნქციაც ჰქონდა. მერე ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო. მილტონ ჰეიგმა, ილია მაისურაძემ და ილია ზედგინიძემ მორკინალები დერეფანში ავარჯიშეს, ხოლო უკანახაზელებთან ტანა უმაგამ იმუშავა.

ვარჯიშის ბოლოს გუნდი გაერთიანდა და ერთობლივი ვარჯიში ჩატარდა. მწვრთნელებმა შეტევასა და დაცვაში კომბინაციები დაამუშავეს.

საქართველოს ნაკრების ვარჯიშამდე მილტონ ჰეიგმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს ნაკრების მზადების პროცესს, მოწინააღმდეგეებსა და ზოგადად ამ ორი მატჩის მნიშვნელობას ქართული რაგბისთვის. ნიჟარაძის თქმით, სასიხარულო ფაქტია, რომ ოთხწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) საქართველოს ნაკრებს რეალურად მასზე ძლიერი და მაღალი რანგის გუნდებთან ძალების მოსინჯვის შესაძლებლობა მისცა.

მისივე თქმით, იაპონიასთან და ფიჯისთან ტესტ-მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატისთვის მზადების მნიშვნელოვან ეტაპად განიხილება. ამასთან შედეგს დიდი მნიშვნელობა ექნება მსოფლიო რეიტინგში დასაწინაურებლადაც.

ნაკრების ხელმძღვანელობა იმასაც ამბობს, რომ ჩვენს ბიჭებს რთული ბრძოლა ელით, მაგრამ იქვე პირობას დებენ რომ თავს არ დაზოგავენ და რომ მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

ბორჯღალოსანთა ახალზელანდიელი დამრიგებლის თქმით, ამისთვის ყველა პირობა არსებობს, მოთამაშეები არიან კარგ ფორმაში და ნაყოფიერადაც ემზადებიან.

…თამაში 15 საათზე დაიწყება, ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია. ბილეთების შეძენა დღესვეა შესაძლებელი "მიხელ მესხისა" და "დინამო არენას" სალაროებში. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ბილეთები დანომრილია და საქართველოს რაგბის კავშირის თხოვნაა, რომ გულშემატკივარმა დროულად დაიჭიროს თადარიგი.

საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ მორაგბეთა ნუსხა:

დავით ხინჩაგიშვილი, დავით ზირაქაშვილი, დავით ქუბრიაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, იური ნატრიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ნემსაძე, ვახტანგ მაისურაძე, ვიქტორ კოლელიშვილი, შალვა სუთიაშვილი, მამუკა გორგოძე, ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი, ირაკლი აბუსერიძე, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი, მერაბ კვირიკაშვილი, ლაშა ხმალაძე, მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა, თედო ზიბზიბაძე, რევაზ გიგაური, ირაკლი მაჩხანელი, ალექსანდრე თოდუა, ირაკლი ყიასაშვილი, გიორგი ფრუიძე, საბა ნიკოლავა, თამაზ მჭედლიძე.

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ტანა უმაგა

მენეჯერი: ვასილ აბაშიძე

ექიმი: ერიკ დალასი

ექიმი: ბესო აბრამიშვილი

ფიზმომზადების მწვრთნელი: ტონი ბურჟერი

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი