იაპონელებმა ბორჯღალოსნების წაუგებელი სერია შეწყვიტეს
20 ნოემბერი, 2012
285
print

ბორჯღალოსნებმა იაპონელებს "მიხეილ მესხზე" ტესტ-მატჩით უმასპინძლეს, მაგრამ...

იმედი არ გამართლდა. საქართველოს ნაკრებმა, როგორც სჩვევია, ჯანით და ჟინით კი ითამაშა, მაგრამ სტუმართა შემართებამ შედეგი გამოიღო 25:22.

წაგება არავის სიამოვნებს, მაგრამ ყველაზე დასანანი ის არის, რომ შინაურ კედლებში წაუგებელი სერია შეწყდა.

ბორჯღალოსნებმა თავისი გულშემატკივრის თვალწინ ბოლოს 2006 წლის 4 ივნისს "ბარბაროსებთან" წააგეს, მაგრამ ამავე წლის 28 ოქტომბრიდან მათ საკუთარ მოედანზე არ წაუგიათ და ასე გრძელდებოდა 21 თამაში. დღევანდლამდე ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილზე იყო და ახლოს იყო სტატისტიკის გაუმჯობესებასთანაც, მაგრამ... არადა, იაპონიასა და ფიჯისთან (რომელიც გუშინ ეწვია საქართველოს) მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გადავიდოდა და მის წინ მხოლოდ ახალი ზელანდია იქნებოდა.

"ოლ ბლექსს" ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია ჰქონდა საკუთარ კედლებში - 2003 წლის ივნისიდან 2008 წლის ივლისამდე (30 მატჩი).

მეორე სერიაც მათ ანგარიშზეა. ის 2009 წლის სექტემბრიდან იღებს სათავეს და ახლაც გრძელდება.

საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და დაიხარჯა, მაგრამ ოსტატობამ თავისი ქნა. იაპონიამ ბოლო წამზე არეკნით 25:22 იმარჯვა. ბოლო წამამდე კი 22:22 იყო.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა წაგება უდისციპლინობასა და არაორგანიზებულობას დააბრალა: "სამწუხაროა, რომ საკუთარ მოედანზე წაუგებელი მატჩების სერია შევწყვიტეთ.

დაცვაში ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. დროდადრო შეტევაც კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ თამაშის ორგანიზაციასა და დისციპლინაში მოვიკოჭლებდით.

მიზანი იყო, ძალისმიერად გვეთამაშა და ამით უპირატესობა მოგვეპოვებინა, მაგრამ დავაშავეთ, რომ ამ მხრივ ზედმეტად გავერთეთ და იქ მოპოვებული უპირატესობა თამაშის ხაზში გადატანაში არ გამოვიყენეთ.

ბიჭებმა მოინდომეს, 75 წუთი კარგად ითამაშეს, მაგრამ ბოლო ხუთი წუთი ჩააგდეს, რისთვისაც დაისაჯნენ.

მატჩის ბოლოს უკეთესი იქნებოდა არეკნი ჩვენ დაგვერტყა და ამით გვეცადა მიზნის მიღწევა, მაგრამ რადგან მეტოქის ჩათვლის მოედანთან ვიყავით, ბიჭებმა ლელოს გატანა სცადეს და მერე მდგომარეობა შეიცვალა, რის შემდეგაც არეკნი ჩვენ მივიღეთ. ასეთი რამ ხშირად ხდება თანაბარი ძალის გუნდებს შორის თამაშისას.

გუნდს ისე რომ ეთამაშა, როგორც პირველ 20 წუთში, სხვა სურათს მივიღებდით.

კმაყოფილი ვარ შეცვლებით, ყველამ შეასრულა დავალება და წაგებას მათ ვერ დავაბრალებ.

ერთ კვირაში, ფიჯისთან რთული თამაში გველის. უნდა გავითვალისწინოთ დაშვებული შეცდომები, გამოვასწოროთ ისინი და წლის ბოლო საშინაო მატჩი გამარჯვებით დავასრულოთ".

ფიჯისთან ტესტ-მატჩისთვის მილტონ ჰეიგს აქვს დრო მდგომარეობის გამოსასწორებლად და იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომელმაც თავი იჩინა იაპონიასთან შეხვედრაში.

ფიჯის ნაკრები გუშინ გამთენიისას ჩამოვიდა თბილისში. ჩამოვიდა ინგლისური ტურნედან, სადაც ჯერ ინგლისთან ითამაშეს, შემდეგ კი - ირლანდიის A ნაკრებთან.

კუნძულელებს რეაბილიტირებისთვის ქართველებზე გამარჯვება სჭირდებათ, რადგან ინგლისში ორივე მატჩი წააგეს. თუ ინგლისს, ასე თუ ისე, წინააღმდეგობა გაუწიეს და 12:54 დამარცხდნენ, ირლანდიის ნაკრებთან მშრალი ანგარიშით - 0:53 წააგეს.

ფიჯელები საქართველოს 35-კაციანი დელეგაციით ეწვივნენ და თქვეს, წაგებათა სერია საქართველოში უნდა შევწყვიტოთო.

გამარჯვებისთვის იბრძოლებენ ქართველი მორაგბეებიც, რომლებსაც იაპონიასთან წაგების შემდეგ ასევე სურთ რეაბილიტირება.

საქართველო და ფიჯის ნაკრები 24 ნოემბერს "მიხეილ მესხზე" შეხვდებიან ერთმანეთს. მატჩი 15 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი იგივეა - 5 და 10 ლარი.

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი