ფიჯის კუნძული "მიხეილ მესხზე" - ბორჯღალოსნები დამარცხდნენ
27 ნოემბერი, 2012
317
print

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სიძლიერის განმსაზღვრელი ერთა თასის გათამაშება რომ არ არის, ამაში "მიხეილ მესხზე" ნოემბრის ტესტ-მატჩებში ჯერ იაპონიასთან, ახლა კი ფიჯის ნაკრებთან თამაშმა დაგვარწმუნა.

იაპონიასთან ერთი კვირის წინათ წაგებული შეხვედრის შემდეგ ბორჯღალოსნები ფიჯისთანაც დამარცხდნენ - 19:24.

პირველი ტაიმი სტუმართა იერიშით დაიწყო. მესამე წუთზე დარტყმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში გაიხსნა - 0:3. დაახლოებით ორ წუთში ლელო და იქვე ზუსტად შესრულებული გარდასახვაც მივიღეთ - 0:10.

მეათე წუთისთვის საქართელოს ნაკრების ჯერი დადგა - მივიღეთ ჯარიმის დარტყმის უფლება, რაც მერაბ კვირიკაშვილის ზუსტი შესრულებით დასრულდა - 3:10. სამიოდე წუთში კვირიკაშვილმა კიდევ ერთი "სამქულიანი" მიითვალა.

ტაიმის შუაწელში ფიჯელებმა უპირატესობა მეორე ლელოთი გაზარდეს, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს - 6:15.

დაახლოებით ათ წუთში საქართველოს ნაკრებს პირველი ლელო მოუტანა დავით ხინჩაგიშვილმა, რასაც კვირიკაშვილის გარდასახვაც მოჰყვა - 13:15.

ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე საქართველოს ნაკრები პირველად დაწინაურდა ანგარიშში - საჯარიმოს სამი ქულით მერაბ კვირიკაშვილმა დაგვაწინაურა - 16:15, მაგრამ კუნძულელებმა საჯარიმოთი მალევე აღადგინეს სტატუს კვო - 16:18, რასაც მასპინძელთა გააქტიურება მოჰყვა.

ტაიმს ისევ კვირიკაშვილმა დაუსვა წერტილი - საჯარიმო ზუსტად დაარტყა. რთული, დაძაბული და საინტერესო პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შესვენებაზე კარგი განწყობით გავიდა - 19:18.

მატჩის მეორე ტაიმი პირველისგან განსხვავებული სცენარით წარიმართა - ქაოსურ თამაშს თან ახლა ფეხბურთის ელემენტები. თუ პირველ ნახევარში მეტოქეები პირველივე წუთებიდან ახერხებდნენ ქულების აღებას, მეორე ტაიმში ნახევარი საათი ისე გავიდა, ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო ქულის მოპოვება, მერე კი ფიჯელებმა საჯარიმო დარტყმა გამოიყენეს და ორი ქულით დაწინაურდნენ - 21:19.

ათ წუთში სტუმრებმა კიდევ ერთი საჯარიმო შეასრულეს ზუსტად და ხუთი ქულით გაზარდეს ანგარიში - 24:19. ბორჯღალოსნებს მდგომარეობის გამოსასწორებლად ძირითადი დროის სამი წუთი და მსაჯის მიერ დამატებული დრო რჩებოდათ.

შეხვედრის ბოლო წუთებში მასპინძლებმა თავი გამოიდეს, გააქტიურდნენ, მაგრამ... ანგარიში იგივე დარჩა. საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში უქულოდ დარჩა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა წაგების მიზეზებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ იცის, რასაც აკეთებს და რასაც მიაღწევს.

"მეორე ტაიმში ცუდად თამაშს ახსნა არ მოეძებნება. მთავარი მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ბურთის შენარჩუნებას ვერ ვახერხებდით, - ნაკლოვანებებზე მიუთითა მილტონ ჰეიგმა. - მარტივ სიტუაციაში ბურთს რომ კარგავ, უნდა იცოდე, რომ აუცილებლად დაისჯები. ჩვენ სწორედ ეს დაგვემართა. ამასთან, დიდ ენერგიას ვხარჯავდით შერკინებაში, ფაქტობრივად, ვჭიდაობდით. იაპონიასთან და ფიჯისთან წაგებისთვის ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ - მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც. ეტყობა, ბოლომდე მზად არ ვიყავით, არადა, ორივე თამაშის მოგება შეგვეძლო.

თავიდან გუნდი ვერ დალაგდა და ათი ქულით ჩამოვრჩით, მაგრამ მერე გამოვასწორეთ მდგომარეობა და გაშლილი თამაში დავიწყეთ, მეორე ტაიმში კი მეტოქემ იგივეს გაკეთების საშუალება არ მოგვცა. წაგების მიუხედავად, ვიცით, რასაც ვაკეთებთ და რასაც მივაღწევთ. ხანდახან ვარდნა გვაქვს, ხანდახან კი ყველაფერი კარგად მიგვდის. თამაშს პატარა ნიუანსები იგებს ან აგებს. სამწუხაროდ, მატჩის ბოლოს ამ ნიუანსებმა ჩვენს წინააღმდეგ იმუშავა".

საქართველო-ფიჯი  19:24

საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

16. შალვა მამუკაშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დავით ზირაქაშვილი, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. გიორგი ბეგაძე, 21. ბექა ბიწაძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. თედო ზიბზიბაძე.

მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

ფიჯი: 15. მეტუსეილა ტალემბულა, 14. აისეა ნატონგა, 13. საულა რანდინდი, 12. ვერენიკი ნგონევა, 11. ვატისონი ვოტუ, 10. ჯონეტანი რალულუ, 9. ნიკოლა მატავალუ. 1. ჯერი იანუტავა, 2. ვილიამე ვეიკოსო, 3. სეტეფანო სომოსა, 4. ლეონე ნაკარავა, 5. აპისალომე რატუნირავა, 6. აპი ნაიკატინი, 7. მალაკაი რავულო, 8. ილიესა რატუვა.

16. ტუაპატი ტალემაი-ტონგა, 17. მანასა საულო, 18. ჯერი ნაურეურე, 19. ჯოვილი ნდომი-ლაილაი, 20. ნემანი ნანგუსა, 21. კელემენდი მბოლა, 22. სამუელა ვარა, 23. მალაკაი ვოლაუ.

მწვრთნელი: ინოკე მალე

მსაჯი: პასკალ გოზერი (საფრანგეთი)

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი