თოჯინების მუზეუმი გობელენის ოსტატს მასპინძლობს
26 თებერვალი, 2010
435
print

თინათინ თუმანიშვილის სახელობის თბილისის თოჯინების მუზეუმი, მხატვარ გივი ყანდარელის გობელენისა და აკვარელის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს.

ის, სიმბოლურად, 21 თებერვალს, მხატვრის დაბადების დღეს გაიხსნა. ბატონ გივის წელს 77 წელი შეუსრულდებოდა...

გივი ყანდარელი კოლეგების მიერ "გობელენის მამად" არის აღიარებული. "საერთაშორისო ტაპისეების (გობელენის) ხელოვნების არენაზე ის მონათლეს გობელენის მეფედ. თანამედროვე აღორძინების გობელენის მამის, - ლურსას შემდეგ, გივი ყანდარელი მსოფლიოში აღიარებული დიდოსტატია." - ასე ახასიათებს ხელოვანს ციურიხის უნივერსიტეტის ხელოვნების პროფესორი, ლინ ლე-ჩენი.

გივი ყანდარელი 1933 წელს, საგარეჯოში დაიბადა. მისი შემოქმედებითი წინსვლა ხელოვნებათმცოდნესა და მხატვარ, დავით ციციშვილს, მნიშვნელოვნად უკავშირდება. 60-იანი წლების დასაწყისში, თბილისის სახელმწიფო სამხავრო აკადემიაში, ტექსტილის განყოფილება გაიხსნა. დავით ციციშვილმა ზუსტად განსაზღვრა და შეაფასა ახალგაზრდა პედაგოგის პოტენციალი და აჩვენა მას სწორი გეზი, - გობელენის ხელვნება, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ უცნობი იყო.

ის სტაჟირებაზე პრაღაში, ანტონ კიბალთან გააგზავნეს. მისი შემოქმედება პირობითად შეიძლება რამდენიმე ეტაპად დაიყოს. პირველ ეტაპზე იგი ხვეწდა გობელენის ტექნიკას, სინჯავდა ქსოვაში ძაფის გამოყენების შესაძლებლობებს. შემდეგ, 70-იანი წლებიდან 80-იანი წლებისათვის, დადგა მისი შემოქმედებითი სიმწიფის პერიოდი. სწორედ ამ ეტაპზე, 1979 წელს შექმნა თავისი განსაკუთრებული ნამუშევარიც, - "ფიროსმანის სიზმარი", რომლის ფართობი 24 კვ.მეტრია და ხელოვანის სამწლიანი შრომის შედეგს წარმოადგენს. 1988 წლიდან მოყოლებული ის ცხრაჯერ იმყოფებოდა ჩინეთში, სადაც ატარებდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სამხატვრო სასწავლებლებში. ეტიუდების შესაქმნელად კი მოგზაურობდა სხვადასხვა პროვინციებში. 1965 წლიდან მოყოლებული მან 200-ზე მეტი გობელენი მოქსოვა.

მის მიერ შერჩეული ტონებისა და ნახევარტონების შეხამება ფერწერულ ასპექტს ქმნის. ამავეს ამბობს გივი ყანდარელის ყოფილი სტუდენტი და თბილისის თოჯინების მუზეუმის დირექტორი, - ნანა ოქრუაშვილი: "მისი ნამუშევრების ცქერისას ვერ იტყვით, რომ ეს ყველაფერი ძაფითაა შესრულებული. ეს არის ფერწერა თავისი მონასმებითა და ფერებით. თოჯინების მუზეუმი დაარსების დღიდან თანამშრომლობდა ისეთ გამოჩენილ ხელოვანებთან, როგორებიც არიან ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი და სხვა. გივი ყანდარელის ნამუშევართა გამოფენა კი, ამ ტრადიციის ერთგვარი გაგრძელებაა. ჩვენთვის დიდი პატვია, რომ ბატონი გივის მეუღლემ, - მალი ლიუ-ყანდარელმა, არჩევანი ჩვენზე შეაჩერა და ექსპოზიციები გამოსაფენად სწორედ ჩვენ გადმოგვცა."

მისი ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნებში, კოლექციებში. 60-იანი წლებიდან ყანდარელის ქმნილებებს ფენენ მოსკოვში, გერმანიაში, შეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. ასე რომ, გივი ყანდარელის ხელოვნებას აუდიტორია ნამდვილად არ აკლია, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გარდაცვალების შემდეგ ეს მისი პირველი გამოფენაა საქართველოში. ეს ფაქტი კი ყანდარელის შემოქმედების თაყვანისმცემლებს, რომლებიც საკმაოდ მრავლად არიან, ექსპოზიციისადმი დიდ ინტერესს უღვივებს.

ნინო ხარატიშვილი

 

სხვა სიახლეები
16 ივლისი 14:34 ხელოვნური სულისკვეთებით
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან