ქვის ხანის უძველესი მეზღვაურები
02 მარტი, 2010
615
print

მეცნიერები ადრეული ადამიანის საზღვაოსნო შესაძლებლობებზე შეხედულებას იცვლიან.

განვითარების ადრეულ საფეხურზე მყოფი ადამიანები და, შესაძლოა, ჩვენი უფრო ადრეული წინაპრებიც კი, როგორც ჩანს, ნაოსნობას უფრო დიდი ხანია ეწევიან, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.

გასული ორი ზაფხულის განმავლობაში, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე გაკეთებული აღმოჩენების საფუძველზე სწორედ ასეთი გასაოცარი დასკვნა კეთდება. არქეოლოგების თქმით, იქ ნაპოვნი ქვის ხელსაწყოები არანაკლებ 130 ათასი წლისაა, ეს კი ხმელთაშუა ზღვაში ზღვაოსნობის ყველაზე ადრეულ დამადასტურებელ უტყუარ საბუთადაა მიჩნეული და დედამიწაზე ადამიანის გაჩენამდე არსებული კულტურების საზღვაოსნო პოტენციალის შესახებ არსებული მოსაზრებების შეცვლის საფუძველს იძლევა.

კრეტა, როგორც კუნძული, ხუთ მილიონ წელზე მეტია არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხსენებული ხელსაწყოების დამამზადებლები აქ ზღვით უნდა მოსულიყვნენ. ქვის ხანაზე მომუშავე არქეოლოგების თქმით, ამ დასკვნის საფუძველზე დასაშვებია ვარაუდი, რომ ხმელთაშუა ზღვაზე მოგზაურობის ისტორია 100 ათას წელზე მეტი ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ, რადგან უფრო ადრე ნაპოვნი ნაკეთობები ცხადყოფს, რომ ადამიანი კვიპროსზე, რამდენიმე სხვა ბერძნულ კუნძულსა და, შესაძლოა, სარდინიაზეც არაუადრეს 10-12 ათასი წლის წინ დასახლდა.

უძველესი დადასტურებული საზღვაო მოგზაურობა თანამედროვე ანატომიური homo sapiens-ის ზღვის გავლით ავსტრალიაში მიგრაცია იყო, რაც დაახლოებით 60 ათასი წლის წინ დაიწყო. არსებობს ასევე მონაცემები, კერძოდ, ჩონჩხები და ნაკეთობები ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე, რომლებიც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ უფრო ადრეული ჰომინიდები ახალი საცხოვრისისაკენ გზას ზღვით მიიკვლევდნენ.

კიდევ უფრო დამაინტრიგებელია იმ არქეოლოგების მოსაზრება, რომლებმაც კრეტაზე ხელსაწყოები აღმოაჩინეს. მათი თქმით, აღმოჩენილი ნაჯახების სტილი იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ისინი სულაც 700 ათასი წლის წინაა დამზადებული. არქეოლოგები აღიარებენ, რომ ეს ვარაუდი შეიძლება გადაჭარბებული იყოს, მაგრამ ნაპოვნი ხელსაწყოები აშელის სახელით ცნობილი კულტურისათვის დამახასიათებელი ხერხით დამზადებულ ნაკეთობებს ჰგავს, ამ კულტურის ფესვები კი აფრიკაში ადამიანის გაჩენამდე არსებულ მოსახლეობას უკავშირდება.

ორი ათასზე მეტი ნაკეთობა, მათ შორის ხსენებული ნაჯახები, ტომას სტრასერისა და ელენი პანაგოპულუს ჯგუფმა კრეტის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ პლაკიასის მახლობლად აღმოაჩინა. ქალბატონი პანაგოპულუ საბერძნეთის კულტურის სამინისტროში მუშაობს, ბატონი სტრასერი კი როდ აილენდის ქალაქ პროვიდენსის კოლეჯის ხელოვნების ისტორიის ასოცირებული პროფესორია. მათ ეხმარებოდნენ ბერძენი და ამერიკელი გეოლოგები და არქეოლოგები, მათ შორის კერტის რანელსი ბოსტონის უნივერსიტეტიდან.

დოქტორმა სტრასერმა გასულ თვეს გაკეთებული აღმოჩენა ამერიკის არქეოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელთა შეკრებაზე წარმოადგინა.

ოფიციალური ანგარიში გამოსაქვეყნებლად გადაეცა ამერიკის კლასიკური ეპოქის სკოლის ჟურნალს "ჰესპარიას", რომელიც ჯგუფს საველე სამუშაოების წარმართვაში ფინანსურ დახმარებას უწევდა.

ქალბატონი პლაკიასის ჯგუფი უფრო გვიანდელი ოსტატების ნაკეთობებს ეძებდა, მაგრამ 11 ათას წელიწადზე უფრო ძველი ვერაფერი იპოვა. ასეთი ნაკეთობებია მეზოლითისა და ნეოლითის პერიოდისათვის ტიპური დანები და შუბებისა და ისრების წვეტები.

"ჯერ ეს ნაკეთობები ვიპოვეთ, შემდეგ კი ნაჯახები," - განაცხადა ამას წინათ დოქტორმა სტრასერმა. ამან ჯგუფს უფრო ადრეული ხანის შესწავლა გადააწყვეტინა.

"რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში დოქტორმა რანელსმა, - ეს ნაკეთობები იქ უბრალოდ არ უნდა ყოფილიყო".

ცნობები ამ აღმოჩენის შესახებ ქვის ხანაზე მომუშავე მეცნიერებს შორის განიხილება. რამდენიმე მკვლევარი, რომლებსაც ნაკეთობები ან მათი სურათები ნანახი აქვთ (მათი უმრავლესობა საბერძნეთში ინახება), აღელვებულია და დიდ შთაბეჭდილებაზე ფრთხილად ლაპარაკობს. თუკი უკვე არსებული შედეგები შემდგომი კვლევებითაც დადასტურდა, ტექნოლოგიური განვითარებისა და ადამიანის გაჩენის შემდეგ და მის გაჩენამდე მიმდინარე მიგრაციის აღიარებული და სახელმძღვანელოებში მოცემული ქრონოლოგია სრულიად დაირღვევა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ავტორიტეტული არქეოლოგი ოფერ ბარ-იოსეფი, რომელიც ქვის ხანაზე მუშაობს, ამბობს, რომ აღმოჩენის მნიშვნელობა თვით ადგილის დათარიღებაზე იქნება დამოკიდებული.

"როცა მკვლევარები დათარიღებას დაასრულებენ, - წერდა ის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ წერილში, - აღმოჩენის მნიშვნელობაზე უფრო ზუსტი წარმოდგენა შეგვექმნება".

დოქტორი ბარ-იოსეფი ამბობს, რომ კრეტაზე ნაპოვნი ხელსაწყოების სულ რამდენიმე ფოტო აქვს ნანახი. მისი თქმით, ფორმის საფუძველზე ასაკის მხოლოდ მიახლოებით განსაზღვრა თუ შეიძლება, მაგრამ "ნაკეთობების შესწავლამ შეიძლება სხვა წარმოდგენა შეგვიქმნას". ის ასევე ამბობს, რომ დათარიღებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

დოქტორი რანელსი, რომელსაც ქვის ხანაზე მუშაობის 30 წლის გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ სამ გეოლოგთან ერთად ჩატარებული ანალიზი "მიდამოს ასაკის თაობაზე არც ისე დიდ ეჭვს ბადებს, თვითონ ნაკეთობები კი შეიძლება უფრო ძველიც კი იყოს".

მეცნიერების თქმით, სანაპიროსთან მდებარე კლდეები და ქვაბულები ტექტონური ძალების მოქმედების შედეგად წარმოიქმნა, რადგან აქ აფრიკული ფილა ქვემოდან აწვება და მაღლა სწევს ევროპულ ფილას. აწეული შრეები, რომლებიც ახლა კარგად ჩანს, გეოლოგიური პერიოდების თანმიმდევრობას წარმოაჩენს. ეს პერიოდები კარგადაა შესწავლილი და დათარიღებული და ზოგ შემთხვევაში ბოლო გამყინვარების ხანის ყინულოვან და გამყინვარებათაშორის პერიოდებთან შესაბამისობაშია მოყვანილი. ამას გარდა, ჯგუფმა გააანალიზა ფენა, რომელშიც ნაკეთობები იქნა ნაპოვნი და დაადგინა, რომ ნიადაგის ეს ფენა 130-190 ათასი წლის წინათაც ამ ადგილას იყო.

დოქტორი რანელსი ამბობს, რომ დადგენილი ასაკი თვით ნაკეთობებისთვის მინიმალური ჰგონია. მათ შორისაა არა მხოლოდ კვარცის ნაჯახები, არამედ ასევე დანები და საფხეკები, რომლებიც აშელის კულტურის სტილშია დამზადებული. არქეოლოგების თქმით, ამ ხელსაწყოების ასაკი იმ მომენტისათვის, როცა ისინი კრეტის კლდეებში დროში გაიყინა, შეიძლება მილიონობით წელი ყოფილიყო.

დოქტორი რანელსის აზრით, ხელსაწყოები შეიძლება გეოლოგიურ ფენაზე ორჯერ უფრო ძველი იყოს, დოქტორი სტრასერის თქმით კი, მათ ასაკებს შორის განსხვავება შეიძლება 700 ათას წელსაც კი აღწევდეს. 130 ათასი წლის ასაკი იმას ნიშნავს, რომ ნაკეთობები 200 ათასი წლის წინ homo sapiens-ის აფრიკაში გაჩენიდან გარკვეული ხნის შემდეგ დამზადდა. ადამიანის მიერ ევროპაში დატოვებული კვალი 50 ათას წელზე ძველი არ არის.

არქეოლოგებს შეუძლიათ მხოლოდ ივარაუდონ, თუ ვინ დაამზადა ეს ნაკეთობები. 130 ათასი წლის წინ თანამედროვე ადამიანის წინაპრები დედამიწაზე სხვა ჰომინიდებთან, ნეანდერტალელებთან და Homo heidelbergensis-ებთან ერთად ცხოვრობდნენ. მიჩნეულია, რომ აშელის კულტურა homo erectus-ით იწყება.

აქამდე მიღებული ჰიპოთეზის თანახმად, აშელის კულტურის წარმომადგენლებმა ევროპასა და აზიას ახლო აღმოსავლეთის გავლით მიაღწიეს და ბალკანეთში ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიის გავლით მოხვდნენ. ახალი აღმოჩენა კი მიანიშნებს, რომ მათი მიგრაცია სახმელეთო გზებით არ შემოიფარგლებოდა. ახლა შეიძლება უფრო სარწმუნო გახდეს თეორია, რომლის თანახმადაც მიგრაცია აფრიკიდან ესპანეთში, გიბრალტარის სრუტის გავლითაც ხდებოდა.

"ვერ ვიტყვით, რომ ამ ხელსაწყოების დამამზადებლები 200 მილით დაშორებული ლიბიიდან მოვიდნენ, - ამბობს დოქტორი სტრასერი, - თუ ტივით მგზავრობ, ამისთვის დიდი დროა საჭირო, მაგრამ მათ შეეძლოთ აქამდე ევროპის კონტინენტიდან საბერძნეთის ერთი კუნძულიდან მეორეზე მოკლე მანძილების გადალახვით მოეღწიათ".

მაგრამ არქეოლოგებისა და ადრეული ზღვაოსნობის სპეციალისტების თქმით, ისე ჩანს, რომ ამ საოცრად ძველ მეზღვაურებს ტივზე უფრო მყარი და საიმედო ტრანსპორტი ჰქონდათ. მათ შემეცნების უნარიც უნდა ჰქონოდათ, რომ ზღვით დიდ მანძილზე რეგულარულად ემოგზაურათ და ადგილზე დაემკვიდრებინათ მოსახლეობა, რომელიც ამდენ ნაკეთობას დაამზადებდა.

ჯონ ნოუბლ უილფორდი

ტეგები
სხვა სიახლეები
01 იანვარი, 2017 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“