"რთველი 2009" - ტრადიციული პრობლემებით
15 სექტემბერი, 2009
311
print

13 სექტემბერს, ტრადიციულად - გურჯაანში, "რთველი-2009"-ის მშვიდად ჩატარებისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით სპეციალური შტაბი გაიხსნა. როგორც შტაბის ხელმძღვანელმა ტარიელ გულუამ გვითხრა, მთავრობის მიერ გამოყოფილი სუბსიდია - დანამატი 25 თეთრი საფერავზე, 15 კი - რქაწითელზე მხოლოდ გლეხებისთვისაა განსაზღვრული და არა იმ ფერმერებისთვის, რომლებსაც 10 ჰა-ზე მეტი ვენახი აქვთ.

"ეს არის პროგრამა მხოლოდ გლეხებისთვის და არა იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც 10 ჰა ვენახს ფლობენ. მათ რთვლის დაწყებას არავინ უშლის. უბრალოდ, დანამატს ვერ მიიღებენ - ასეთია სახელმწიფო პროგრამის მიმართულება," - გვითხრა ტარიელ გულუამ.

გაჭირვებული ქართველის მოხერხების ამბავი მოგეხსენებათ - ვისაც ამის გამოცდილება უკვე ჰქონდა (შარშანაც ანალოგიურად მოხდა სუბსიდირება), კუთვნილი ნაკვეთი დაშალა და ახლობლების სახელზე ფიქტიურად გადააფორმა. ვინც ეს ვერ მოახერხა, დანამატი თანხის მიღება კი არა, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე ვენახის დაკრეფაც კი პრობლემა გაუხდა. მათი განცხადებით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები აფრთხილებენ, რომ მათთან შეუთანხმებლად ყურძნის დაკრეფა არ გაბედონ, რადგან ჯერ გლეხის მოსავალია დასაბინავებელი და შემდეგ, თუკი მოხერხდა, მათაც მიხედავენ. "ჩემი ყურძენი თუ უახლოეს ხანში არ დაიკრიფა, მირჩევნია ვაზზე დავტოვო, რადგან დაჩამიჩდება, წონაც დააკლდება და ხარისხიც; მუშის ხარჯის დამატებას აზრი არ აქვს, ჩემს გაჭირვებას ეს აღარ უნდა. მაინც არ მესმის, ეს რა მიდგომაა?! კერძო პიროვნებას მინდა დავუკრიფო, ამის უფლებაც არ მაქვს?!" - კითხულობენ გაკვირვებული ფერმერები, მაგრამ საკუთარი ვინაობის დასახელებისგან მაინც თავს იკავებენ.კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, "წელს კახეთში ყურძნის რა რაოდენობის მოსავალიც არ უნდა იყოს, მისი დაბინავება უპრობლემოდ მოხდება."თუმცა, ჯერჯერობით ტრადიციულ პრობლემად კვლავ დარჩა ჰიბრიდული ჯიშების, ე. წ. "უწამლის" რეალიზება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამის მიხედვით (1 ჰა გაჩეხილი ვაზის სანაცვლოდ სახელმწიფომ გლეხს 2000 ლარი გადაუხადა), უწამლის ჯიშის ყურძენი უმრავლესობამ ამოძირკვა, მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში წელს 3 ათას ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის მოსავალს ელოდებიან. როგორც შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, მისი სავარაუდო ფასი 18-20 თეთრი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, კერძოდ, რომელი ქარხანა ჩაიბარებს ამ ჯიშის ყურძენს, ან როდის გადაწყდება ეს საკითხი და სად უნდა მიაკითხოს გლეხმა.სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კახეთში მხოლოდ 8 ღვინის ქარხანა იღებს ყურძენს, შტაბის უფროსი არ ეთანხმება, "ამ ეტაპზე გახსნილია 12 ღვინის ქარხანა, დანარჩენი ქარხნები ამუშავდება იმის მიხედვით, რისი საჭიროებაც იქნება. მოსავლის ძირითადი ნაწილი ჯერ კონდიციაში არ არის, ანუ შაქრიანობა 20 გრადუსს ვერ აღწევს და როცა ამ დონემდე აიწევს, ქარხნებიც შესაბამისი სიმძლავრით დაიტვირთება," - გვითხრა მან.

რთველი-2009 აქტიურ ფაზაში შედის. მის წარმატებით ჩასატარებლად ხელისუფლება სხვადასხვა ნაცად და ინოვაციურ ხერხებსაც მიმართავს, თუმცა ტრადიციული პრობლემები, რომლებიც ძირითადად ბაზრის არარსებობითაა გამოწვეული, კვლავ იჩენს თავს.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014