თურქეთის ახალი სახე - “ISTANBUL BAZAAR”
15 სექტემბერი, 2009
451
print

თურქეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში პირველი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება

ოქტომბრის დასაწყისში სარფის საბაჟოდან 2 კილომეტრში, დაბა ჰოფასთან ახლოს სავაჭრო ცენტრი “ISTANBUL BAZAAR”-ი გაიხსნება. ცენტრს საინვესტიციო ჯგუფი “ჰუზეი” დაახლოებით 2 თვის განმავლობაში აშენებდა. “ISTANBUL BAZAAR”-ი თურქეთ-საქართველოს სასაზღვრო ზონაში მთავარი სავაჭრო ობიექტი იქნება.

სავაჭრო ცენტრი ბათუმის აეროპორტიდან 30 წუთში, ჰოფადან 15 წუთში, ხოლო ტრაბზონიდან საათ-ნახევრის სავალ გზაზეა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, “ISTANBUL BAZAAR” -ის საქართველოს საზღვართან სიახლოვის გამო, ვაჭრობაში აქტიურად ჩაერთვებიან ქართული ბიზნესის წარმომადგენლები. მასშტაბური სავაჭრო ცენტრი “ISTANBUL BAZAAR”-ი 15 ათას კვ/მ-ს მოიცავს და დახურულ ობიექტში 150 მაღაზია განთავსდება, სადაც წარმოდგენილი იქნება მსოფლიო ბრენდები.
სავაჭრო ცენტრი უზრუნველყოფილი იქნება ინტერნეტით, ცხელი ხაზითა და 24-საათიანი დაცვით. თურქეთის რესპუბლიკის შავიზღვისპირა ზონაში ასევე დაგეგმილია ლოჯისტიკური მომსახურების, სწრაფი კვების ობიექტების, კაფეების და სოციალური მომსახურების სააგენტოების მოწყობა.

“ISTANBUL BAZAAR”-ში 300-350 ადამიანის დასაქმებას ვარაუდობენ. მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც იქნებიან. რაც შეეხება საკუთრივ ობიექტის სპეციფიკას, სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელ ანდან გურუნის განცხადებით, “ISTANBUL BAZAAR”-ში ყველანაირი პროდუქტის შეძენა იქნება შესაძლებელი, ხოლო ნაყიდ საქონელზე ანგარიშფაქტურის აღება მყიდველს იქვე შეეძლება. ახალი სავაჭრო ობიექტის შექმნით კმაყოფილები არიან ქართველი მოვაჭრეებიც, რადგან ართვინის რეგიონში მდებარე “ISTANBUL BAZAAR”-ში ნებისმიერი პროდუქტი იმავე ფასში გაიყიდება, როგორც სტამბულში. “თბილისში ტანსაცმლის მაღაზია მაქვს. პროდუქციის ჩამოტანა სტამბულიდან მიხდება, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩემთვის მსგავსი სავაჭრო ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით თანხებსაც დავზოგავ და დროსაც,” - აღნიშნა მაღაზიის მფლობელმა ნინო მაისურაძემ.

პირობები თავისუფალი ბიზნესისთვის ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნას იმპულსი თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულმა კეთილმეზობლურმა ურთიერთობამ მისცა. კერძოდ, 2007 წლის 21 ნოემბერს თბილისში ორმა ქვეყანამ სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმების ამოქმედების შემდეგ მხარეებმა იმპორტირებულ საწარმო პროდუქტზე გადასახადები გააუქმეს. მიმდინარე წელს ამ კუთხით კიდევ უფრო გაფართოვდა თანამშრომლობა. 2007 წლის შემდეგ საქართველოში ერთ პირს შეეძლო, დღგ-ს დაბეგვრის გარეშე 300 აშშ დოლარის ეკვივალენტის ღირებულების პროდუქტი შემოეტანა, დღეისთვის კი მოლაპარაკებების საფუძველზე ეს ზღვარი 1000 ლარამდე (დაახლოებით 1000 ლირა) გაიზარდა. ამ შეთანხმებას თურქეთში სავაჭრო კომპანიებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადგილობრივ ფირმებს საშუალება აქვთ, საქართველოში 50 ათას ლირამდე ღირებულების საქონლის ექსპორტი დღგ-ს დაბეგვრის გარეშე განახორციელონ. მას შემდეგ, რაც სავაჭრო საკითხები პოლიტიკურ დონეზე მოგვარდა, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან, რომ საქმიანობა საკუთრივ კერძო კომპანიებმა გაააქტიურონ.

ართვინის მერის მოადგილე ოსმალ ალთუნი სავაჭრო ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე “24 საათს” ესაუბრა. მას მიაჩნია, რომ “ISTANBUL BAZAAR”-ი თურქეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის განვითარებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. “2007 წლის 21 ნოემბერს საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის დადებულმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებამ ვაჭრობის განვითარებას ხელი შეუწყო. სავაჭრო ცენტრ “ISTANBUL BAZAAR”-ის გახსნით როგორც თურქეთის, ისე საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, რომ კიდევ უფრო გაზარდონ ბიზნესი,” - განაცხადა მერის მოადგილემ.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014