თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ ოლეგ მელნიკოვისა და მასთან ერთად ბრალდებულ შს სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესი ბრალდების მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდა.
შსს-ს წარმომადგენლები ოლეგ მელნიკოვი, დათა ახალაია, გერონტი ალანია და სოსო თოფურიძე ბრალდებულები არიან ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლების მალხაზ აზარაშვილის, დავით კურცხალიას და ზაზა მესხის ცემაში, სსსკ-ის 333 მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
გამოძიების მასალების მიხედვით, პოლიციელების ცემას წინ უძღოდა რესტორან „ძველ ქალაქში“ მომხდარი ინციდენტი. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, რესტორანში პოლიციელებმა ვანო მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას შეურაცხყოფა მიაყენეს, ამის შემდეგ პოლიციელები ე.წ. მოდულის შენობაში აიყვანეს და სცემეს.
ოლეგ მელნიკოვისა და დათა ახალაიას ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს საბრალდებო მუხლი არასწორი კვალიფიკაციით აქვთ წაყენებული. კერძოდ, ველიჯანაშვილის განმარტებით, იმ პერიოდში, რა პერიოდსაც ბრალდების მხარე მელნიკოვსა და დათა ახალაიას ედავება, არც ერთი მათგანი საჯარო მოხელე არ ყოფილა, მათ კი ბრალი წარდგენილი აქვთ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.
პროკურორ ლევან ბაჩიაშვილის თქმით კი, დაცვის მხარე შეგნებულად ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს მუხლი ბრალდებულებისთვის არასწორად არის წარდგენილი. ბაჩიაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს გააჩნია მტკიცებულებები, რომ ბრალდებულებისთვის წარდგენილი საბრალდებო მუხლი კვალიფიციურია და ისინი დამნაშავეები არიან.
გუშინდელ პროცესს მხოლოდ ოლეგ მელნიკოვი დაეწრო, რომლის ექსტრადირება უკრაინიდან საქართველოში, დაახლოებით, ორი თვის წინ მოხდა, დანარჩენი ბრალდებულები კი ძებნილები არიან.
პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, პროცესზე სამივე დაზარალებული პოლიციელის დაკითხვა მოესწროს. თუმცა, პროკურორის მოლოდინი არ გამართლდა, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პოლიციელის მალხაზ აზარიაშვილის დაკითხვა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მოწმემ დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი და მასთან ერთად ბრალდებულები სასტიკ ცემაში დაადანაშაულა.
მალხაზ აზარიაშვილმა ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ იგი სხვა პოლიციელში ზაზა მესხში აერიათ და ე.წ. მოდულის შენობაში დათა ახალაიას კაბინეტში სცემეს.
„ახალაიას კაბინეტში სოსო თოფურიძემ მიმიყვანა, კაბინეტში მელნიკოვი, ახალაია და ალანია ისხდნენ. დამიწყეს გამოკითხვა, თუ სად ვიმყოფებოდი 2 იანვარს. ვუთხარი, რომ სამსახურიდან სახლში წავედი, შემდეგ კი ჯიბაშვილის დაბადების დღეზე გადავინაცვლე. მეუბნებოდნენ, რომ ასე არ ყოფილა და მე ვიყავი რესტორან „ძველ სახლში“. შემდეგ მკითხეს, ვიცნობდი თუ არა თაკო სალაყაიას. ვუპასუხე, რომ არ ვიცნობდი. ამ პერიოდში ვანო მერაბიშვილი სამი კვირის დანიშნული იყო მინისტრად და შესაბამისად, თაკო სალაყაიას მაშინ არავინ იცნობდა. შემდეგ უხეშად მეკითხებოდა დათა ახალაია, ვიყავი თუ არა რესტორანში და შეიგინა. ვუთხარი, ეგრე იყოს-თქო. ალანიამ ამ დროს მუშტი ჩამარტყა, მერე ყველამ დამიწყო ცემა. დაახლოებით, ათი წუთის განმავლობაში მცემდნენ და მაგინებდნენ. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა დათა ახალაია, თუმცა, მირტყამდა ყველა,“ - განაცხადა მალხაზ აზარიაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ცემის დროს სოსო თოფურიძეს ანიშნა, რომ გული აწუხებდა და სწორედ ამის შემდეგ შეწყდა ფიზიკური ანგარიშსწორება.
ყოფილი პოლიციელის თქმით, ის ცემის შემდეგ სხვა ოთახში გადაიყვანეს, სადაც ორი პირი კვლავ ეკითხებოდა, იცნობდა თუ არა თაკო სალაყაიას და იმყოფებოდა თუ არა რესტორან „ძველ სახლში“.
„რომ ვუთხარი, არ ვიცნობ თაკო სლაყაის, მითხრეს, რომ იგი ვანო მერაბიშვილის მეუღლეა. დათა ახალაიამ მითხრა, რომ შეგვეშალე ზაზა მესხშიო. დათა ახალაია გავიდა, სოსო თოფურიძე დარჩა და გამომკითხა, რატომ მაწუხებდა გული, მე ვკითხე გამიშვებ-თქო? მითხრა, ცოტა ხანშიო. შემდეგ ისევ ორივე შემოვიდნენ და დათა ახალაიამ მითხრა, დაგაწინაურებო. იგი ისევ გავიდა, სოსო თოფურიძე დარჩა და მითხრა - მალხაზ, ხომ იცი, მე შენთვის არ დამირტყამსო. ვუთხარი, ჩივილს არ ვაპირებ-თქო და მართლა არ ვაპირებდი, რადგან ეს იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც აკეთებდა ყველაფერს, რაც სურდა და რაზეც გააჩნდა მანდატი,“ - განაცხადა აზარიაშვილმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ე.წ. მოდულის შენობიდან გაუშვეს, გზად შეხვდა ზაზა მესხი, რომელიც გააფრთხილა, რომ მოდულის შენობაში არ შესულიყო.
„როდესაც შემხვდა, მკითხა, ავარიაში მოყევიო? რაზეც ვუპასუხე, არა, შენში შევეშალე და მცემეს-თქო. მკითხა, კურცხალია, სად არისო, ვუთხარი, შიგნით არის, თუმცა არ მინახავს-თქო,“ - იხსენებს ყოფილი პოლიციელი.
მისი თქმით, აღნიშნული ინციდენტიდან მალევე სამსახური დატოვა, შემდეგ კრიმინალურ პოლიციაში შედარებით დაბალ თანამდებობაზე შესთავაზეს მუშაობა და მუშაობა დაიწყო. აზარიაშვილი აცხადებს, რომ კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, სადაც იგი მუშაობდა, სოდ-ის მაშინდელი უფროსი ირაკლი კოდუა და ვანო მერაბიშვილი მივიდნენ, მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს და გავიდნენ, მოგვიანებით მერაბიშვილმა დამიძახა და მომიბოდიშა:
„ვწუხვარ, მესხში რომ შეეშალეო. ირაკლი კოდუამ მომიყვა ეს ამბავიო,“ - განაცხადა მალხაზ აზარიაშვილმა.
ბრალდებულების ადვოკატები მალხაზ აზარიაშვილს 2004 წელს მომხდარი დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებენ.
კერძოდ, ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ თუკი მოდულის შენობაში დანაშაულს ჰქონდა ადგილი, აზარიაშვილს მომხდარი ფაქტი სამართალდამცავებისთვის უნდა ეცნობებინა.
ყოფილი პილიციელი მალხაზ აზარიაშვილი ამბობს, რომ მომხდარზე ჩივილი შიშის ფაქტორიდან გამომდინარე ვერ გაბედა.