დონბასში სეპარატისტების საწინააღმდეგო გაფიცვები დაიწყო
21 მაისი, 2014
892
print

უკრაინაში 25 მაისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უკანასკნელი სამზადისი მიმდინარეობს და ორიოდე კრიზისული რეგიონის გარდა ყველა ოლქში სრული წესრიგია. ორშაბათს რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო თვენახევრის განმავლობაში უკვე მესამედ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილ ჯარებს დისლოკაციის ადგილებში აბრუნებს, თუმცა სამშაბათსაც ჯარების უკანდახევა არ დაფიქსირებულა. კრამატორსკის და სლავიანსკის მიდამოებში ორი დღის წინ ისევ იყო სროლა და შეტაკებები, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალებულა. ბოლო დღეებში აშკარად არ უმართლებთ უკრაინის „ცხელ წერტილებში“ მომუშავე ჟურნალისტებს, ჩვენი კოლეგები „ორივე მხარემ“ დააკავა, თუმცა ზოგ შემთხვევაში ჟურნალისტების როლიც ცოტა სეჭვოდ გამოიყურება. ორშაბთ საღამოს მკაფიო და აქტიური პოზიცია დაიკავა უკრაინის უმდიდრესმა ბიზნესმენმა რინატ ახმეტოვმა, რომლის კომპანიებიც ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთის კრიზისულ ოლქებშია თავმოყრილი. იგი თავისი კომპანიების თანამშრომლების უზარმაზარი „არმიით“ გამოვიდა უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მხარეზე.

 

კვირასაც და კვირიდან ორშაბათამდე ღამითაც სლავიანსკის და კრამატორსკის მიდამოებში ისმოდა სროლა. შეტაკებებში დაუზუსტებელი მონაცემებით დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. სეპარატისტებს შორის დაჭრილების და დაღუპულების შესახებ ცნობა არ გავრცელებულა. კვირას უფრო მნიშვნელოვანი სიახლე იყო უკრაინელი სამხედროების მიერ ტერორისტ–დივერსანტთა ჯგუფის გაუვნებელყოფა, რომლებიც სავარაუდოდ კრამატორსკის აეროპორტზე თავდასხმას გეგმავდნენ. ეს ჯგუფი, მათ შორის, შეიარაღებული იყო მიწა–ჰაერი ტიპის რაკეტებით ანუ გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსით. საინტერესოა ის, რომ მათ აღმოაჩნდათ უცხოური (სავარაუდოდ რუსული) კომპლექსი, როგორიც უკრაინის არმიის შეიარაღებაში არ არის. ამ ჯგუფთან ერთად დააპატიმრეს კრემლის მხარდამჭერი ტელეარხის „LifeNews“–ის ორი ჟურნალისტი: ოლეგ სიდიაკინი და მარატ საიჩენკო. ისინი იღებდნენ ტერორისტ–სეპარატისტების მიერ უკრაინელ სამხედროებზე თავდასხმის სრულ პროცესს, მზადების ჩათვლით.

 

დაკავებისას ჟურნალისტებმა მოასწრეს რედაქციისთვის მოკლე ტესტური შეტყობინების მიწერა, რომ მათი საქმე ცუდად არის. რედაქციიდან საპასუხო ზარის დროს მათ ტელეფონი ჩართული დატოვეს, რისი მეშვეობითაც „LifeNews“–ში გაიგონეს მათი დაკითხვის პირველი ნაწილი. შემდეგ კონტაქტი გაწყდა. ჟურნალისტების გათავისუფლებისკენ უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდეს რუსეთის ჟურნალისტთა კავშირმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. რუსებმა თანადგომა ამ საქმეში სთხოვეს ეუთოსაც. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა მასობრივი ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა ასევე გამოთქვა შეშფოთება უკრაინაში ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვის გამო (ეს ოფიციალურ კიევს პრინციპში ნაკლებად ეხება) და სთხოვა უკრაინის მთავრობას სიცხადე შეიტანონ „LifeNews“–ის ჟურნალისტების საქმეში. ეუთომ წერილი მისწერა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაქოვს და ჟურნალისტების გათავისუფლება სთხოვა.

 

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილემ ვიქტორია სიუმარმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საშუალებით განაცხადა, რომ „ეს „ჟურნალისტები“ თან დაჰყვებიან ტერორისტულ ჯგუფებს და იღებენ თავდასხმებს უკრაინელ სამხედროებზე. დე ფაქტო ისინი ამ ჯგუფების ნაწილი არიან. ეს არის ტერორიზმის მხარდაჭერის ნათელი მაგალითი საინფორმაციო უზრუნველყოფის გზით“ . ვიქტორია სიუმარის განცახადების თანახმად ყველა დაკავებული, მათ შორის გადამღები ჯგუფიც სამხედროებმა უკრაინელ სამართალდამცავებს გადასცეს. უკრაინელები აპირებენ ინტერნეტში გამოაქვეყნონ რუსი ჟურნალისტების მიერ გადაღებული მასალა რაც იქნება „ტერორისტული ჯგუფების საინფორმაციო მხარდაჭერის პირდაპირი დადასტურება“.

 

ჟურნალისტების დაკავების თემას გავაგრძელებთ ყირიმში მომხდარი ფაქტით. სიმფეროპოლში დააკავეს ინტერნეტ–პროექტის „ყირიმის ღია არხი“ დამფუძნებელი, ადგილობრივი ჟურნალისტი ოსმან ფაშაევი, რომელსაც ყირიმელი თათრების სამგლოვიარო მიტინგიდან მიჰყავდა რეპორტაჟი. ის 4 საათი ჰყავდათ ე.წ. „ყირიმის თავდაცვიოს ძალების“ ერთ–ერთ შტაბში სახით კედლისკენ მიყენებული, მსუბუქად ცემეს (წიხლები ურტყეს ფეხებში) მაგრამ მისვე სიტყვებით უფრო მძიმე ასატანი იყო მორალური დამცირება. მას განუწყვეტლივ დასცინოდნენ. ამას გარდა მოპარეს (თუ წაართვეს) სამი პლანშეტი, სამი „როუტერი“, ერთი კომპიუტერი და ოთხი სმარტფონი. მასთან ერთად კიდევ 5 ადამიანი იყო დაკავებული. ოსმან ფაშაევი სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებებით არის ცნობილი. მაგალითად 2007 წელს, როცა იანუკოვიჩი ჯერ კიდევ პრემიერ–მინისტრი იყო, ფაშაევმა დაადგინა, თუ ვის ხარჯზე ისვენებდა ის რუსეთში. თავის რეპორტაჟებში ფაშაევი მკვეთრად აკრიტიკებდა ყირიმის რუსეთთან მიერთებას, მხარს უჭერდა ყირიმელი თათრების თვითგამორკვევას, ასევე ყირიმისა და უკრაინის ერთანობას.

 

ორშაბათს რუსეთის სახელმწიფო ტელე–რადიო კომპანიის ჟურნალისტმა ქსენია კიბკალომაც განაცხადა „როსია24“–ის ეთერში, რომ უკრაინის მილიციამ მოსთხოვა ქვეყნის დატოვება 19 მაისამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დაემუქრნენ. ჟურნალისტის სიტყვებით ეს მოხდა დასავლეთ უკრაინაში, უჟგოროდში. მას სახლში ესტუმრნენ ფორმაში ჩაცმული მილიციელები, განუცხადეს რომ სერიოზულ დანაშაულში სდებენ ბრალს, წაიყვანეს განყოფილებაში და დაჰკითხეს. ქსენია კიბკალო ამბობს, რომ მოსთხოვეს ხელის მოწერა რაღაც დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც ის ეჭვმიტანილი იყო ეროვნული შუღლის გაღვივებაში, უკრაინაში სეპარატიზმისა და დესტაბილიზაციის მხარდაჭერაში. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კარპატისპირეთის მთავარ სამმართველოში ეს ფაქტი არ დაუდასტურეს „ბი–ბი–სის“ რუსულ სამსახურს და განაცხადეს, რომ ქსენია კიბკალოს სახელი პირველად ესმით.

 

ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გააკეთა განცხადება, რომ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა უკრაინის საზღვრებთან განლაგებული ჯარების დაბრუნება დისლოკაციის ადგილებში, რადგან „გეგემიური სწავლებები დამთავრებულია“. ჯარების რეალურად გადაადგილებას არ ადასტურებს არც ნატო, არც პენტაგონი და არც უკრაინის ხელისუფლება. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ მარტიდან მოყოლებული პუტინმა ეს უკვე მესამედ განაცხადა ჯარების უკრაინის საზღვრებიდან მოცილების შესახებ, თუმცა რეალურად ეს არ მომხდარა. სამშაბათს უკვე გამოქვეყნდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც მინისრმა სერგეი შოიგუმ პუტინის განკარგულების თანახმად გამოსცა სამხედრო შენაერთების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების ბრძანება.

 

ორშაბათს რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ინტერვიუ მისცა სააგენტო „ბლუმბერგს“, რომელიც თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ უტიფრობისა და ურცხვი ტყუილის ერთ–ერთ საუკეთესო ნიმუშად. მედვედევის სიტყვებით რუსეთს არ შეუძლია და არც აპირებს იყოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, რადგან თავის თავზე ასეთი ვალდებულება არასდროს აუღია (თითქოს ბუდაპეშტის მემორნდუმზე რუსეთის ხელმოწერა არც არსებობდეს). მან თქვა, რომ უკრაინის რომელიმე ოლქის მიერთებას რუსეთი არ აპირებს და ამჟამინდელი კრიზისის „შედარება ყირიმის სიტუაციასთან უადგილოა“. მან იქით მოსთხოვა დასავლელ პარტნიორებს იმ გარანტიის მიცემა, რომ „არ ჩაერევიან უკრაინის საშინაო საქმეებში, არ შეათრევენ უკრაინას ჩრდილოატლანტიურ ალიანსში, უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრები ადამიანები არ დაკარგავენ რუსულად ლაპარაკის საშუალებას და არ მივა ვიღაც გიჟი „მემარჯვენე სექტორი“ და არ დაიწყებს მათ დახოცვას“. უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ურცხვად განაცხადა, რომ რუსეთს არ აუღია ვალდებულება დააძალოს უკრაინის რომელიმე ნაწილს ამ სახელმწიფოში დარჩენა ადგილობრივი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ. ბუდაპეშტის მემორანდუმის მუხლები კი არ ვრცელდება შიდაპოლიტიკური ან სოციალურ–ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეულ მოქმედებებზე“. გაღმა შედავების პრინციპით რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ დასავლეთს დააბრალა, რომ ისინი ხელს უწყობდნენ კიევში სახელმწიფო გადატრიალებას.

 

უკრაინის უმდიდრესი ადამიანი რინატ ახმეტოვი, რომელიც აქამდე საკმაოდ ფრთხილ განცხადებებს აკეთებდა და ცდილობდა „არც მწვადი დაეწვა და არც შამფური“ ღიად გამოვიდა უკრაინის ერთიანობისა და ქვეყანაში მშვიდობის მხარდამჭერად. მან განაცხადა, რომ თვითმარქვია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მიერ დონბასის განადგურებას არ დაუშვებს. ახმეტოვმა ორშაბათს ვრცელი მიმართვა გააკეთა ტელეარხ უკრაინის მეშვეობით (არხიც მისი კუთვნილებაა) და სამშაბათს 12 საათისთვის გამაფრთხილებელი გაფიცვისკენ მოუწოდა დონბასის, ასევე ლუგანსკის ოლქის საწარმოებს. მან თქვა, რომ რეგიონში არის ძარცვა, სისხლისღვრა და ეს დაუშვებელია. ქუჩებში ავტომატებით და ყუმბარსატყორცნებით სიარული მშვიდობიან ცხოვრებას არ ნიშნავს. ახმეტოვის მიმართვა გადაიცა „დონბას არენაზე“ (მისი კუთვნილი საფეხბურთო კლუბ „შახტარის“ სტადიონი), სადაც გამოფინეს უკრაინის დროშაც. მცირევადიანი გაფიცვა ქარხნების სიგნალებით მართლაც ჩატარდა საწრმოების უმრავლესობაში დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში, მათ მხარი დაუჭირეს აგრეთვე დნეპროპეტროვსკის ოლქის ქარხნებმაც. ეს ახმეტოვის მოწოდებით ყოველდღე უნდა გაკეთდეს სიტუაციის ნორმალიზებამდე. დონეცკში მათ შეუერთდა ქალაქის მთავარი ტაძრის სამრეკლოც, თუმცა სეპარატისტებმა შემდეგ ამის გამკეთებელი მღვდელის ძებნა დაიწყეს...

 

ახმეტოვის მტკიცებით „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. ლიდერები არაფერს და არავის წარმოადგენენ და მათ სიტუაციის არევის საშუალება არ უნდა ჰქონდეთ. მისი სიტყვებით ამ ოლქების მოსახლეობის უმრავლესობა ერთიანი უკრაინის მომხრეა. უკრაინის უმდიდრესი ოლიგარქის პირადი ქონება ფორბსს 15,4 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული. ფინანსურ–სამრეწველო ჯგუფის „სისტემ კეპიტალ მენეჯმენტის“ საშუალებით ის დაახლოებით 100 მსხვილ საწარმოს აკონტროლებს. რამდენიმე დღის წინ ახმეტოვმა უკრაინის მთავრობასაც მოუწოდა ანტიტერორისტული ოპერაცის შეჩერებისკენ. ეს ბევრმა დონეცკელი სეპარატისტების მხარდაჭერად აღიქვა. გასაგებია ახმეტოვის სიფრთხილეც, რადგან მისი საწარმოების დიდი ნაწილი სწორედ უკრაინის აღმოსავლეთშია. როგორც ჩანს, მან არჩევანი მაინც გააკეთა.

 

მანამდე, პარასკევს, დონეცკის ოლქის სიდიდით მეორე ქალაქ მარიუპოლში მეშახტეების და ფოლადის სადნობი ქარხნების დამცავ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ და სეპარატისტების მიერ აგებული ბარიკადებისგან ქალაქი გაწმინდეს.

 

25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების წინ უკრაინის აღმოსავლეთში ხალხის დიდი ნაწილის ასეთი განწყობა გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. სეპარატისტები დიდი ხანია აცხადებენ, რომ ამ არჩევნებს ყველა საშუალებით ჩაშლიან. არჩევნები ყველგან რომ არც ჩატარდეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ეს მთელი ორი ოლქის საერთო სიტუაციიდან ამოვარდნას უკვე აღარ ნიშნავს. პრორუს კანდიდატს კი გამარჯვების შანსი არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდა. მთელი უკრაინის მასშტაბით კი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზად არის უბნების 93 პროცენტი. საარჩევნო მზადყოფნას მაღალი შეფასება მისცა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმაც. დაუზუსტებელი ინფორმაციით იმ დარჩენილ 7 პროცენტში შედის უკრაინის აღმოსავლეთის მეამბოხე ქალაქებიც და ყირიმის ნახევარკუნძულიც.

 

ივა შილაკაძე

iva shilakadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს