არეულობა მარნეულში, უსუფაშვილის პასუხი და უგულავას ბოდიში
06 ივნისი, 2014
1033
print

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი რეგისტრაციიდან მოხსნა. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების მიზეზად კომისიის მხრიდან საქართველოში ცხოვრების ცენზის პირობების დაუკმაყოფილებლობა დასახელდა. შესაბამისი საჩივარი საოლქო კომისიაში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიტანა. საოლქო კომისიის გადაწვეტილება "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაასაჩივრა.

 

ხმაური იყო გუშინ მარნეულის საარჩევნო კომისიის შენობაში. გიგი უგულავა, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები საოლქო კომისიის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში შევიდნენ და თავმჯდომარისგან განმარტებები მოითხოვეს, თუ რატომ აპირებენ აკმამედ იმამყულიევის კანდიდატურის მოხსნას.

გიგი უგულავამ ცესკო-ს წარმომადგენელი ხელისუფლების სასარგებლო მიდგომაში დაადანაშაულა. კომისიის შენობასთან კი საპარლამენტო ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი.

 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მარნეულში მათ კანდიდატზე ზეწოლასთან დაკავშირებით უწყებათაშორის კომისიას მიმართა. პარტიაში აცხადებენ, რომ ფოთსა და რუსთავში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ არც კი განიხილა საჩივარი, რომელიც მათი საქართველოში ცხოვრების საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების საკითხს ეხებოდა. ამ ფონზე მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატის, აკმამედ იმამყულიევის მიმართ ანალოგიური საქმის წარმართვას აშკარად პოლიტიკური სარჩული აქვს და საარჩევნო კანონმდებლობის შერჩევითად ინტერპრეტაციის მაგალითს წარმოადგენს.

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, მას პირადად დავით უსუფაშვილმა შესთავაზა , მოეხსნათ მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი.

 

გოგორიშვილის განმარტებით, შეთავაზების არგუმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ კანდიდატი იყო ძლიერი და დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.

 

"მე, ხათუნა გოგორიშვილს, პარლამენტის წევრს, მიმდინარე წლის 12 მაისს, თბილისში, იუსტიციის სახლში, შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. მან მითხრა, ხომ არ ვიფიქრებდით, მარნეულში კანდიდატურა მოგვეხსნა და ჩვენს კანდიდატს არ ეყარა კენჭი. მან ეს იმით ახსნა, რომ ზუსტად იცოდნენ, თუ როგორი მხარდაჭერა აქვს და რამდენად ძლიერია. მას შემდეგ რაც ჩემგან უარი მიიღო, ჩვენი შეხვედრა დასრულდა. რამდენიმე დღის წინ, რაც ეს თითიდან გამოწოვილი საჩივარი დაიწერა ყველასათვის უცხო – აქამდე რომ არც ერთი საჩივარი და განცხადება არ დაუწერია ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და კომისიაში შეტანილ იქნა ყველანაირი ვადის დარღვევით, ნამდვილად შევატყობინე ბატონ დავითს, რომ თუ ეს წითელი ხაზი გადაკვეთილი იყო, იძულებული ვიქნებოდი, გამოვსულიყავი და ეს განცხადება გამეკეთებინა", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

 

აჰმედ იმამყულიევის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით გოგორიშვილი სხვა შემთხვევასაც იხსენებს:

 

"ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა იმამყულიევის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელებული და წარდგენილი არ იყო. თავდაპირველად იყო გარკვეული შეთავაზებები - ჩემმა კოლეგამ ალი მამედოვმა მას შესთავაზა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყოდა და კენჭს არ იყრიდა, ყველანაირ სიკეთეს მიიღებდა. მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, რაც მოსყიდვით შედეგს ვერ მიაღწიეს, მუქარებზე გადავიდნენ. იყო პირდაპირი დაშინება, იყო პირდაპირი მოწოდება სხვადასხვა თანამდებობის პირების, მათი ნათესავების მხრიდან", - აღნიშნა გოგორიშვილმა.

 

ხათუნა გოგორიშვილის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, გოგორიშვილთან 12 მაისს შემდგარი საუბარი ეხებოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებს და შეხვედრაზე არც ერთი კანდიდატის სახელი და გვარი ნახსენები არ ყოფილა.

 

“”ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მიერ ატეხილი აჟიოტაჟი მაიძულებს გავაკეთო ზოგიერთი განმარტება. 2014 წლის 12 მაისს მე ნამდვილად შევხვდი ქალბატონ ხათუნა გოგორიშვილს. საუბარი შეეხებოდა საკითხებს, მათ შორის, საარჩევნო თემატიკას, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების გამო. ამგვარ და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო საკითხებზე მე რეგულარული კომუნიკაცია მაქვს საპარლამენტო უმცირესობასთან, მიუხედავად ჩვენი პოზიციების თანხვედრის ხარისხისა. ესაა ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის სამსახურებრივი მოვალეობა. აღნიშნულ შეხვედრაზე ქალბატონი გოგორიშვილი წარმოადგენდა იმჟამად უცხოეთში მყოფ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, ბატონ დავით ბაქრაძეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ შეხვედრაზე არ ყოფილა ნახსენები არც ერთი გვარი და სახელი, არ განხილულა არც ერთი კანდიდატის საარჩევნო რეიტინგი თუ წარმატების ალბათობა და არ ყოფილა არც "დამითმე-დაგითმობ" და რაც "თუ არა და მაშინ" საუბარი.

საუბარი შეეხებოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებს და არა ვინმეს პერსონალურად. შეხვედრამ ჩაირა საქმიან, მშვიდ ვითარებაში. მე მოვისმინე რამოდენიმე საყურადღებო და მგრძნობიარე ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის წლებში ამავე მიმართულებით განვითარებულ მოვლენებზე და პროცესებზე. ჩვენ შევთანხმდით ამ მიმართულებით შემდგომი კონსულტაციების აუცილებლობაზე. შევთანხმდით იმაზეც, თუ რაზე ვერ შევთანხმდით. ეს საკითხებიც, რაზეც შეთანხმება სხვადასხვა გარემოებათა გამო შეუძლებლად ჩავთვალეთ, შეეხებოდა მოდელებს და არა ვინმეს პიროვნულად.

მიუხედავად ყოვლად უღირსი სპეკულაციებისა, მე არ და ვერ ვისაუბრებ ამაზე უფრო დეტალურად ვერც ამ შეხვედრის და ვერც ათობით სხვა შეხვედრის თაობაზე, სადაც ”ნაცმოძრაობის” თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან უამრავი მგრძნობიარე სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საკითხი განხილულა. არც სხვას ვუსურვებ ისეთ პიროვნულ თუ პოლიტიკურ აგონიაში აღმოჩენას, რომ ელემენტარული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ადამიანური ღირსება და კეთილგონიერება დაკარგოს.

აქვე ვაცხადებ, რომ ამ თემაზე არ ვაპირებ ვინმესთან შემდგომ დებატებს. ერთადერთი, თუ რამე არსობრივი ან ეთიკური შეკითხვა აქვს ამ შეხვედრის თაობაზე, მზად ვარ ვუპასუხო ბატონ დავით ბაქრაძეს, რომლის წარმომადგენლადაც მესტუმრა ქალბატონი გოგორიშვილი", -ნათქვამია განცხადებაში.

 

მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს მოუწოდა, მარნეულში მომხდარი ფაქტის გამოძიება პირადად გააკონტროლონ და "ნაციონალური მოძრაობა" საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

 

"მინდა გამოვეხმაურო იმ მართლაც აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელსაც გუშინ ადგილი ჰქონდა მარნეულში, კერძოდ, ვგულისხმობ საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე განხორციელებულ პირდაპირ ზეწოლას და შეტევას. მსგავსი ფაქტი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუშვებელია. ასეთი რამ ხდებოდა ყოფილი ხელისუფლების დროს, ყოფილი ხელისფულების მიერ და მსგავს ფაქტებს ჩვენ არ დავუშვებთ. მე ვიცი, რომ გუშინ დაიწყო გამოძიება, მაგრამ მინდა მივმართო შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, პირადად გააკონტროლონ ამ საქმის გამოძიების ყველა დეტალი და ყველა პირი იქნეს კანონის შესაბამისად დასჯილი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურად ცდილობს საარჩევნო კამპანიაში არეულობის შეტანას.

 

"ის ფაქტი, რომ ეს ხდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე კვირით ადრე, მეტყველებს იმაზე, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალა და ვგულისხმობ უშუალოდ "ნაციონალურ მოძრაობას", ცდილობს გარკვეულ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი და საარჩევნო კამპანიაში დაძაბულობა და არეულობა შემოიტანოს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მარნეულში გუშინ მომხდარი მოვლენები უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმაც შეაფასა. იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკურ ძალებს სახელმწიფოებრივი მიდგომებით მოქმედებისკენ მოუწოდა.

 

"კომისიის სახელით და როგორც იუსტიციის მინისტრმა ცალსახად მინდა დავგმო ის ფაქტი, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ რაიონში გუშინ მოხდა. ეს არის რაიონი, სადაც ძალიან დიდი ხანია მშვიდობიანად თანაცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ჩვენი თანამოქალაქე. ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია საარჩევნო კომისიის შენობაში შეიჭრა და მიუღებელი მეთოდებით ღიად, აგრესიით შეეცადა ზეწოლა განეხორციელებინა საარჩევნო ადმინისტრაციაზე. ეს არის დანაშაული, ეს არის კანონით აკრძალული ქმედება. მინდა ყველა პარტია გავაფრთხილო, ვინც არ უნდა იყოს ის, ამგვარი ქმედებები იქნება აღკვეთილი და დასჯილი განსაკუთრებული სიმკაცრით კომპეტენტური ორგანოების მიერ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია საარჩევნო ადმინისტარაციაზე ძალადობა განახორციელოს, ეს ასე ვერ იქნება და ყველა პარტიას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, ნებისმიერი ტიპის ძალადობისგან, აგრესიისგან. პოლიტიკურ პარტიებს, იქნება, ის მმართველი ძალა თუ ოპოზიციური პარტია, ყველას გვაკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე, განსაკუთრებით იმ რეგიონებთან დაკავშირებით, სადაც სხვადასხვა ეთნიკური მოქალაქეები ცხოვრობენ. აქ უნდა გამოვიჩინოთ ყველაზე მეტად საკითხებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა", - განაცხადა წულუკიანმა.

 

რაც შეეხება სადავო გადაწყვეტილებას, რაც გუშინ მარნეულის რაიონში დაპირისპირების მიზეზი გახდა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში პარტიამ ცესკო-ს უნდა მიმართოს, რომელიც მაღალი ნდობით სარგებლობს.

 

"რაც შეეხება იმ სადაო გადაწყვეტილებას, რაც საოლქო კომისიამ მიიღო, მინდა ხაზგასმით ვთქვა, ერთი რაც ისედაც ნათელია – საქართველოს დღევანდელი მთავრობა საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებში არ ერევა და თუკი რომელიმე გადაწყვეტილება არის სადავო, უნდა გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით. ჩვენმა მთავრობამ ცესკო დააყენა იმ სიმაღლეზე, ის არის ძალიან დიდი ნდობის მქონე საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი რგოლი და მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, ცესკო მიიღებს კანონის შესაბამის, სამართლიან და მოუკერძოებელ გადაწყვეტილებას. ამიტომ, დავემორჩილოთ კანონს, ვიმოქმედოთ კანონის მიხედვით, ვიმოქმედოთ იმ ფარგლებში, რის შესაძლებობასაც კანონი გვაძლევს და შევწყვიტოთ საარჩევნო ადმინისტრაციაზე ძალადობა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

“მედიის განვითარების ფონდის" გამგეობის თავმჯდომარის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია უშუალოდ ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარ ინციდენტზე, მაგრამ არა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის ზეწოლის ფაქტზე.

 

მისივე თქმით, უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე საუბარი იყო იმ ინფორმაციაზე, რომელზეც დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა დავით უსუფაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა, მაგრამ როგორც კინწურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება არც ამ მიმართულებით არის დაწყებული.

 

"პრემიერი დაინტერესებას იჩენს მხოლოდ ერთი, მარნეულის ფაქტით და არ ინტერესდება ძალადობის იმ ფაქტებით, რომელსაც საქართველოს სხვა რეგიონებში ჰქონდა ადგილი. ეს მის პოლიტიკურ დაინტერსებაზე მიანიშნებს.

როგორც უწყებათაშორისო კომისიის სხდომაზე გაირკვა, დაწყებულია გამოძიება მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა თავი შეიკავონ კომისიის წევრებზე ზეწოლისაგან, რადგან როგორი მცდარიც არ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, არსებობს გასაჩივრების მექანიზმები. თუმცა, მეორე მხრივ, როგორც გაირკვა, არ დაწყებულა გამოძიება იმ ზეწოლასთან დაკავშირებით, რასაც უშუალოდ კანდიდატთან დაკავშირებით ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება ხათუნა გოგორიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ეს საკითხი იყო განხილული და გაირკვა, რომ ამ მიმართულებით გამოძიება არ მიმდინარეობს. როგორც ვხდები ამ შემთხვევაში იყო გზავნილის გამცემი და კანდიდატურის მოხსნის ინიციატივა უშუალოდ მისგან არ მოდიოდა, თუმცა ნებისმიერ შემთხევაში ჩანს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, კანდიდატურა არჩევნებიდან მოიხსნას", - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

ცესკო-ში კი აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევა ნებისმიერი პოლიტიკური მხარისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხრიდან დაუშვებელია.

 

"საარჩევნო ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარმომადგენლების მიერ მარნეულის საარჩევნო ოლქში განხორციელებული ქმედებები სცილდება კანონმდებლობით საარჩევნო სუბიექტებზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს და აღიქმება გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებად", - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება, “ნაციონალურ მოძრაობას” კი, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ, თავისი გუშინდელი ქმედებები თავადაც არ მოეწონა.

 

"საღამოს ვნახე ჩემი თავი, თვითონ არ მომეწონა, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ყვირილი და ხმამაღალი საუბარი ლამაზი არ არის, მაგრამ რას ვიზამთ, ხანდახან ასეც ხდება ხოლმე", - განაცხადა უგულავამ.

 

როგორც უგულავა აცხადებს, მარნეულში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გამოძიებაა ჩასატარებელი.

 

"გამოძიება უნდა ჩატარდეს, თუნდაც უსუფაშვილის საკითხზე, ასევე იმაზე, თუ ვინ ურეკავდა გია ასანიძეს წუთში ერთხელ", - აღნიშნა უგულავამ.

 

iva shilakadze
სხვა სიახლეები
21 იანვარი, 2017 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს