უკრაინის მთავრობა საშიში ზონიდან მოსახლეობის გაყვანას ცდილობს
12 ივნისი, 2014
1000
print

კიევი და მოსკოვი კი გაზის საკითხში ისევ ვერ თანხმდებიან

 

უკრაინასა და რუსეთს შორის ჯერ ბერლინში და შემდეგ ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები გაზის მიწოდებისა და ფასის საკითხებზე ძალიან მძიმედ მიმდინარეობს და შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. ორივე მხარე პერიოდულად აკეთებს განცხადებებს მოლაპარაკებების პროცესიდან გამოსვლის, სტოკჰოლმის არბიტრაჟში ჩივილისა და „სხვა ურთიერთობებზე“ გადასვლის თაობაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მაინცდამაინც არავის აძლევს ხელს. „სინათლეს გვირაბის ბოლოს“ უკრაინა–რუსეთის ურთიერთობებში ხედავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი, თუმცა მისი ოპტიმიზმი ჯერ ფაქტებით ნაკლებად არის გამაგრებული. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში შეიარაღებული დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება და მშვიდობიანი მოსახლეობის საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ორგანიზებულად გამოყვანაზე უკვე უკრაინის მთავრობა იწყებს ზრუნვას.

 

ქვეყნის აღმოსავლეთის „ამბოხებულ“ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა მიმდინარეობს. სამხედროები და პოლიციის სპეცრაზმები თანმიმდევრულად მიიწევენ წინ და ცდილობენ სულ უფრო შეავიწროვონ რკალი შეიარაღებული სეპარატისტების კერების გარშემო. შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის ბრძანებით სპეცოპერაციაში როტაციის საფუძველზე მონაწილეობას მიიღებს სამინისტროს მთელი პირადი შემადგენლობა, ყველა ოლქიდან. ეს გაკეთდება როგორც თანამშრომლების გამოსაწრთობად რთულ პირობებში, ასევე სუსტი რგოლების გამოსავლენად, რომ შემდეგ ამის საფუძველზე გაადვილდეს კადრების ატესტაცია და გადახალისება.

 

შეტევა ბოლო დღეებში მიმდინარეობს სლავიანსკზე და მის შემოგარენზე, რადგან ეს ქალაქი მთლიანად პრორუსი და რუსი სამხედროების ხელშია. შეტაკებები არის ლუგანსკშიც და დონეცკის ოლქის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ მარიუპოლშიც, რომელსაც ძირითადად მაინც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს. დონეცკის ოლქის სიდიდით მეორე ქალაქ მარიუპოლში 9 ივნისს გამთენიისას იყო სროლა. დაუზუსტებელი ინფორმაციით ერთმანეთს ესროდნენ პრორუსი „ბოევიკები“ და ერთმა მეორე მოკლა. შესაძლოა მკვლელი იყოს სეპარატისტების სნაიპერი მეტსახელად „ხანდერი“, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობდა ქალაქის მილიციის უფროსის დახვრეტაშიც. ორშაბთსვე თავდასხმა მოხდა ლუგანსკის საერთაშორისო აეროპორტზე, მას სამჯერ გაუხსნეს ცეცხლი სატვირთო ავტომობილზე დამონტაჟებული ნაღმტყორცნიდან. სეპარატისტებმა მოახერხეს ელექტრო ქვესადურის აფეთქებაც და აეროპორტს დენის მიწოდება შეუწყდა, თუმცა მას უკრაინელი სამხედროები სრულად აკონტროლებენ. პერსონალის ნაწილი გაიყვანეს. მანამდე ლუგანსკელი სეპარატისტების ლიდერმა მოისურვა აეროპორტის მუშაობის შეჩერება და შესაბამისი „ბრძანებაც გამოსცა“.

 

სლავიანსკის გარშემო კი ალყა სულ უფრო ვიწროვდება. ორშაბათს და სამშაბათს უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს სეპარატისტების საცეცხლე წერტილები სლავიანსკის და სემიონოვკის მიდამოებში. სამართალდამცავები ცდილობენ არ დაუშვან სეპარატისტთა მებრძოლების გამოღწევა ან თუნდაც იარაღის გარეშე გამოპარვა ალყიდან ხალხთან ერთად. არმიას უწევს ფრთხილად მოქმედება, რომ შეძლებისგდაგვარად არ დაუშვას მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა. მაგრამ ყოველთვის ეს არ გამოდის. ბოლო დღეებშიც სლავიანსკში იყო მსხვერპლი მოსახლეობაში და მათ შორის ბავშვიც დაღუპა. ყუმბარები უკვე ქალაქის ცენტრშიც კი სკდება.

 

ბოლო დღეების მოვლენებმა ძალიან გაზარდა საბრძოლო მოქმედებების ზონიდან თავის დაღწევის მსურველთა რიცხვი. აქამდე ამ ადამიანებს, რომლებიც დროებით იქცნენ იძულებით გადაადგილებულ პირებად, უწევდათ ალყაშემორტყმული ქალაქებიდნ დამოუკიდებლად გამოღწევა. მათ ტრანსპორტით ეხმარებოდნენ „ავტომაიდანის“ აქტივისტები, ხოლო განთავსებაზე წყნარ ქალაქებში ზრუნავდნენ მოხალისეები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ყველაზე დიდი ნაკადი ხარკოვის ოლქს მიაწყდა, რადგან ეს არის პირველი დიდი ქალაქი საშიში ზონის ახლოს. ბევრ მათგანს სჭირდება ფსიქოლოგის დახმარებაც. სამოქალაქო აქტივისტები ხშირად გაოგნებულები არიან ლტოლვილთა მდგომარეობით. ხალხი იმდენად დათრგუნული და მოტყუებულია რუსული საინფორმაციო არხებისა და სეპარატისტთა ლიდერების პროპაგანდით, რომ ხშირად უარს აცხადებენ დასავლეთ უკრაინაში მოხალისეებთან დაბინავებაზე. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან გამოქცეულების ნაწილს არ სჯერა, რომ დასავლეთ უკრაინაში მათ არ დახოცავენ. ეს „ბი–ბი–სის“ კორეპონდენტს ხარკოვში განუცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

 

არასამთავრობოებო ორგანიზაციები უკვე ჩიოდნენ, რომ მათი და მოხალისეების ძალისხმევა საკმარისი არ არის და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბინავება–პატრონობაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. ეს დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოხდა. პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც სამართალდამცავებს დაევალათ დერეფნის გათავისუფლება საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ხალხის გამოსაყვანად. სახელმწიფო ორგანოებს დაევალათ მათი უზრუნველყოფა ტრანსპორტით, ასევე დროებითი განთავსების მობილური პუნქტების ქსელის შექმნა, სადაც ეს ხალხი უზრუნველყოფილი იქნება საკვებით და სამედიცინო მომსახურებით. მათი შემდგომი განთავსება მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს დაევალათ.

 

პოროშენკოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გაკეთებული განცხადების სეპარატისტებს არ სჯერათ. თან გარკვევით არ არის ნათქვამი, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერებას გულისხმობს. მითუმეტეს, რომ თვითონ პრორუსები არანაირ ცეცხლის შეწყვეტას და „დათმობაზე“ წასვლას არ აპირებენ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკას“ მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. პრორუს აქტივისტებს გარკვეული პრობლემები საკუთარ რიგებშიც გაუჩნდათ. მაგალითად სამშაბათს დააპატიმრეს სლავიანსის თვითმარქვია „სახალხო მერი“ ვიაჩესლავ პონომარიოვი, „სამოქალაქო ადმინისტრაციის მიზნებთან და ამოცანებთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის გამო“. მან თავი სლავიანსკის მერად 13 აპრილს გამოაცხადა უშიშროების სამსახურის შენობის შტურმის დროს. მანამდე მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, როგორც ირკვევა საპნის პატარა ქარხანას მართავდა. ამ ხნის განმავლობაში თავი გამოიჩინა ოდიოზური და უკიდურესად უტიფარი განცხადებებით, მათ შორის ეუთოს მისიის დატყვევებული დამკვირვებლების თაობაზე.

 

სანკტ–პეტერბურგში შედგა რუსეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი ლავროვის, ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერისა და რადოსლავ სიკორსკის სამმხრივი შეხვედრა. ამ შეხვედრაზე დასავლეთის წარმომადგენლების მიზანი იყო დაერწმუნებინათ რუსეთი უკრაინასთან პირდაპირი დიალოგის გაღრმავების აუცილებლობაში. შეხვედრამდე შტაინმაიერმა თქვა, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარებამდე ჯერ შორი გზაა გასავლელი, თუმცა რამდენიმეთვიანმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ გარკვეული შედეგი გამოიღო და გვირაბის ბოლოს მკრთალი სინათლე გამოჩნდა. მისი სიტყვებით რუსეთის დამოკიდებულება პრობლემის მიმართ ნაწილობრივ შეიცვალა და რომ მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყეს. ახლა საჭიროა ეს პროცესი შეუქცევადი გახდეს. გერმანელ მინისტრს ალბათ მხედველობაში ჰქონდა პუტინის და პოროშენკოს შეხვედრა ნორმანდიაში ზეიმის ჩარჩოებში, ასევე ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები გაზის თაობაზე.

 

სამმხრივ შეხვედრაზე რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ყველა ღონე უნდა იხმაროს უკრაინასთან საზღვრის ჩასაკეტად, რომ სეპარატისტების დასახმარებლად იქ არ ჩავიდნენ „მოხალისეები“ და არ გადავიდეს იარაღი. ის ამტკიცებს, რომ უმცირესობების პრობლემები, მათ შორის ენის გამოყენების საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა და ის უნდა წყდებოდეს ქვეყნის კონსტიტუციის და კანონების შესაბამისად, მშვიდობიანი გზით. არავის აქვს უფლება თავისი ინტერესების დასაცავად გამოიყენოს რაკეტები და ტყვიამფრქვევები, რასაც აკეთებენ სეპარატისტები. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთს არ უნდა ეშინოდეს უკრაინის დაახლოების ევროკავშირთან. ეს რუსეთისთვის საფრთხე არ არის, ხოლო უკრაინის გაწევრიანება ნატოში ხომ ჯერ არც კი განიხილება.

 

პასუხად ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ნებისმიერ არჩევანს მშვიდად შეხვდება, თუმცა „სასურველია, რომ ეს არჩევანი გაკეთდეს მაშინ როცა ხელისუფლების ყველა შტო ლეგიტიმური იქნება“. რუს მინისტრს არ დაუზუსტებია რას უწუნებს უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის, პარლამენტის (რომელიც ორი წლის წინ არის არჩეული) ან მთავრობის (ეს კაბინეტი საკონსტიტუციო უმრავლესობით დამტკიცდა ამ პარლამენტში რეგიონების პარტიის მონაწილეობით) ლეგიტიმურობას, ან მისი აზრით როდის იქნებიან ისინი ლეგიტიმურები. ამას ლავროვმა მიაყოლა ჩვეული დემაგოგია და განაცხადა, რომ კრიზისის მოსაგვარებლად კარგი იქნებოოდა ოფიციალური კიევის მიერ სეპარატისტების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის შეწყვეტა. მისი სიტყვებით ვერ გაამტყუნებ ადამიანებს, როდესაც ისინი იცავენ საკუთარ ქალაქებს ავიაციის, არტილერიისა და ტანკების შემოტევისაგან (?! თითქოს იარაღის გამოყენება ჯერ უკრაინის მთავრობამ დაიწყო ). ლავროვმა მოიწონა უკრაინის პრეზიდენტის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დერეფნის შექმნის იდეა, თუმცა იქვე დაურთო, რომ იმედია ეს არ არის ეშმაკური სვლა, რომ შემდეგ სამხედროებს ხელები გაუხსნან მასირებული შეტევის დასაწყებად.

 

ბუნებრივი აირის მიწოდების ფასისა და პირობების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის ისევ უშედეგოა, თუმცა ზოგი თვალსაზრისით უკვე წარმატებად მიიჩნევა თვით ის ფაქტი, რომ ეს დიალოგი მაინც მიმდინარეობს. ორშაბათს მორიგი რაუნდის დროს ბრიუსელში მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს და დელეგაციები საკუთარ დედაქალაქებში დაბრუნდნენ მთავრობასთან კონსულტაციებისთვის. მორიგი შეხვედრა უკვე ოთხშაბათს შედგა, თუმცა ისიც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მხარეების პოზიციები ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენ ამაზე დაწვრლებით ვწერდით. უკრაინა მოითხოვს 1000 კუბურ მეტრზე 268,5 დოლარის დაფიქსირებას, რასაც რუსეთი დეკემბერში შეპირდა უკრაინას, სანამ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ იანუკოვიჩი–აზაროვის მთავრობა იყო. რუსეთი კი სთვაზობს „საწყისი“ 485 დოლარიდან 100 დოლარის დაკლებას რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საბაჟო გადასახადის გაუქმების ხარჯზე. 485 დოლარი ყველაზე მაღალი ფასია, რასაც კი ვინმე საერთოდ იხდის რუსულ გაზში. ეს ფასი რუსეთმა უკრაინას თავს მოახვია ტიმოშენკოს პრემიერ–მინისტრობის პერიოდში, როდესაც უკრაინასაც და ევროპასაც საერთოდ შეუწყვიტა გაზის მიწოდება.

 

ოთხშაბათს უკვე ორი სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენიუკმა და რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთეს საჯარო განცხადებები, რამაც მოლაპარაკებების მთელი სირთულე წარმოაჩინა. იაცენიუკის თანახმად, უკრაინა მეორედ აღარ დაუშვებს შეცდომას და რუსეთის ასეთ ხაფანგზე არ დათანხმდება. შეღავათი რომელსაც აწესებს რუსეთის მთავრობა, შემდეგ ისევ უქმდება მისივე გადაწყვეტილებით. ამიტომ უკრაინა მოითხოვს შეთანხმებული „სამართლიანი“ საბაზრო ფასის ჩაწერას კონტრაქტში. პუტინმა კი იმავე ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინას, როგორც ჩანს, მოლაპარაკებები განგებ შეყავს ჩიხში და ეს ურთიერთობების „სხვა სტადიაზე“ გადასვლის საფრთხეს ქმნის. პუტინი აცხადებს, რომ ეს შეღავათი აღარ გაუქმდება. მან საკუთარ მთავრობასაც დაავალა მოამზადონ წინადადებები, თუნდ უკრაინასთან შეთანხმებით, რაც ამ ახალ პირობებს მყარს გახდის გარკვეული ვადით. წინასწარი გადახდის შემოღებასა და გაზის შეწყვეტაზე კი რუსეთი მაინც თავს იკავებს. უკრაინასაც ჯერ არ შეაქვს სარჩელი სტოკჰოლმის არბიტრაჟში, თუმცა კიევში აცხადებენ, რომ შესაძლოა მათ სხვა გზა აღარ დარჩეთ.

 

ივა შილაკაძე

iva shilakadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს