უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გააქტიურდა
16 ივნისი, 2014
1496
print

ოფიციალური კიევის სამშვიდობო ინიციატივები მეორე მხრიდან ყრუ კედელს აწდება. ოფიციალური მოსკოვი ამ ინიციატივებს მხოლოდ სიტყვიერად მიესალმება. საქმით კი განაგრძობს უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედი პრორუსი (და რუსი) სეპარატისტების დახმარებას ცოცხალი ძალით, იარაღით, მძიმე სამხედრო ტექნიკითა და საზენიტო რაკეტებით. ბოლო დღეებში რუსები წავიდნენ თითქმის ყველაფერზე, უკრაინაში რეგულარული სამხედრო ნაწილების შესვლის გარდა. სეპარატისტებს მიაწოდეს ტანკები. სატვირთო მანქანების კოლონით უკრაინაში გადავიდნენ „მოხალისეები“ და გადაიტანეს იარაღი. შაბათს სეპარატისტებმა ჩამოაგდეს უკრაინის არმიის სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავიც, რასაც 49 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მანამდე უკრაინელმა ძალოვნებმა მოახერხეს სრული კონტროლის დამყარება მარიუპოლზე. უკრაინის პრეზიდენტმა სეპარატისტებისთვის ადეკვატური პასუხის გაცემის პირობა დადო. თავის მხრივ „პასუხი“ იყო რადიკალურად განწყობილი ხალხის მხრიდანაც. კიევში ჩატარდა აქცია რუსეთის საელჩოს წინ, რომელიც არეულობასა და დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე თავდასხმაში გადაიზარდა.

 

სამხედრო კოლონის გადასვლა უკრაინაში რუსეთიდან მოხდა 12 ივნისს. ამ კოლონის შემადგენლობში სატვირთო ავტომანქანების გარდა იყო ის სამი ტანკიც, რომელმაც გამოიწვია როგორც უკრაინელების ასევე საერთშორისო თანამეგობრობის მწვავე პროტესტი. უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს დაურეკა და დამოუკიდებლობის დღის მილოცვის შემდეგ პროტესტი გამოთქვა მძიმე ტექნიკის უკრაინაში გადასვლის გამო. რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა სატელეფონო საუბრის შესახებ ცნობა დასდასტურა, ოღონდ ტანკები და პროტესტი არ უხსენებიათ. სხვათაშორის, რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე პიოტრ პოროშენკო პირველად მოიხსენიეს უკრაინის პრეზიდენტად, რაც რუსეთის მიერ მისი არჩევის ლეგიტიმურობის აღიარებას ნიშნავს. რუსები სეპარატისტებისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას უარყოფენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. თვითონ სეპარატისტებმა დაადასტურეს, რომ სამი ტანკი აქვთ და მას რთულ უბნებზე გამოიყენებენ მაგრამ „არ დაუზუსტებიათ“ საიდან აქვთ მძიმე სამხედრო ტექნიკა. რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ტანკების გადასვლის გამო შეშფოთება გამოთქვა აშშ–მაც. მოგვიანებით ნატომ გამოაქვეყნა სატელიტიდან გადაღებული სურათები, სადაც ჩანს ეს ტანკები ჯერ დონის როსტოვის ოლქში სამხედრო ბაზაზე, შემდეგ უკვე უკრაინის დონეცკის ოლქში.

 

იმავე 12 ივნისს უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ მარიუპოლის ცენტრში დააკავა ქალაქის თვითმარქვია „სახალხო მერი“ ალექსანდრ ფომენკო. ის 1 ივნისს „აირჩიეს“ მიტინგზე. მას აღმოუჩინეს სააგიტაციო ფურცლები და საბრძოლო მასალა. დაკავებული გადაეცა უკრაინის უშიშროების სამსახურს. 13 ივნისისთვის უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მთლიანად გაწმინდეს მარიუპოლი სეპარატისტებისგან. დაიკავეს პრორუსი აქტივისტების ყველა საყრდენი პუნქტი, აუფეთქეს ჯავშანმანქანა და გააუვნებელყვეს სნაიპერების ჩასაფრების ადგილები. ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე უკვე უკრაინის დროშა ფრიალებს. დააკავეს იარაღით სავსე ავტომობილი, რომელიც დონეცკისკენ გაჭრას ცდილობდა. ქალაქი ცხოვრების ნორმალურ რიტმს უბრუნდება. პრეზიდენტმა პოროშენკომ დონეცკის ოლქის გუბერნატორს, სერგეი ტარუტას საოლქო ადმინისტრაციის დროებით მარიუპოლში გადატანა შესთავაზა.

 

პარასკევიდან შაბათამდე ღამით ლუგანსკის აეროპორტში დაშვებისას სეპარატისტებმა ჩამოაგდეს სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრნავი „ილ–76“ . მას ცეცხლი გაუხსნეს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან და ესროლეს რაკეტა გადასატანი საზენიტო კომპლექსიდან. თვითმფრინავში ისხდნენ სამხედროები, იქ იყო ამას გარდა ტექნიკა, აღჭურვილობა და საკვები. საოლქო ცენტრი ლუგანსკი ფაქტობრივად მთლიანად სეპარატისტების ხელშია, მაგრამ აეროპორტს უკრაინის ძლოვანი სტრუქტურები და არმია აკონტროლებენ. როგორც ზემოთაც ვწერდით, ამ ინციდენტს 49 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა. უკრაინაში გამოცხადდა გლოვა, მთავრობას დაევალა კომპენსაციის გადახდა დაღუპული სამხედროების ოჯახებისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება მშვიდობა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამის მისაღწევად, თუმცა სეპარატისტები ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. დღეს ორშაბათს დანიშნულია უშიშროების საბჭოს სხდომა. ხელისუფლებას უპირველეს ამოცანად მიაჩნია საზღვრის გაკონტროლება, რომ სეპარატისტებმა ვეღარ შეძლონ იარაღის და დამხმარე ძალის მიღება რუსეთიდან.

 

საზღვარი უკრაინასა და რუსეთს შორის ამ მოვლენებამდე ფაქტობრივად პირობით ხაზს წარმოადგენდა და თითქმის არ იყო დაცული. უბრალოდ გზებზე იდგა საბაჟო და სასაზღვრო საკონტროლო–გამშვები პუნქტები. ამ გამოუცხადებელი ომის პირობებში ძალიან მწვავედ დადგა სამხედოების და მესაზღვრეების მიერ მისი გაკონტროლების საკითხი. ამ საკითხის მოგვარების ერთ–ერთი გეგმა წარმოადგინა დნეპროპეტროვსკის გუბერნატორმა, ბიზნესმენმა იგორ კოლომოისკიმ. მან პრეზიდენტ პოროშენკოს წარუდგინა საზღვრის მთელ გაყოლებაზე კედლის აშენების პროექტი. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 100 მილიონი ევრო და მშენებლობას დაახლოებით ნახევარი წელიწადი დასჭირდება. გეგმით კედელი ფოლადის იქნება და მასში დენსაც გაატარებენ. კედლები არის აგებული ისრაელის საზღვრის რიგ მონაკვეთებზე პალესტინის ავტონომიასთან და სირიასთან, ასევე აშშ–მექსიკის საზღვრის ნაწილზე. პოლიტიკური ნების პირობებში ეს დიდი თანხა არ არის. მითუმეტეს რომ ივარაუდება კერძო შემოწირულების მოზიდვაც ბიზნესმენებისგან. მაგრამ მის აშენებამდე საჭიროა საზღვრის მთელი ზოლის გაკონტროლება.

 

ტანკების უკრაინაში გადმოსვლისა და ლუგანსკის აეროპორტში სამხედროების დაღუპვის შემდეგ კიევში, რუსეთის საელჩოსთან დაიწყო სპონტანური საპროტესო მიტინგი. თავიდან ის სრულიად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, იქ სულ სამასიოდე კაცი იდგა. მონაწილეთა დიდი ნაწილი საერთოდ პენსიონერი ან საპენსიო ასაკს მიღწეული ხალხი იყო, თუმცა ნელ–ნელა იქ ხალხის რაოდენობა გაიზარდა და ნიღბიანი ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ. რადიკალურად განწყობილ აქტივისტებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ უკრაინაში იმ სახელმწიფოს საელჩოს არსებობა, რომელიც ქვეყანასთან გამოუცხადებელ ომს აწარმოებს. ისმოდა შეძახილები „ფაშისტებო“. აქციის მონაწილეებს ეკავათ ტრანსპარანტები „ხელები შორს უკრაინისგან!“ და „არა მოლაპარაკებებს პუტინთან!“

 

ცოტა ხანში სიტუაცია დაიძაბა – საელჩოს წინ გადააბრუნეს და დაწვეს დიპლომატიური წარმომადგენლობის მანქანა. აქციის მონაწილეებთან მივიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი დეშჩიცა. მან დემონსტრანებს აუხსნა, რომ მშვენივრად ესმის მათი აღშფოთების მიზეზი, მაგრამ სთხოვა არ გაემწვავებინათ სიტუაცია. მან ხალხთან ლაპარაკისას უცენზურო გამოთქმაც გამოიყენა პუტინის მიმართ, რაც უკრაინელი ფეხბურთის გულშემატკივრების მოფიქრებულია და ხალხშიც პოპულარულია. მოგვიანებით მინისტრმა განმარტა, რომ ეს შეგნებულად გააკეთა ემოციურად დამუხტულ ადამიანებთან საუბრისას და ამით ხელი შეუწყო ვნებების დაცხრობას. მისი სიტყვებით მომიტინგეებთან შეხვედრამ შედეგი გამოიღო და საელჩოს შენობა გადარჩა. საბოლოოდ ეს მხოლოდ ნაწილობრივ გამოდგა მართალი. საგარეო საქმეთა მინისტრის წასვლისთანავე შენობას „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს და მეხანძრეებმა ის ეზოს გარედან მიშვებული ჭავლით ჩააქრეს. შემდეგ „საქმეში ჩართეს“ კვერცხები და ქვები. შედეგად საელჩოს ფასადზე ფაქტობრივად აღარ დარჩა მთელი ფანჯარა. რუსეთმა ამის გამო სერიოზული პროტესტი გამოთქვა და რეაგირება სთხოვა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს დიდიე ბურკჰალტერს. ამას გარდა რუსეთმა მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრება და საელჩოზე თავდასხმის დაგმობა. უშიშროების საბჭომ ამ საკითხზე სხდომის გამართვა არ ისურვა და ეს რუსეთის მორიგი უკმაყოფილების საბაბი გახდა. თუმცა საელჩოზე თავდასხმა დაგმო ოფიციალურმა ვაშინგტონმა და უკრანის მთავრობას მოუწოდა ვენის კონვენციის შესაბამისად უზრუნვლეყოს დიპლომატიური წარმომადგენლობის უსაფრთხოება.

 

კვირას მილიციასთან ერთად საელჩოს დაცვაში ჩაერთნენ კიევის „მაიდნის“ „თავდაცვის რაზმები“. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამართალდამცავებზე დაყრდნობით განაცხდა, რომ საელჩოსთან მოწყობილი არეულობის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია. მოსკოვი დამნაშავეთა მკაცრად დასჯას ითხოვს.

 

კიევში კი კვირიდან ორშაბათამდე ღამითაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები გაზის საკითხებზე უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის ევროკაშირის შუამავლობით. შაბათს შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. უკრაინა ისევ მოითხოვს მინიმალურ ფასს 268,5 დოლარს, თუმცა მზად არის განიხლოს კომპრომისული ფასიც – 326 დოლარი. კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში ვალის დაფარვის პირობას დებს. რუსეთი კი იმუქრებოდა, რომ გაზის მიწოდებას შეწყვეტდა ორშაბათს, თუ 10:30 საათისთვის „გაზპრომის“ ანგარიშზე 1,9 მილიარდი დოლარი არ ჩაირიცხებოდა.

 

ივა შილაკაძე

 

iva shilakadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს