მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
01 ივლისი, 2014
1239
print

თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში თანაგუნდელი ნარმანიას დასახმარებლად გატეხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვა თუ სამართალდამცველი ორგანოების გაფრთხილება დაავიწყდათ, რომ მეორე ტურის ჩატარებამდე ჯერ კიდევ ვრცელდება მორატორიუმი, დღეს ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიგი უგულას მორიგი ბრალი წაუყენეს, შემდეგ კი თავის გამართლება იმით სცადეს, თითქოს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ უგულავა მიმალვას აპირებდა. ჯერჯერობით გავრცელებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ეს ოპერატიული ცნობა მხოლოდ უგულავას მიერ ნაყიდ ავიაბილეთს ეყრდნობა, რომლის მხგავსიც, ბოლო ორი წლის მანძილზე, ანუ მას შემდეგ, რაც მას საგამოძიებო ორგანოებთან აქვს საქმე, არაერთხელ შეუძენია და გამოუყენებია კიდეც.

ორიოდ დღის წინ საგამოძიებო ორგანოებმა გაახმაურეს, რომ თბილისის ყოფილი მერი და ახლა ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა თბილისელთათვის ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ორგანიზაციის - "სითი პარკის" საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის ფაქტზე გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა,“ -განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. მათივე ინფორმაციით: „გამოძიებით დგინდება, რომ 2007 წლის 7 დეკემბერს, შპს „სითი პარკსა“ და ქ.თბილისის მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ,,პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარის გაცემის შესახებ“, რომლის თანახმად თბილისში პარკირების მომსახურების გაწევა გადავიდა ექსკლუზიურად შპს „სითი პარკზე“, რომლიდანაც მიღებული შემოსავლის (ჯარიმების) 60%-ს მიიღებდა ქ.თბილისის მთავრობა, ხოლო 40%-ს შპს „სითი პარკი“. ამავე ხელშეკრულების თანახმად, შპს „სი-თი პარკს“ მიეცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის და ამავე კოდექსის 1252 მუხლით დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისათვის მოქალაქეთა დაჯარიმების უფლება. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის მიღებული შემოსავლის 40% უნდა წარიმართოს ცენტრალურ ბიუჯეტში, 60% ადგილობრივი ბიუჯეტში, ხოლო ამავე კანონის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის შედგენილი საჯარიმო თანხები ავტომატურად მიიმართება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. მიუხედავად აღნიშნულისა, გიორგი უგულავამ, რომელსაც 2006-2013 წლებში ეკავა ქ.თბილისის მერის თანამდებობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს ,,სითი პარკს“ მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რაც გამოიხატა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი განკარგვით ზემოაღნიშნული კომპანიისათვის შემოსავლის ხელოვნურად გაზრდაში.

კერძოდ, გიორგი უგულავამ შპს ,,სითი პარკის“ სასარგებლოდ, 2009 წლის 11 თებერვალს გამოცემული ბრძანების დანართში განზრახ არასწორი სახაზინო კოდი მიუთითა, რის საფუძველზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის თბილისელების მიერ გადახდილი ჯარიმის თანხის 40%, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა, გადაირიცხა შპს ,,სითი პარკის“ ანგარიშზე. ამავდროულად, გიორგი უგულავას გადაწყვეტილებით, ქ.თბილისის მერიასა და შპს ,,სითი პარკს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2011 წლის 6 აპრილს შევიდა ცვლილება N3, რის საფუძველზე კვლავ კომპანიის სასარგებლოდ შეიცვალა ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების განაწილების წესი, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის შპს ,,სითი პარკი“ თბილისში საქმიანობით სოლიდური მოგებას იღებდა და სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობდა კომპანიისათვის რაიმე დამატებითი შეღავათის დაწესების აუცილებლობა, შპს „სითი პარკმა“ ხსენებული ცვლილებით თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული ჯარიმიდან დამატებით მიიღო კიდევ 3 ლარი, 40% წარიმართა კომპანიის ანგარიშზე. ამდენად, ქ.თბილისის მერმა - გიორგი უგულავამ, ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე შპს ,,სითი პარკისთვის" დამატებითი შეღავათების დაწესებით, კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 1 086 718 ლარის ოდენობით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით."

ბრალდება ბრალდებად (რამდენად არგუმენტირებულია – სასამართლომ უნდა დაადგინოს), მაგრამ, როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 14 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის წინამორბედს მიბაძა და ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

როგორც მაშინ განმარტა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გახდეს კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ საქართველოში განხორციელდა რეალური ცვლილებები და ქვეყანას მართავს დემოკრატიის გზაზე მდგარი პოლიტიკური გუნდი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარების გარანტია.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა პარტიას მიეცეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. სწორედ ამიტომ, მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი და მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკაონ თავი იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და იმ პირების დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში. ეს უნდა იყოს უკიდურესი ზომა და თან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მკაფიოდ დასაბუთებული, გადაუდებელი აუცილებლობა. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია არჩევნების პერიოდში პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა,“ - განაცხადა ორიოდ თვის წინ პრემიერმა, თუმცა, ორიოდ დღის წინ, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ამ კამპანიის მონაწილე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურისთვის ბრალის წარდგენას იგი არ გამოხმაურებია.

სხვათა შორის მაშინ ღარიბაშვილმა მოუწოდა მედიასაშუალებებს, ობიექტურად და მიუკერძოებლად მიაწოდონ საზოგადოებას სრული ინფორმაცია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ, ასევე მიმართა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ჩართონ კვალიფიციური დამკვირვებლები საარჩევნო პროცესის მონიტორინგში.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი ამ მოწოდებას ახლა გამოეხმაურა და ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა: „თუ შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ძალაუფლებას ოპოზიციის გასანადგურებლად იყენებს, საქართველოს დახმარება რთული იქნება“.

ამ კომენტარის მიუხედავად, ზემოთ მოყვანილი მოწოდების ავტორს დამორჩილებული ორგანოები, სამართლებრივ დევნად წოდებულ მოქმედებებს აგრძელებენ და მთავარი პროკურატურა გიგი უგულავას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვას დღეს აპირებს.

"პროკურატურა უგულავასთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს," - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ განუცხადა.

 

შოთაძის განცხადებით, უგულავასთან დაკავშირებით მორატორიუმის პირობები არ დარღვეულა, რადგან საგამოძიებო სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ უგულავა აპირებდა საქართველოდან გამგზავრებას და არ გეგმავდა უკან დაბრუნებას.

"მას აღებული ჰქონდა ბილეთი. ასევე ბილეთი აღებული ქონდა მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ქვეყნიდან უკვე გასული იყო. უგულავას აქვს ბრალდებულის სტატუსი და მის მიმართ მიმდინარეობს პროცესი – არსებითი განხილვა. გამგზავრების თაობაზე მას არ შეუტყობინებია არც პროკურატურისთვის და არც სასამართლოსთვის. შესაბამისად, რადგან ინფორმაცია დადასტურდა და ვარაუდი მაღალი სტანდარტის იყო, პროკურატურამ გადაწყვიტა საგამოძიებო სამსახურთან ერთად ზომები მიეღო, რათა გიგი უგულავას არ აერიდებინა პასუხისმგებლობისათვის თავი და გამოძიებას არ შექმნოდა პრობლემა," - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძემ.

“პროკურატურა იტყუება, - ასეთია გიგი უგულავას პასუხი, რომელსაც ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს, - არანაირი ნებართვა ქვეყნის დატოვებაზე მე, როგორც ბრალდბულს არ მჭირდება, რადგან ამას სასამართლო აწესებს და არა გამოძიება. სამარცხვინოა, რომ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ეს არ იცის, ან შეგნებულად ატყუებს საზოგადოებას. რაც მთავარია, შოთაძის აღიარებით, მე გუშინ მხოლოდ იმ მოტივით წამიყენეს ბრალი, რომ, თითქოს, ოპერატიული მონაცემების მიხედვით, მივდიოდი და არ ვბრუნდებოდი და რომ ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. დავუშვათ და ასეა, მე რომ არ გადამეწყვიტა ევროსაბჭოს კონგრესის სხდომაზე წასვლა, ბრალს არ წამიყენებდნენ?! იაფასიან და გაუნათლებელ მატყუარათა თავყრილობად ჩამოყალიბდა პროკურატურა.

P.S. რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, 19-ჯერ მაქვს გადაკვეთილი საზღვარი ( მათ შორის მეუღლესთან ერთად). როგორც ჩანს, ივანიშვილი-ღარიბაშვილი საკუთარი გადმოსახედიდან უყურებენ სხვებს. მაგ ბედნიერებას არასდროს მოგანიჭებთ - წავიდე და აქ გაძახებინოთ, გაიქცაო! აქ ვარ, ვდგავარ და მიდით, თუ თავი გაქვთ, წამაქციეთ.”

 

თიკა გურული

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი, 2017 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს