უგულავა დაიჭირეს (ფაქტები და ვარაუდები)
03 ივლისი, 2014
1862
print

ძნელი სათქმელია, განგებ თუ უნებლიეთ, მიზანმიმართულად თუ უბრალოდ, მუდმივად საკუთარი პოზიციის რადიკალურად გამოხატვის გამო, ხელისუფლების უკიდურესად გაღიზიანებით, თბილისის უფლებაჩამორთმეულმა მერმა და ამჟამად თბილისის მერის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ შეძლო და კიდევ ერთხელ და თვალნათლივ დაანახა საზოგადოებას დღევანდელი ხელისუფლების რეალური მმართველის, მისი მართული ხელისუფლებისა და ხელისუფლების მიერ მართული საგამოძიებო ორგანოების უუნარობა, უცოდინრობა, სიბეცე და, მეტსაც გეტყვით – სიშტერე.

 ფაქტია, რომ ორი დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე თვის წინანდელი საარჩევნო მორატორიუმის გამოცხადების შესახებ ნათქვამი სიტყვა გატეხა (ან გაატეხინეს) და მის სიტყვას დაქვემდებარებულმა საგამოძიებო ორგანოებმა უგულავას “სითი პარკის” საქმეზე მორიგი ბრალდება წაუყენეს, სასამართლოსაც მიმართეს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ.

 ფაქტია, რომ გუშინ სასამართლომ არ მიიჩნია არგუმენტირებულად პროკურატურის შუამდგომლობა უგულავასთვის დოკუმენტების ჩამორთმევისა და ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ და ის არ დააკმაყოფილა.

 ვარაუდია, რომ პრემიერ-მინისტრმა (თავად ან თავისი უფროსის რჩევით) ამ გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე იმ სიაში ჩაწერა, რომელთა შესახებ ამას წინათ ამბობდა: გვაქვს ლეგიტიმური ეჭვი, რომ რამდენიმე მოსამართლე ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ არისო (წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/104042-irakli-gharibashvili-gvaqvs-legitimuri-etcvi-rom-ramdenime-mosamarthle-yofili-khelisuflebis-gavlenis-qveshaa.html#ixzz36PRKK600)

 ფაქტია, რომ პრემიერ-მინისტრის ეჭვი, რომელიც, ცხადია, არავითარ სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს, გაიზიარეს საგამოძიებო ორგანოებმა და სასამართლოს მიერ გადაადგილების თავისუფლებამინიჭებული უგულავა აეროპორტში მაინც დააკავეს.

 ვარაუდია, რომ გუშინ ღამით აეროპორტში გამგზავრებულმა უგულავამ იცოდა, დააკავებდნენ, ამიტომ:

 ფაქტია - ჯერ ერთი, გუშინ საღამოს სოციალური ქსელით მიმართა საზოგადოებას, რომ მიემგაზვრება იმის დასამტკიცებლად, რომ უკან დაბრუნდება; მეორე, გამომძიებლების გამოჩენამდე მან ჟურნალისტებს აჩვენა უკანდასაბრუნებელი ავია ბილეთი; მესამე, ამ ბილეთის თარიღის თანახმად, ის ასწრებდა იმ დაკითხვაზე მისვლას, რომლის გამოც უწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაუგზავნა.

 ფაქტია, რომ უწყებაში, რომელიც გიგი უგულავამ მიიღო და რომელიც გამოაქვეყნა კიდეც, არაფერი წერია ქვეყნის დატოვებისგან თავის შეკავების შესახებ – არადა, გუშინ ხელისუფლების წარმოამდგენლები სწორად ამას ამტკიცებდნენ.

 ფაქტია, რომ გუშინ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და წარსულში უფლებადამცველმა მანანა კობახიძემ ქართულ მართლმსაჯულებას, კერძოდ, სასამართლოს, მოუწოდა იყოს რეალურად სამართლიანი. მსგავსი მოწოდება მისი მხრიდან არ მოგვისმენია იმ პროკურატურის მიმართ, რომლის გადაწყვეტილებები და მოთხოვნები ბოლო ხანებში ასე ხშირად მიიჩნევა არაარგუმენტირებულად.

 ფაქტია, რომ საქართველოში მოღვაწე ყველაზე გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გიგი უგულავას დაკავება მორატორიუმის აშკარა დარღვევად მიიჩნიეს და აღნიშნეს, რომ მისი დაკავების აუცილებლობის შესახებ გამოძიებას არავითარი მტკიცებულების წარმოდგენა არ უცდია.

 ფაქტია, რომ ის სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც დღეს გამოძიება უგულავას ედავება, დიდი ხანია არსებობს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოცხადებული დეტალები თუ ვინმეს აინტერესებს, მე თავს არ შევაწყენ, მარტივად შეუძლია იხილოს:http://www.interpressnews.ge/ge/politika/288532-gigi-ugulavas-9-dan-12-tslamde-patimroba-emuqreba.html

 ფაქტია, რომ საგამოძიებო სამსახურებს, მათთვის მოსახერხებელი დროისთვის აქვთ შემონახული სხვადასხვა ბრალდებები და ერთად მათ გამოქვეყნებას თავს არიდებენ.

დასაწყისს დავუბრუნდები და ფაქტია, რომ გიგი უგულავამ შეძლო და კიდევ ერთხელ და თვალნათლივ დაანახა საზოგადოებას დღევანდელი ხელისუფლების რეალური მმართველის, მისი მართული ხელისუფლებისა და ხელისუფლების მიერ მართული საგამოძიებო ორგანოების უუნარობა, უცოდინრობა, სიბეცე. ამაზე, სხვა ყველაფერთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი მოწმობს. ჟურნალისტების შეკითხვაზე - გრძელდება თუ არა პრემიერის ინიციატივით წინასაარჩევნოდ დაწესებული მორატორიუმი, ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა: „მაგდენში მე ვერ ვერკვევი… ვინც კანონს დაარღვევს, პასუხისგებაში უნდა მიეცეს აუცილებლად და აქ მორატორიუმი და ის… არ უნდა შველოდეს.“

დღეს ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერობის კანდიდატმა თქვა: “არ მეგულება ამ ქვეყანაში ბავშვიც კი, ვისაც ცნობიერი ცხოვრება აქვს დაწყებული, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არ არის პოლიტიკური აქტი, ეს არ იყო პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც ერთ მიზანს ისახავს, რომ მოხდეს ჩვენი დემორალიზაცია, დაშინება, მოხდეს ჩვენგან უარის თქმა ბრძოლაზე და ჩვენ ამ ბრძოლაში უკან დავიხიოთ. მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს არ მოხდება. ამ მეთოდებით შეუძლებელია ჩვენი განადგურება და შეუძლებელია ჩვენი ფორმიდან ამოგდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პერიოდში ამდაგვარ პოლიტიკურ დაკვეთებს ადგილი არ ჰქონდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი პირობები ყველაზე ჩამორჩენილ და განუვითარებელ ქვეყნებშიც კი არ აქვს ოპოზიციურ ძალებს,“ - აცხადებს ნიკა მელია.

 ვარაუდია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ჩემი მეგობრის სიტყვები: “უგულავა იმიტომ კი არ დააკავეს, რომ ფიქრობდენენ, არ დაბრუნდებაო, არამედ იმიტომ, რომ იცოდნენ, დაბრუნდებოდა.”

                                                                                                                                    თიკა გურული

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი, 2017 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
27 ივნისი, 2016 BREXIT
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს