წინასაარჩევნო “სამართალი”
08 ივლისი, 2014
709
print

თიკა ნიკოლაძე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შესახებ დაუშვებლად ცნო.

მეორე ინსტანციის სასამართლოში ამბობენ, რომ ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივრის დაუშვებლად ცნობის მიზეზი ის გახდა, რომ საჩივარში არ არის დასაბუთებული გასაჩივრებული განჩინების დებულებათა მცდარობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული აღკვეთის ღონისძიების მართლზომიერებაზე.

სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ ბრალდებულს სხვა საქმეზე შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება, ხოლო ზოგიერთ საქმეზე სასამართლომ მას არ შეუფარდა არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, არ შეიძლება გახდეს უპირობოდ, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების საფუძველი.

 

"საქმის მასალებში წარმოდგენილ, აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით გიორგი უგულავას მიმართ დღემდე გამოტანილ სასამართლოს განჩინებებში, მითითებული იყო მოცემული საქმისგან სრულიად განსხვავებული ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულ საქმეებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დროს და რომლებიც ყველა ცალკეულ შემთხვევაში შესაფასებლად ინდივიდუალურია", - აღნიშნულია მეორე ინსტანციის სასამართლოს განცხადებაში.

სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, გიგი უგულავა Facebook-ზე გამოეხმაურა.

"სააპელაციო სასამართლომ ყველანაირი განხილვის გარეშე ციხეში დამტოვა. შესაშური სამართალია. თან იმ მოსამართლემ, ვინც ჩემი უფლებამოსილების შეჩერება, ასევე განხილვის გარეშე დაადასტურა და, ვინც ამის გამო საკონსტიტუციომ გაამტყუნა! ციხე და კატორღა რომ აჩერებდეს პოლიტიკურ პროცესებს.... ეჰ, ისტორიის წიგნები მაინც გადაგეკითხათ. კარგით - ახლა ბევრი დრო მაქვს და თქვენ წასაკითხსაც მე წავიკითხავ! მადლობა ბატონ ბიძინას", - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით აქვს ბრალი წაყენებული, რის გამოც, თბილისის საქალაქო სასამართლომ, დედაქალის ყოფილ მერს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეზე (ტელეკომპანია „იმედის“ და რიყის ტერიტორიის გასხვისება) პროცესი გაიმართა.

გუშინდელ სასამართლო პროცესზე გიგი უგულავამ საზოგადოებას და სააპელაციოს მოსამართლეებს მიმართა.

მისი თქმით, პროკურატურამ ხელოვნურად მოახდინა ინსპირირება, რომ მისი აღმკვეთი ღონისძიების საკითხი მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს განეხილა.

თბილისის ყოფილმა მერმა არასამთავრობო ორგანიზაციებს და იურისტებს მოუწოდა შესწავლონ პარასკევს შეტანილი შუამდგომლობის რიგითობა და აღნიშნა, რომ მოსამართლემ აღმკვეთი ღონისძიება სრულად დაუსაბუთებლად გამოიყენა.

"სააპელაციო სასამართლოს წინ მინდა მივმართო საზოგადოებას. მთავრობა ყველანაირად ცდილობს წარმომაჩინოს მე, როგორც ბოროტმოქმედი და ამით არღვევს ჩემს უდანაშაულობის პრეზუმფციას. მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს პატიმრობაში ვარ, წინასწარი პატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძიება მოსამართლემ სრულად დაუსაბუთებლად გამოიყენა. თუმცა აქ არ ვაპირებ ამ საკითხის გარჩევას. მინდა საზოგადოებას ავუხსნა რას ნიშნავს წინასწარი პატიმრობა. წარმოიდგინეთ, როცა ერთი ადამიანი თანახმაა, ეჭიდაოს ათს და მსაჯი ამ ათი პირის მოთხოვნით ერთს ხელებს უკრავს. როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ პირობებში ორთაბრძოლა. ასეთ პირობებში ვარ მე და ჩემი მეგობრები. როცა ისედაც მთელი სახელმწიფო მანქანა გიპირისპირდება უთანასწორო ბრძოლაში და მოსამართლე წინასწარ პატიმრობას იყენებს, ანუ ხელებს გიკრავს და ასეთ პირობებში უნდა ამტკიცო შენი უდანაშაულობა. ეს კანონის უზენაესის სტანდარტისგან ძალიან შორსაა. ბოლო ორი წელია კანონის უზენაესობის პრინციპი ჩაანაცვლა მისმა სუროგატმა "სამართლიანობის აღდგენამ". დღეს, სწორედ სასამართლოს აკისრია ისტორიული მისია დაიცვას ქვეყანა პოლიტიკური შურისძიებისგან და მიიყვანოს კანონის უზენაესობის პრინციპამდე.

ბატონო სააპელაციოს მოსამართლენო, ისედაც უთანასწორო ბრძოლაში მყოფს, ნუ დატოვებთ ჩემ სააპელაციო საჩივარს განხილვის გარეშე და მომეცით შანსი ჩემი არგუმენტი გამცნოთ", - განაცხადა უგულავამ.

თუმცა, უგულავას მოწოდება მოწოდებად დარჩა. მეორე ინსტანციის სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის სააპელაციო საჩივარი განხილვის გარეშე დატოვა.

რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედის“ და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეს კი, გუშინდელ სასამართლო პროცესზე, ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი დაიკითხა, რომელიც „იმედის“ 30 პროცენტიანი წილის მფლობელი იყო. მოწმემ ჩვენებაში აღნიშნა, რომ გიგი უგულავასთან მეგობრობა არ აკავშირებს და ტელევიზიის მფლობელობის პერიოდში მასთან შეხება არ ჰქონია.

მისი თქმით, უგულავას საერთო მეგობრების დაბადების დღეებზე რამდენჯერმე შეხვედრია, დავით კეზერაშვილი კი, ნანახი საერთოდ არ ჰყავს.

 

„ტელეიმედის 30 პროცენტიან წილი 12 მილიონად შევისყიდე, რადგან ამ სფეროში შოუბიზნესთან დაკავშირებული ჩემი ინტერესი მქონდა. ამ დროს ტელევიზიის გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე იყო, ასევე ტელევიზიას ჰყავდა სხვა მფლობელებიც, გიორგი მიქელაძე და ჯოზეფ ქეი", - განაცხადა გიორგი კორახაშვილმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ქეის გარდა, სხვა ყველა დამფუძნებელი ესწრებოდა.

 

"ამ კომპანიაში ჩემი ინტერესები სათანადოდ არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება რომ კომპანია გადამეცა იმისთვის, ვინც დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს. სიმბოლურად 1 ლარად ჩემი წილი გადავეცი ინა გუდავაძეს," - განმარტა კორახაშვილმა.

რიყის ტერიტორიისა და ტელეიმედის გასხვისების საქმესე სასამართლო პროცესი 21 ივლისს მოწმეთა დაკითხვის ეტაპით გაგრძელდება.

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!