რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღება დაიწყო
01 აგვისტო, 2014
953
print

საავიაციო ექსპერტებმა კი მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის ადგილამდე მიაღწიეს

 

 

ივა შილაკაძე

 

დასავლეთმა, ბოლოს და ბოლოს, მუქარა შეასრულა და რუსეთის წინაღმდეგ შემოღებული სანქციების მესამე ეტაპზე გადაყვანა დაიწყო. ეს გულისხმობს პერსონალური სანქციების გარდა უკვე ეკონომიკურ სანქციებსაც. აღმოსავლეთ უკრაინაში, მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი „ბოინგის“ ჩამოვარდნის ადგილას კი ხუთშაბათს, როგორც იქნა, მიაღწიეს საერთაშორისო ექსპერტებმა. უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე გამოუცხადებელ შეიარაღებულ კონფლიქტს ლოგიკურად ემატება სავაჭრო ომიც. მხარეები ერთმანეთის პროდუქციას ან კრძალავენ, ან დამატებით ბარიერებს უქმნიან და ეს ეხება ფაქტობრივად უკვე ყველაფერს, სურსათიდან კინოფილმებამდე.

 

„ბოინგის“ კატასტროფა

 

დონეცკის ოლქში, მალაიზიის კუთვნილი სამგზავრო ავიალაინერის ჩამოვარდნის ადგილას მისვლას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ საერთაშორისო ექსპერტები. პირველი ჯგუფი დაკომპლექტებულია სასამართლო სამედიცინო სფეროს სპეციალისტებით ძირითადად იმ ქვეყნებიდან რომელთა მოქალაქეებიც მრავლად ისხდნენ თვითმფრინავში. ეს ქვეყნებია ნიდერლანდები, მალაიზია და ავსტრალია. ექსპერტები პირველ ეტაპზე „მიეკედლნენ“ ეუთოს დამკვირვებელთა მისიას, რომელიც ისედაც მუშაობს უკრაინაში იქ მიმდინარე კონფლიქტის გამო. საერთშორისო სპეციალისტების ნაწილი იმყოფებოდა კიევში, ნაწილი კი დონეცკის ოლქში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ზონაში – ძირითადად უშუალოდ დონეცკსა და შახტიორსკოეში. სეპარატისტებმა რამდენჯერმე დადეს პირობა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას უცხოელ სპეციალისტებს შეუშვებდნენ, მაგრამ ხუთშაბათამდე ეს მაინც ვერ მოხერხდა.

 

წინა დღეებში განიხილებოდა კატასტროფის ზონაში საერთაშორისო სამხედრო მისიის გაგზავნაც, მაგრამ გარკვეული კონსულტაციების შემდეგ ამაზე ჯერ კიდევ 28 ივლისს თქვა უარი ნიდერლანდების პრემიერ–მინისტრმა მარკ რიუტემ. მისი სიტყვებით ეს არარეალური იყო და განხორციელების მცდელობა კიდევ უფრო დაძაბავდა მდგომარეობას. ექსპერტების დაუყონებლივ დაშვება თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას 30 ივლისს კიდევ ერთხელ მოითხოვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა. მანამდე აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკრიტიკა რუსეთი იმის გამო, რომ ეს სახელმწიფო სათანადო დონეზე არ ეხმარება კატასტროფის მიზეზების გამოძიებას. ამაზე რუსეთმა პასუხი ჩვეულ დემაგოგიურ სტილში გასცა, რომ გაკვირვებული არიან აშშ პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკით. მათ განაცხადეს, რომ რუსეთის გენერალურმა შტაბმა უკვე გამოაქვეყნა თავისი ვერსია უკრაინული მოიერიშე თვითმფრინავიდან გაშვებული რაკეტით სამგზავრო ლაინერის ჩამოგდების შესახებ, რასაც კოსმოსიდან გადაღებული ფოტოც დაურთო (ამაზე ჩვენ დაწვრილებით უკვე ვწერდით). აშშ პრეზიდენტი ბუნებრივია გულისხმობდა დადებით ზემოქმედებას სეპარატისტებზე და არა თითიდან გამოწოვილ ვერსიას კვალის ასაბნევად.

 

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე საერთაშორისო ექსპერტების მისვლას ბოლო დღეებში ხელს უშლიდა მის მიმდებარე ტერიტორიებზე განახლებული ბრძოლებიც. ბოლოს ისევ უკრაინის არმიამ გამოიჩინა საქმისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა და ცეცხლი დროებით შეწყვიტა. ავსტრალიელი სპეციალისტების ვარაუდით კატასტროფის ადგილზე კიდევ რჩება დაახლოებით 80 ცხედარი და დაღუპულთა სხეულების ფრაგმენტები. ხუთშაბათს სასამართლო–სამედიცინო ექსპერტების მიერ ჩატარებული პირველი დათვალიერება გაცნობით ხასიათს ატარებდა. ჯერ უცნობია როდის ჩავა ადგილზე ძირითადი საგამოძიებო ჯგუფი. ამ ჯგუფში რუსი ექსპერტებიც არიან, რომლებიც უკვე ჩავიდნენ კიევში. ჯერჯერობით ისევ განხილვის სტადიაშია კატასტროფის ადგილზე უიარაღო პოლიციელების გაგზავნა დაინტერესებული სახელმწიფოებიდან, რომლებიც ესქსპერტებს დაეხმარებიან ადგილის დაცვასა და საძიებო სამუშაოებში. ნიდერლანდებს უკვე გამოყოფილი ჰყავთ 40 კაციანი ჯგუფი, ავსტრალიას 50 პოლიციელი, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ იყვნენ ჩასულები ლონდონში, ხოლო 68 პოლიციელი მალაიზიიდან უკვე კიევში იმყოფება და ადგილზე ჩასვლის ნებართვას ელოდება.

 

ნიდერლანდებში უკვე ჩაასვენეს 227 ადამინის ცხედარი. პირველი მათგანის ამოცნობაც უკვე შედგა, თუმცა მისი ვინაობა ჯერ არ გამოქვეყნებულა.

 

უკრაინის უშიშროების სამსახურმა უკე გამოაქვეყნა „შავი ყუთების“ ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის პირველი შედეგები, რომლის თანახმადაც თვითმფრინავი ნამდვილად ჩამოვარდა მასზე რაკეტის მოხვედრის შედეგად. ახლა გასარკვევია თუ რა რაკეტა იყო ეს და საიდან გაუშვეს იგი, რისთვისაც აუცილებელია თვითმფრინავის ნამსხვრევების შესწავლა.

 

სავაჭრო ომი

 

ეკონომიკური ზეწოლა უკრაინაზე რუსეთმა დაიწყო ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში, როდესაც ხელისუფლებაში ჯერ კიდევ იანუკოვიჩი აზაროვის მთავრობა იყო. მაშინ ამ ზეწოლის მიზანი იყო უკრაინის შეთრევა საბაჟო კავშირში და ევროპასთან მისი დაახლოების შეჩერება. ამ პროცესს დეტალურად აშუქებდა „24 საათი“ და მასზე ჩვენ დიდხანს აღარ შევჩერდებით. გავიხსენებთ მსოლოდ იმას, რომ ეკონომიკური ზემოქმედების პირველი ბერკეტები იყო შეფერხებები საბაჟო საზღვარზე და უკრაინული საკონდიტრო კომპანიის „როშენის“ პროდუქციის აკრძალვა. ეს ფირმა უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტის საკუთრებაა და ამ აკრძალვის პოლიტიკური და შორსმიმავალი მიზნები ახლა ბევრად უკეთ ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც. რუსეთის ზეწოლის სხვადასხვა ფორმებმა უკრაინის წინა მთავრობაზე შედეგი გამოიღო. მათ ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხეშეკრულების ხელმოწერაზე ბოლო წუთში თქვეს უარი. თუმცა ეს ნაბიჯი ძალიან ძვირი დაუჯდა იმ ხელისუფლებასაც, რაც ბევრჯერ უფრო სამწუხაროა უკრაინასაც და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს რუსეთსაც. საეჭვო პერსპექტივით დაიკავეს ყირიმი და სამუდამოდ დაკარგეს უახლოესი მოძმე სლავური სახელმწიფოს კეთილგანწყობა. ამას ალბათ ჯერ ერთეულები თუ აცნობიერებენ რუსეთის ხელისუფლებაშიც შესაძლოა ძალიან მცირე პროცენტი მოსახლეობაში. ეს უკეთესად შეიძლება აღიქვან დასავლეთის სანქციების რეალურად ამოქმედების შემდეგ, მაგრამ ამ თემაზე მომავალში უფრო დაწვრილებით მოგვიწევს წერა.

 

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სეპარატისტული განწყობის ხელოვნურად გაღვივებისა და უკრაინასთან რუსეთის მიერ გამოუცხადებელი, მაგრამ აქტიური ომის დაწყების შემდეგ სავაჭრო ურთიერთობებმაც ბუნებრივად დაიწყო გაუარესება. აპრილში რუსეთმა აკრძალა უკრაინული ყველი. სულ ცოტა ხნის წინ კი უკრაინული კარტოფილი და ღორის ხორცი. უკრაინული პროდუქციის სრული ან თითქმის სრული აკრძალვისთვის მზადება დაიწყო ივნისში და ფორმალური გადაწყვეტილებების მიღების ჯერი დადგა ბოლო კვირაში. 28 ივლისს რუსეთმა მთლიანად აკრძალა უკრაინიდან რძის ნაწარმის შეტანა და ეს ახსნა პროდუქციაში ვეტერინარულ–სანიტარული ნორმების მრავალჯერადი დარღვევით. აკრძალვა ეხება იმ პროდუქტებსაც, რომელიც მცენარეულ ნედლეულზე მზადდება და რომელიც დანამატის სახით შეიცავს რძეს. სამშაბათს 29 ივლისს გამოცხადდა, რომ შესაძლოა აიკრძალოს უკრაინიდან მარცვლეულის, ასევე თევზისა და ხილ–ბოსტნეულის კონსერვების შეტანაც. პირველ რიგში ეს შეეხება მზესუმზირას, სიმინდის ფქვილს, სოიას და შპროტს. ხუთშაბათს აიკრძალა უკრაინიდან წვენების შეტანაც, მათ შორის ბავშვთა კვების მრეწველობისათვის.

 

ისევ გუშინ, ხუთშაბათს გამოცხადდა, რომ რუსეთმა მოამზადა საფუძვლები უკრაინასთან საბაჟო მოსაკრებლების ცალმხრივად შემოსაღებად. ეს ის ნაბიჯია, რომლის გადადგმითაც რუსეთი უკვე წელიწადზე მეტია იმუქრებოდა უკრაინის მიერ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის საპასუხოდ. მომზადდა სია, რომელშიც 153 დასახელების საქონელი შევიდა – საკვები პროდუქტებიდან დაწყებული საყოფაცხოვრებო ქიმიით და სასუქით დამთავრებული. 2012 წლიდან, დსთ–ის ჩარჩოებში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რუსეთში უკრაინის ყველანაირი საქონელი ბაჟის გადახდის გარეშე შედიოდა. ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, რაც სავარაუდოდ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციასთან ერთად მოხდება, უკრაინის მიმართ იმოქმედებს საბაჟო კავშირის ერთიანი საბაჟო ტარიფი. ანუ უკრაინა აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფებიან ყველა ის სახელმწიფოები, რომლებიც არ არინ საბაჟო კავშირის წევრები ან დსთ–ის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმომწერები. ეს 5–დან 25 პროცენტამდე ბაჟის გადახდას ნიშნავს, გააჩნია საქონელს. უკრაინის საგარეო ვაჭრობის დიდი წილი რუსეთზე მოდიოდა, რუსეთის იმპორტში კი უკრაინის საქონლის მოცულობა არც ისე დიდია სულ რაღაც 5,1 პროცენტი, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა რუსეთში იმპორტიორებს შორის მესამე ადგილზე იყო ჩინეთის და გერმანიის შემდეგ. ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის თითქმის 40 პროცენტი უკავია მანქანებს, მოწყობილობებს და სატრანსპორტო საშუალებებს. რუსეთს უკრაინიდან ძირითადად შეაქვს სარკინიგზო ვაგონები და ელმავლები, რაც სხვათაშორის იმ 153 დასახელების საქონელს შორის არ შევიდა. ანუ რუსეთმა არ შეიტანა სიაში ის, რაც სჭირდება, რაც მართლა უკრაინიდან შედის და არა მაგალითად ევროკავშირიდან უკრაინის გავლით.

 

ეს რუსეთის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუზუსტებელი ინფორმაციით მოსკოვი ცდილობდა ეს გადაწყვეტილება მინსკთან და ასტანასთან ერთად მიეღო, მაგრამ პარტნიორებმა საბაჟო კავშირიდან მას ამაზე უარი უთხრეს. რუსეთთან ვაჭრობის მთლიანად შეწყვეტისათვის პრინციპში ფსიქოლოგიურად მზად იყო უკრაინის მთავრობაც. ამაზე პრემიერ–მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ისაუბრა ჯერ კიდევ 18 ივლისს. მისი სიტყვებით ქვეყანა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ რუსეთთან ვაჭრობა მთლიანად ორმხრივად შეიზღუდება.

 

უკრაინამაც თავის მხრივ უკვე აკრძალა რუსული საქონლის ნაწილი, ძირითადად საკონდიტრო ნაწარმი და ღორის ხორცი. ამას გარდა რიგი საზოგადოებრივი მოღვაწეები და სავაჭრო ქსელები დამოუკიდებლად ამბობენ უარს რუსული საქონლის შეძენაზე მიმდინარე წლის თებერვლიდან.

 

ამას გარდა უკრაინის შეაბამისმა სამსახურმა აკრძალა ორი რუსული ფილმის გაქირავებაში გაშვება. ეს არის სერიალი „ბელაია გვარდია“ და ფილმი „პოდდუბნი“. უკრაინელების აზრით პირველ მათგანში გამოხატულია ზიზღი უკრაინული ენის ხალხისა და სახელმწიფოებრიობის მიამართ, მეორეში კი რიგი ისტორიულ ფაქტები რუსეთის სასარგებლოდ არის გადაწერილი. ფილმების ავტორები ამას არ ეთანხმებიან და აღიარებენ, რომ უკრაინაში კინოგაქირავებაში ეს ფილმები ორი წლის წინ რომ შესულიყო, როცა გადაიღეს, მაშინ პრობლემები არ იქნებოდა. დამოუკიდებელი რუსი კინოკრიტიკოსები კი ზოგადად ცენზურას გმობენ, მაგრამ აღიარებენ, რომ რუსეთის შესაბამისი სამსახური უფრო ცუდად იქცევა არა მხოლოდ უკრაინული, არამედ თვით რუსული ფილმების მიმართაც, რომლებიც ხელისუფლების კურსს მთლიანად არ ეთანხმება. უფრო ცინიკური იყო რუსეთის კულტურის მინისტრის ვლადიმირ მედინსკის განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით: „მთავარია არავითარი ნახევარზომები! ლოგიკური იქნებოდა შემდგომში მთლიანად აეკრძალათ „უკრაინოფობი“, კიეველი მიხაილ ბულგაკოვი („ბელაია გვარდია“ მისი რომანის მიხედვით არის გადაღებული), ასევე ნიკოლაი გოგოლი, რომელიც მშობლიურ ენას უგულებელყოფდა და ფარული რუსოფილი ტარას შევჩენკო (რომელიც პირად დღიურებს მხოლოდ რუსულად წერდა)“.

 

კრიზისული რეგიონი

 

ბოლო მონაცემებით უკრაინის არმიამ გარკვეულ სამხედრო წარმატებას მიაღწია ქვეყნის აღმოსავლეთში პრორუს სეპარატისტებთან ბრძოლაში, თუმცა ამერიკელების მტკიცებით რუსეთის მიერ ამ სეპარატისტების შეიარაღების პროცესი გრძელდება. კვირის დასაწყისში უკრაინის არმიამ დაამყარა კონტროლი ყორღან საურ–მაგილაზე. ეს არის სტრატეგიული სიმაღლე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების, ასევე რუსეთის როსტოვის ოლქის საზღვართან. ამ სიმაღლიდან სეპარატისტები ცხრილავდნენ უკრაინის არმიის პოზიციებს, ასევე რიგ დასახლებულ პუნქტებს. ამას გარდა უკრაინის არმია აგრძელებდა ბრძოლებს დონეცკის ოლქის ქალაქების, შახტიორსკის და ტორეზისთვის, ასევე ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლუტუგინოსთვის. მიმდინარეობდა ბრძოლები პერვომაისკის და სნეჟნოეს სრული გათავისუფლებისთვისაც. შემდგომი შეტევისთვის სტრატეგიული პოზიციები უკავიათ უკრაინელებს გორლოვკას მისადგომებთანაც. სეპარატისტები ცდილობენ ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების მოგერიებას ლუგანსკთან. სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული დივერსიული ჯგუფების აქტიურობა შეინიშნება სლავიანსკის და სხვა გათავისუფლებული ქალაქების სიახლოვესაც.

 

გაეროს მონაცემებით შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან უკრაინაში დაღუპულია სულ ცოტა 1129 ადამიანი, დაჭრილია 3400–ზე მეტი. ლუგანსკის ქალაქის საბჭოს მონაცემებით მხოლოდ ამ ქალაქში ბოლო ერთ თვეში (ანუ რაც იქ ბრძოლები დაიწყო) დაიღუპა 93 მშვიდობიანი მცხოვრები, მათ შორის ერთი ბავშვი. დაჭრა 407 ადამიანი. დანგრეულია სამასამდე სახლი, 23 სკოლა, 21 საბავშვო ბაღი, ასევე სამედიცინო დაწესებულებები და უმაღლესი სასწავლებლების შენობები. ქალაქში დაკეტილია ბაზრების 80 პროცენტი და არ არის საწვავი. არ მუშაობს 12 საქვაბე და წყალმომარაგების 8 სადგური.

 

ამ ფონზე პენტაონის პრესმდივანმა კონტრ–ადმირალმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს სეპარატისტების აღჭურვას უახლესი იარაღით, მათ შორის არის მძიმე ტექნიკაც, შორსმსროლელი მსხვილკალიბრიანი არტილერიაც და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებიც. უკრაინის საზვართან კი, უფრო ახლოს ვიდრე გაზაფხულზე, კვლავ იმყოფება რუსეთის არმიის 10 ათასკაციანი დაჯგუფება. ეს არის მძიმე ტექნიკით აღჭურვილი, კარგად მომზადებული და საბრძოლოდ გაშლილი ტაქტიკური შენაერთები.

 

პოლიტიკური სიახლეებიდან შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ხუთშაბათს დახურულ სხდომაზე უკრაინის უმაღლესმა რადამ არ მიღო პრემიერ–მინისტრ არსენი იაცენიუკის გადადგომა და ის მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს. იაცენიუკმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტში უმრავლესობის ფორმალური დაშლის გამო, რაზეც ჩვენ უკვე ვწერდით. სეპარატისტებს შორის კი, როგორც ჩანს, შიდა უთანხმოება მატულობს. ათიოდე დღის წინ, მალაიზიის ავიალაინერის ჩამოგდების შემდეგ უკრაინაში აღარ დაბრუნდა სეპარატისტთა ერთ– ერთი ლიდერი, იმ დროს რუსეთში მყოფი დენის პუშილინი, რომელიც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „პარლამენტის თავმჯდომარეობას“ იბრალებდა. მან წერილობით გაგზავნა განცხადება გადადგომის შესახებ „სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო“. 28 ივლისს კი უკრაინა გაურკვეველი ვადით დატოვა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. პრემიერ–მინისტრმა, რუსეთის მოქალაქემ ალექსანდრ ბოროდაიმ. ის რუსეთში შეამოწმებს, თუ როგორ იღებენ იქ ლტოლვილებს.

 

ხუთშაბას გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პრესმდივანმა კრისტიანა ვირცმა უარყო ბრიტანულ ინდეპენდენტში დაბეჭდილი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უკრაინის საკითხზე საიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მერკელსა და პუტინს შორის. სტატიაში სათაურით „მიწა გაზის სანაცვლოდ“ ჩამოყალიბებული იყო კომპრომისის მიღწევის ერთ–ერთი ვარიანტი. ოფიციალურად არარსებული გეგმის თანახმად რუსეთს უნდა შეეწყვიტა სეპარატისტების დახმარება–მომარაგება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, დათანხმებულიყო უკრაინისთვის გაზის მიწოდების იმ ვარიანტს, რასაც კიევი ითხოვდა, სამაგიეროდ გერმანია აღიარებდა ყირიმზე რუსეთის კონტროლს და დაიბლოკებოდა (გერმანიისა და თვით უკრაინის ხელისუფლების მხრიდანაც კი) უკრაინის ნატოში შესვლა. დონეცკის და ლუგანსკის ოლქები იღებდნენ გარკვეულ ავტონომიას. ბრიტანული გაზეთის ვერსიით ამ გეგმის განხილვა ჩაშალა მალაიზიის ავიალაინერის ჩამოგდებამ, რამაც საერთოდ დასავლეთის განწყობა მნიშვნელოვნად შეცვალა. თუმცა მერკელის პრესმდივნის მტკიცებით ასეთი მოლაპარაკებები არც ყოფილა.

 

უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან გავს კრიზისიდან გამოსვლის რუსეთისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელ ვარიანტს. რუსეთი ფაქტობრივად აღწევს თავის ყველა მიზანს. შესაბამისად მხოლოდ ამის გამოც ამ გეგმის სერიოზულად განხილვაც კი ცოტა არარეალური გვგონია. ყველა შემთხვევაში ეს არის რუსეთის მიერ „შეგდებული“ ვარიანტი. ან დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერებისთვისაც, ან მხოლოდ მედიისთვის – საზოგადოების რეაქციის მოსასინჯად. ეს არის ისევ რუსეთის ცნობილი მიდგომა „ახალი რეალობის“ აღიარების თაობაზე, რის გამოყენებასაც საქართველოს წინააღმდეგაც სულ ცდილობს. თორემ გაზს იაფად უკრაინის წინა მთავრობასაც აძლევდა და ამ მთავრობასაც მისცემს, ეს მოსკოვის მხრიდან „დათმობა“ არ არის.

 

ეკონომიკური სანქცები რუსეთისთვის

 

ევროპამ ამ კვირაში მუქარა შეასრულა და რუსეთის ეკონომიკის მთელი სექტორების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ეს ჯერ არ არის მძიმე ზომები, რომლებსაც სერიოზულ იზოლაციაში შეუძლიათ ქვეყნის მოქცევა და როგორი სანქციებიც მაგალითად ირანის წინააღმდეგ იყო შემოღებული. თუმცა ეს უკვე რაღაც გავლებას მოახდენს ეკონომიკაზეც და გარკვეულწილად შემდეგმოსახლეობაზეც.

 

სანქციები შეეხება ენერგეტიკის, საბანკო და თავდაცვის სფეროს. სამხედრო სფეროში ყველაფერი ცხადია – შეჩერდება ყველანაირი ვაჭრობა ერთი წლით. ამ საკითხში მხარეები ერთმანეთზე სერიოზულად დამოკიდებულნი არ არიან და შესაბამისად ზარალიც დიდი არ იქნება, თუმცა რუსეთს მაინც გაუჭირდება ახალი ტექნოლოგიების მიღება დასავლეთისგან. ამ ქვეყნებს ვერ მიასაღებს თავის სამხედრო აჭურვილობასაც. სანქციებს არ აქვთ უკუეფექტი, შესაბამისად ის არ შეეხება მაგალითად მისტრალის ტიპის იმ გემებს, რომელიც საფრანგეთმა ააგო და პირველი უკვე შემოდგომაზე უნდა გადასცეს რუსეთს. ენერგეტიკაში რუსეთი ვეღარ მიიღებს თანამედროვე ტექნოლოგიებს ნავთობის მოპოვების სფეროსთვის, რაც გაართულკებს ამ სახელმწიფოს მიერ ახალი საბადოების ათვისებას, სადაც ბურღვის საშუალებები მას თითქმის არ აქვს. სანქციები არ შეეხება გაზის მოპოვების და მიწოდების სფეროს, რაშიც ევროპის რიგი სახელმწიფოები სერიოზულად არიან დამოკიდებული რუსეთზე.

 

ყველაზე საგრძნობი იქნება რუსული ბანკებისთვის ფინანსური სანქციები. იმ ბანკებს, რომლებსაც სახელმწიფო აკონტროლებს: „სბერბანკი“, „ვი–თი–ბი“, „გაზპრომბანკი“, „ვნეშეკონომბანკი“ და „როსსელხოზბანკი“ მნიშვნელოვნად შეეზღუდებად დასავლეთში ფინანსური სახსრების მოზიდვის საშუალება. ისინი ვეღარ აიღებენ სესხებს და ვეღარ განათავსებენ ობლიგაციებს 90 დღეზე მეტი ვადით. ანუ ვერ მიიღებენ ყველაზე შემოსავლიან და კომფორტულ გრძელვადიან ფულს. ცხადია, რუსულ ბანკებს შეეძლებათ ფულს შოვნა შიგ ქვეყანაშიც, ან ახლო აღმოსავლეთის და აზიის ბაზრებზეც, თუმცა ეს მთ მაინც სერიოზულად გაურთულებს საქმეს. მაგალითად 1 ივლისის მონაცემებით რუსეთის ბანკებს უცხოური საფინასო ინსტიტუტების 206,5 მილიარდი დოლარი მართებთ. აქედან 80 პროცენტი მოდის ევროპაზე და 15 პროცენტი ამერიკაზე. შედარებისთვის – რუსეთის მთელი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 397,8 მილიარდი დოლარია.

 

ევროკავშირის კვალდაკვალ ამერიკამაც გააფართოვა თავისი სანქციები რუსეთის მიმართ და ისინი ფაქტობრივად იგივე ბანკებსა და კომპანიებვზე გაავრცელა. აშშ–ს რუსული კომპანიების ნაწილის წინააღმდეგ სანქციები ცოტა ადრეც ჰქონდა შემღებული. ევროპამ ამას გარდა გაზარდა იმ პირებისა და კომპანიების „შავი სიაც“, რომლებზეც პერსონალური სანქციები ვრცელდება ახლა ამ სიაში 95 ფიზიკური პირი და 23 იურიდიული პირია.

 

სანქციები შემოღებულია ერთი წლით, მაგრამ სამი თვის შემდეგ ევროპელი დიპლომატები ისევ შეიკრიბებიან და მათ ეფექტურობაზე იმსჯელებენ. თუ რუსეთი უკრაინის მიმართ პოლიტიკას შეცვლის – სანქციები შერბილდება, მოსკოვის ამჟამინდელი კურსის გაგრძელების შემთხვევაში სანქციები დამძიმდება.

 

iva shilakadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს