დონეცკი და ლუგანსკი შტურმის მოლოდინში
06 აგვისტო, 2014
1075
print

ივა შილაკაძე

 

უკრაინის ხელისუფლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. სეპარატისტების ხელში რჩება სულ რამდენიმე ქალაქი უკრაინის აღმოსავლეთში და რუსეთ–უკრაინის საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი, საიდანაც ისინი უწყვეტი ნაკადის სახით იღებენ დახმარებას როგორც ცოცხალი ძალის, ასევე შეიარაღების სახით. საოლქო ცენტრები დონეცკი და ლუგანსკი ფაქტობრივად უკრაინის არმიას ალყაში აქვს მოქცეული. ამ ქალაქებში ჰუმანიტარული მდგომარეობა თანდათან მძიმდება. მაგრამ ბრძოლებში ზოგგან სეპარატისტებიც აღწევენ წარმატებას. რუსეთის საზღვართან ალყაში მოექცა უკრაინული შენაერთი, რომელიც ყველა მხრიდან იბომბებოდა და ისინი სრული განადგურებისგან იხსნა რუსეთში გადასვლამ. მათ ჰუმანიტარული დერეფანი გაუხსნეს. რუსეთი სამხრეთ–დასავლეთის რეგიონებში მსხვილ სამხედრო მანევრებს ატარებს, თუმცა მასში ძირითადად ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მონაწილეობს.

 

ჯერ კიდევ კვირას, 3 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვალერი გელეტეიმ „ბი–ბი–სი“–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუს სეპარატისტებთან ბრძოლაში და შეიარაღებული ძალები „ახლოს არიან გამარჯვებასთან“. თუმცა მან აღიარა, რომ სეპარატისტებს სერიოზული დანაკარგების მიუხედავად ჯერ კიდევ დაახლოებით 15 ათასი კაცი ჰყავთ და რუსეთიდან შევსებას იღებენ რეგულარულად. გელეტეის სიტყვებთ უკრაინას აქვს სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი დიდი ტერიტორიის დაკავების გეგმა, რომელშიც მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის ადგილიც შედის, თუმცა მისი განხორციელება ჯერ არ მოხდება იქ საერთაშორისო ექსპერტების ყოფნის გამო.

 

ორშაბათს ბრიფინგი ჩაატარა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ, რომელმაც საკმაოდ დაწვრილებით ილაპარაკა ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობაზე. მისი სიტყვებით სეპარატისტი მებრძოლების მიერ კონტრლირებადი ტერიტორია შეტაკებების დაწყებიდან სამი მეოთხედით შემცირდა და „ტერორისტების ხელში ერთი მეოთხედი რჩება“. ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ პრორუსი სეპარატისტები თავიდანვე აკონტროლებდნენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ ნაწილს და არა ამ ოლქებს მთლიანად. მთავარი პრობლემაა ის, რომ სეპარატისტები ფაქტობრივად შეიარაღებული დაპირისპირების მთელ პერიოდის განმავლობაში აკონტროლებენ რუსეთთან უკრაინის საზღვრის რამდენიმე მონაკვეთს, საიდანაც უწყვეტად იღებდნენ და იღებენ შევსებას ცოცხალი ძალისა და მძიმე შეიარაღების სახით. ლისენკომ განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ ხუთშაბათს დაიკავა რამდენიმე პატარა დასახლებული პუნქტი დონეცკის მისადგომებთან, მათ შორის კრასნოგოლოვკა და სტარომიხაილოვკა. უკრაინაში ბოლო დღეებში დააკავეს დაახლოებით 300 ადამიანი, რომელთაც სეპარატისტებთან თანამშრომლობა ბრალდებათ. მათ შორის 11 კაცი რუსეთის და სხვა რამდენიმე სახელმწიფოს მოქალაქეა.

 

ბოლო დღეებში დონეცკის, ლუგანსკისა და გორლოვკის საარტილერიო დაბომბვებს შეეწირა დაახლოებით ათი ადამიანი და დაიჭრა 20–ზე მეტი. მთლიანად შეიარაღებული დაპირისპირებას უკრაინის აღმოსავლეთში უკვე 1500–ზე მეტი კაცი ემსხვერპლა. ანდრეი ლისენკოს თქმით მძიმე მდგომარეობა იყო რუსეთის საზღვრის მიმდებარე ზობაში, სადაც ალყაში მოქცეული უკრაინული შენაერთი – არმიაც და მესაზღვრეებიც – ყველა მხრიდან იბომბებოდა მსხვილკალიბრიანი არტილერიით და რეაქტიული „გრადებით“. საზღვარი კი რუსეთის მხრიდან სულ ცოტა ათმა ტანკმა გადმოკვეთა. ლისენკომ არც დაადასტურა და არც უარყო საშუალო რანგის სამხედრო მეთაურების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები დონეცკისა და ლუგანსკის შტურმის მზადების თაობაზე. ლისენკოს თქმით ისინი მსგავს ინფორმაციას წინასწარ არ ავრცელებენ და პოსტფაქტუმ გააკეთებენ განცხადებას ქალაქის გათავისუფლების თაობაზე. მან აგრეთვე დასძინა, რომ დიდი ქალაქების დაკავებას სერიოზული მომზადება სჭირდება, მათ შორის ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების მიერაც, რომლებიც ჩართული არიან ანტიტერორისტულ ოპერაციაში.

 

ალყაში მყოფ დონეცკსა და ლუგანსკში კი სიტუაცია თანდათან მძიმდება. ამ საოლქო ცენტრებში იწურება სურსათის მარაგი, ზოგგან გათიშულია დენი და გაზი, რადგან დაზიანებულია ქვესადგურები და მილები. დაკეტილია სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი. ლუგანსკში თავდება საწვავის მარაგი, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებისთვისაც. იგვიანებს სახელმწიფო მოხელეთა ხელფასებიც. დონეცკის ქალაქის საბჭოს ვებგვერდის ინფორმაციით სასიცოცხლო დანიშნულების ძირითადი ობიექტები და საქალაქო ტრანსპორტი ჩვეულებრივად მუშაობს. სხვათშორის დამძიმებულმა ჰუმანიტაულმა სიტუაციამ „შეაშფოთა“ მოსკოვი და რუსეთის მოთხოვნით ამ სიტუაციის განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაც მოიწვიეს, რომელიც ჩვენი დროით უკვე ღამე დამთავრდებოდა.

 

ორშაბათს ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა ის მარშრუტი, რომლის გავლითაც მშვიდობიან მოსახლეობას შეეძლება უსაფრთხოდ დატოვოს ქალაქი. საჭიროა ადამიანთა ჯგუფებს ჰქონდეთ თეთრი დროშა (ნაჭერი) და ფართო თეთრი სამკლაური თითოეულ მოქალაქეს. ამ დერეფნის გამოსასვლელთან უკვე მოწყობილია ლტოლვილთა მიღების სამი პუნქტი. ჰუმანიტარული დერეფნის აღიარება და იმ მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა მათ მოითხოვეს სეპარატისტებისგანაც. მათ ყველას შეახსენეს, რომ ადამიანების ჰუმანიტარული უფლებების უგულებელყოფა და მათ ძალით შეჩერება საბრძოლო მოქმედებების ზონაში სამხედრო დანაშაულია. ჰუმანიტარული დერეფნის მხარეს სროლის თაობაზე ინფორმაცია არ ყოფილა, თუმცა სეპარატისტები სამხედრო წესებს დიდად არ დაგიდევენ. ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „ჰიუმან რაიტს ვოტჩმა“ გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის თანახმადაც სეპარატისტები ომს წესების გარეშე აწარმოებენ. მოხსენაბაში ყურადღება იყო გამახვილებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების გატაცებაზე და მათ გამოყენებაზე ჯანმრთელი მებრძოლების გადასაყვანად, ასევე საავადმყოფოების გამოყენებაზე „ცოცხალ ფარად“. მოხსენებაში არის ცნობა საავადმყოფოების მიმართულებით უკრაინის არმიის მიერ განხორციელებული სროლების თაობაზეც, რის გამოძიებასაც ითხოვენ ოფიციალური კიევისგან.

 

სამშაბათს განახლდა ბრძოლა უკრაინის არმიასა და სეპარატისტებს შორის დონეეცკის შემოგარენში. ბრძოლა მიმდინარეობდა ასევე ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე პეტროვსკის რაიონში. ქალაქის ხელისუფლების ცნობით რაიონში დიღუპა სულ ცოტა ორი მშვიდობიანი მცხოვრები, საარტილერიო დაბომბვის შედეგად დენი გაეთიშა დაახლოებით 100 ქვესადგურს. სეპარატისტების ცნობით დაიბომბა ქალაქის ერთ–ერთი ბაზარი, სადაც ყოველთვის ბევრი ხალხია, თუმცა მსხვერპლის და დაჭრილების შესახებ ცნობა არ გავრცელებულა.

 

ორშაბათს რამდენიმე ასეული უკრაინელი სამხედრო, როგორც ჯარისკაცები, ასევე მესაზღვრეები იძულებული გახდნენ ეთხოვათ ჰუმანიტარული დერეფანი და გადასულიყვნენ რუსეთის ტერიტორიაზე. დაჯგუფება რუსეთის საზღვართან აღმოჩნდა ალყაში, მათ ყველა მხრიდან, მათ შორის რუსეთის ტერიტორიიდანაც ბომბავდნენ თითქმის ერთი თვის განმავლობაში. ბოლო დღეებში ეს დაბომბვა ბევრად უფრო ინტენსიური გახდა. დაჯგუფებას ვეღარ მიაწოდეს საბრძოლო მასალები და მათი ტექნიკაც ნელ–ნელა გამოვიდა მწყობრიდან. 72 მექანიზებული ბრიგადამ პირადი შემადგენლობის დაახლოებით მესამედი დაკარგა მოკლულების და მძიმედ დაჭრილების სახით. მცირე ჯგუფმა, ვისაც ტექნიკა შემორჩა, მოახერხა გაჭრა უკრაინის სიღრმისკენ, დანარჩენებმა, დარჩნენ რა ყუმბარების და ფაქტობრივად ტყვიების გარეშეც, დარჩენილი ტექნიკა ააფეთქეს და ჰუმანიტარული დერეფანი ითხოვეს რუსეთისგან, რუსეთმა ისინი შეუშვა საკუთარ ტერიტორიაზე. უკრაინელი სამხედროები საზღვართან სახელდახელო ბანაკში მოათავსეს, სადაც მათ მისცეს საკვები, სუფთა ტანსაცმელი და აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. მათ შორის იყვნენ დაჭრილებიც, ერთი მძიმედ. უკრაინის ოფიციალური სტრუქტურების ცნობით რუსეთის მხარეზე გადავიდა 171 სამხედრო მოსამსახურე და 140 მესაზღვრე. რუსეთის ცნობით 274 ჯარისკაცი და 164 მესაზღვრე. სამხედროებთან მუშაობენ ეუთოს დამკვირვებელთა მისიის და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სასწრაფოდ დაიწყო მოლაპარაკებები ორ სახელმწიფოს შორის მათ უკან დასაბრუნებლად და პირველი ჯგუფი უკვე სამშაბათსვე დაბრუნდა უკრაინაში, თუმცა სეპარატისტებმა ამ კოლონასაც გაუხსნეს ცეცხლი.

 

რუსეთმა კი ასტრახანში მდებარე აშულუკის პოლიგონზე მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო ავიაციისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მონაწილეობით. მასში ჩაერთვებიან უკრაინასთან საკმაოდ ახლოს, არმავირის, კრიმსკის, მოზდოკისა და მოროზოვსკის აეროდრომებიდან აფრენილი თვითმფრინავებიც. უკრაინაც და დასავლეთიც ამ მანევრებს უწოდებენ „ძალის დემონსტრირებას“ და „დაშინების მცდელობას“. თუმცა სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აშულუკი რუსეთის ავიაციის სამხედრო სწავლების ტრადიციული ადგილია, ხოლო ჩამოთვლილი აეროდრომები მაინც იმაზე შორს არიან უკრაინისგან, ვიდრე ისინი, რომლებზეც ნატომ გაზაფხულზე დააფიქსირა რუსების ავიაციის თავმოყრა. თუმცა რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი. სულ რამდენიმე დღის წინ, პარასკევს, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „პუტინი არარაციონალურად მოქმედებს“. აშშ პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკას შეზღუდული აქვს კრემლზე ზემოქმედების საშუალებები და ეს ასეც იქნება იქამდე, სანამ პუტინი და რუსეთი გააგრძელებენ საკუთარი გრძელვადიანი ინტერესების უგულებელყოფას.

iva shilakadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს