ევას თოჯინები
23 იანვარი, 2015
1054
print

ია მერკვილაძე, ნიუ იორკი, აშშ

 ამას წინათ ნიუ იორკის The Empire Hotel Rooftop –ზე ქართველი ხელოვანის, ფოტოგრაფის ევა კაპანაძის თოჯინების გამოფენა გაიმართა. მანამდე ევამ თავისი ფოტოების კოლექცია სახელწოდებით "ხის პორტრეტები" Klimat Lounge –ში გამოფინა, მანადე Proteus Gowanus Brooklyn –ში მნახველმა "ევას ხელთნაკეთი აქსესუარები" იხილა; ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტში ქართული კულტურის დღეებზე სტუდენტებმა “ევას ხელთნაკეთი თოჯინები” გაიცნეს, მანამდე კი – Haven Lounge -ში მისი "თოჯინების პრეზენტაცია" გაიმართა (2011). შარშან ზაფხულში კი ევამ მონაწილეობა მიიღო თბილისში, "ზაზანოვაში" (ნიუ ორლეანური სალონ – რესტორანი) გამართულ საქველმოქმედო ფოტოგამოფენა - გაყიდვაში, რომლისგან შემოსული თანხაც ჩვილ ბავშვთა სახლს გადაეცა.

 თბილისში ევა ჯერ სამედიცინო კოლეჯში, მერე კი – სამედიცინო ინსტიტუტის ბიოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა სწავლა არ დაასრულა და IV კურსიდან ახლობლის დახმარებით აშშ–ში, ნიუ იორკში ჩამოვიდა.

 კარგად ახსოვს როდის ჩამოვიდა – 2003 წლის 28 იანვარს და ის ოჯახიც, სადაც მუშაობა დაიწყო. მერე მუშაობდა მაღაზიაში, ძიძად, სამედიცინო ოფისში ექიმის დამხმარედაც. როგორც თავად ამბობს, ძალიან რთული პერიოდი გამოირა, რაც, ერთი შეხედვით, მოსაყოლად ადვილია, მაგრამ იმ განცდების გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია....

– ამერიკულ ოჯახში, სადაც მე ჩამოსვლისთანავე მუშაობა დავიწყე, არაჩვეულებრივი თბილი ხალხი დამხვდა, – ამბობს ევა. – მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. თავისუფალ დროს ქუდებსა და კაშნეებს ვქსოვდი. ეს ყველაფერი კი დიდ ენერგიას მაძლევდა, რადგანაც ქსოვა დედამ მასწავლა და მის მონატრებას ამით ვივსებდი. მე შვიდი წლის ვიყავი, როცა დედა გარდამეცვალა.

შობის დღესასწაულზე იმ ოჯახისგან, სადაც მე ვმუშაობდი, საჩუქრად უამრავი ძაფი და აქსესუარი მივიღე. მერე მოვქსოვე დეკორატიული რკო და ფოთლები. ჰოდა, ერთ დღესაც გადავწყვიტე თოჯინა გამეკეთებინა. თოჯინას, რომელიც პირველად გავაკეთე, რკოს თავი ჰქონდა და ფოთლებით გაწყობილი კაბა ეცვა. ამ თოჯინამ ჩემს მეგობრებში დიდი მოწონება დაიმსახურა და გადავწყვიტე თავისუფალი დრო თოჯინების კეთებაში გამეტარებინა. თავიდან ეს ყველაფერი ჰობი იყო, თუმცა ნელ-ნელა შემკვეთები და მყიდველებიც გამომიჩნდნენ და თოჯინების გაყიდვაც დავიწყე. 2005 წლიდან კი ამ საქმეს სერიოზულად მოვეკიდე. თოჯინები ჩემთვის განსაკუთრებული სამყაროა. ისინი ასოცირდებიან ჩემი ბავშვობის ტკბილ მოგონებებთან, რომელიც ჩემს ძმასთან, დედასთან და მამასთან ერთად მაქვს გატარებული. ჩემი ძმა ავტოავარიაში 1999 წელს დაიღუპა, ერთი წლის შემდეგ მამაც გარდამეცვალა. თითოეული თოჯინის გაკეთების დროს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჯადოსნურ სამყაროში გადავდივარ, სადაც ვიღებ უდიდეს დადებით ენერგიას, სითბოს, სიყვარულს, რომელიც ჩემი თოჯინების დიზაინში აისახება. თითოეული მათგანი ორიგინალურია, დიზაინს არასოდეს ვიმეორებ. ისინი გამოხატავენ ჩემს შინაგან სამყაროს, ყველა თოჯინა იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ ხანდახან მათი გაყიდვაც კი მენანება. როდესაც თოჯინებს ინტერნეტ – სივრცეში გამოსაქვეყნებლად ფოტოებს ვუღებდი, მათ დასამუშავებლად ვიყენებდი გრაფიკულ პროგრამას, რომლითაც ძალიან დავინტერესდი. 2007 წელს UDI Career Training Institute-ში ჩავაბარე და გავიარე ვებდიზაინის კურსი, სადაც შევისწავლე ვებ გვერდების დამზადება, ავიღე სერთიფიკატი. ამის შემდეგ ფოტოგრაფიამ გამიტაცა და Fashion Photography & Fashion Styling კლასები ნიუ იორკის ერთ-ერთ "არტ-ფეშენის" სკოლაში Fashion Institute of Technology გავიარე.

დღეს – დღეობით ფოტოგრაფიით სერიოზულად ვარ გატაცებული. დავდივარ მოდის კვირეულებზე, არტ გამოფენებზე, ჯაზმუსიკის კონცერტებზე, სადაც ხშირად ჩემს ობიექტივში ბევრი ცნობადი სახე ხვდება, მაგრამ პარალელურად თოჯინებსაც ვაკეთებ. ამჟამად ვმუშაობ ახალი თოჯინების კოლექციაზე, რომელსაც მანჰეტენზე მდებარე მაღაზიისთვის ვაკეთებ. მის სახელს ჯერ ვერ დავასახელებ, რადგანაც კონტრაქტი ამის საშუალებას არ მაძლევს.

– შენი თოჯინების დათვალიერება – შეძენა ინტერნეტში შეიძლება?

– მე მაქვს ონლაინ მაღაზია, სადაც შესაძლებელია ჩემი ნამუშევრების დათვალიერება – შეძენა www.designbyeva.net. ასევე მაქვს ჩემს სახლში საკუთარი ფოტოსტუდია გახსნილი, რომელიც ბრუკლინის ისტორიულ ალაგს, Park Slope- ში მდებარეობს, ხოლო ჩემი გადაღებული ფოტოების ნახვა www.evaphotography.net – ზეა შესაძლებელი. მიყვარს ფერადი ფოტოები, მაგრამ უპირატესობას შავ – თეთრს ვანიჭებ. მგონია, რომ ამგვარ შავ – თეთრ ფოტოებში დეტალები უფრო მკვეთრად ჩანს.

– შენი ნამუშევრებიდან ხეები და აივანზე გადაღებული თეთრკაბიანი ქალი მომეწონა.

– ძალიან მიყვარს ბუნება, გამორჩეულად ხეების გადაღება. ხანდახან რამდენიმე საათიც კი გამიტარებია ერთი ხის გარშემო. ჩემი აზრით, თავისი არაჩვეულებრივი გამოსახულებით ხეები იმ ამოუცნობ სამყაროს ქმნიან, რომელიც ჩვენს რეალობაში იკარგება.

აივნიან ფოტოს კი თავისი ისტორია აქვს. ერთხელ რვა საქორწილო კაბა მაჩუქეს. ეგონათ, რომ თოჯინებისთვის მატერიად გამოვიყენებდი. თავიდან ასეც ვფიქრობდი, მაგრამ მერე მათი დაჭრა დამენანა და გადავწყვიტე ქართული ძველებური სამოსის გათანამედროვებული სახე შემექმნა. აქსესუარები (ვაკეთებ ჩანთებს, საყურეებს, ბეჭდებს, ყელსაბამებს) და კოსტუმიც იმ სტილში შევარჩიე. მერე ნიუ ჯერსიში ჩემს მეგობართან სტუმრად წავედი და ქართველ მოდელს ქუჩაში ვიღებდი. ამ დროს მეზობელმა დაგვინახა და გამოგვეხმაურა. იგი ინტერიერის ცნობილი დიზანერი აღმოჩნდა და ისე მოეწონა რასაც ვაკეთებდი, რომ თავის მდიდრულ სახლში შემიყვანა და ფოტოების იქ გადაღების უფლება მომცა. ის აივანიც მისი სახლისაა.

– ნიუ იორკელი ფოტოგრაფი შეუძლებლია დიდი ვაშლის ქალაქის სიყვარულის გარეშე...

– ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ნიუ იორკში ვცხოვრობ. ქალაქში, რომელსაც არასოდეს სძინავს; ქალაქში, სადაც შენი შრომა არასოდეს იკარგება. ნიუ იორკი თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეებით ჩემთვის უნიკალური ქალაქია. ძალიან მინდა სამომავლოდ სწავლა ისევ ფოტოგრაფიის განხრით გავაგრძელო. ჩემი თოჯინების ბოლო გამოფენაზე ბევრი შემოთავაზება მივიღე. ჰოდა, ამჟამად ახალ კოლექციას, პროექტს ვამზადებ, რომელსაც მნახველი ახლო მომავალში იხილავს.

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2018 ხელოვნური სულისკვეთებით
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან