ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას გადაშენებით ემუქრება
02 თებერვალი, 2015
1790
print

გიგა გურასაშვილი

”ხელოვნური ინტელექტის კვლევაში ჩართული ათეულობით მეცნიერი, მათ შორის ცნობილი ბრიტანელი თეორეტიკოს-ფიზიკოსი სტივენ ჰოუკინგი და ამერიკელი ბიზნესმენი და გამომგონებელი ილონ მასკი, ერთგვარი გამაფრთხილებელი ღია წერილით გამოდიან, სადაც ასეთი ინტელექტის შესაძლო საფრთხეებზე ყურადღების გამახვილების აუცილებლობაზე მიუთითებენ.

მათი თქმით, მანქანების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს შეუძლიათ გადააჭარბონ როგორც ადამიანის, ისე უშუალოდ მათ შემქმნელთა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.

რაკეტმშენებელი კომპანია SpaceX-ის და Tesla-ს ელექტრმობილების მწარმოებელი კომპანიის თანადაფუძნებელი ილონ მასკი, რომელიც ჰოლივუდის კინოვარსკვლავ მორგან ფრიმენთან და ასტროფიზიკოს სტივენ ჰოუკინგთან ერთად  Future of Life Institute-ის სამეცნიერო ხელმძღვანელთა საბჭოში შედის, მიიჩნევს, რომ უკონტროლო ხელოვნური ინტელექტი ”პოტენციურად ბირთვულ იარაღზე საშიშია”.

სხვათა შორის, ცოტა ხნით ადრე სტივენ ჰოუკინგი ამბობდა, რომ ხელოვნურ ინტელექტს ”შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ჭკუით გვაჯობოს” და იქვე განმარტავს, რომ არცთუ შორეულ მომავალში ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა, მართლა საშიში გახდეს თუ საკუთარი თავის თვითგანვითარებას ისწავლის.

გარდა ამისა, ბრიტანელი მეცნიერი ”ფაინენშელ ტაიმსთან” საუბარში ამბობს, რომ გენურ ინჟინერიას შეუძლია ”სრულყოს ადამიანის მოდგმა”, მაგრამ იქვე არცთუ სასიამოვნო პერსპექტივას სახავს: ”კომპიუტერები თავის სიჩქარეს და მეხსიერების მოცულობას 18 თვეში ერთხელ აორმაგებენ. არის საშიშროება, რომ კომპიუტერებს გონება განუვითარდებათ და ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში. ადამიანები მათთან კონკურენციას ვეღარ შეძლებენ, რადგან მათ შესაძლებლობებს შენელებული ბიოლოგიური ევოლუცია ზღუდავს. ადამიანებს შევიწროვება ემუქრებათ”.

ყველაფერთან ერთად ბრიტანელი ასტროფიზიკოსი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში შეტანილ დადებით წვლილსაც უსვამს ხაზს.

და ბოლოს, ჰოუკინგი მაღალი ტექნოლოგიების პოტენციურად დესტრუქციული ასპექტების შესახებ გვაფრთხილებს. ტექნოგენური კატასტროფის თავიდან აცილებას კი სხვა პლანეტებზე კოლონიების შექმნაში ხედავს. მისი შეფასებით, ”უახლოეს ათას ან 10 ათას წელიწადში პლანეტა დედამიწაზე კატასტროფა თითქმის გარდაუვალია”, ამიტომაც კაცობრიობას სხვა პლანეტებზე გადასახლებისკენ მოუწოდებს.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი, 2017 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს