ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
18 თებერვალი, 2015
551
print

ჩემპიონთა ლიგის პირველმა მერვედფინალურმა მატჩმა ”პარი სენ ჟერმენსა” და ლონდონის ”ჩელსის” შორის ბევრი კითხვა დატოვა. ორივე გუნდის მწვრთნელი თანხმდება, რომ ყველაფერი 11 მარტს, განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება. მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს.

ლორან ბლანი: ”პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი:

”გაორებული გრძნობა დამრჩა. ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. მეტოქისგან ასეთ თამაშს ველოდით. ყველაფერი თითქმის ისე გამოვიდა, როგორც ვგეგმავდით და ეს ჩვენ გვაკმაყოფილებდა. ამ თამაშის ნახვა ერთი სიამოვნება იყო. კარგად გავისარჯეთ, თითქმის იდეალური თამაში ვაჩვენეთ, თუმცა ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ, რაც ჩვენს გეგმებში არ შედიოდა.

სამწუხაროა, რომ გოლი გავუშვით. უნდა ვაღიაროთ, რომ ”ჩელსი” აქ გოლის გასატანად ჩამოვიდა და გაიტანა კიდეც. მათ მხოლოდ მცველების ხარჯზე განავითარეს კომბინაცია. ჩვენ კი ედენ აზარზე და ვილიანზე ვიყავით ფოკუსირებული. არადა, ყველა ფეხბურთელისთვის თვალყური უნდა გვედევნებინა.

 დღეს ჩვენი ოსტატობა გამოვავლინეთ. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. მიაქციეთ ყურადღება: ადრე ჩვენ ევროტურნირებს გამოვეთიშეთ ”ჩელსისა” და ”ბარსელონასთან” პაექრობაში, მხოლოდ მეტოქის მინდორზე გატანილი გოლების გამო. ამიტომ შევეცადე ნახევარდაცვა დავიდ ლუისით გამეძლიერებინა.

მე ვესაუბრე ჟოზე მოურინიოს, როგორც თამაშის წინ, ისე მის შემდეგ. ჩვენ ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ, მაგრამ ბოლოს მან მაინც ირონიით აღნიშნა, რომ პსჟ-ს შეუძლია მოიგოს ყველა ტურნირი, რომელშიც თამაშობს. მან ძალიან კარგად იცის, რომ ამ ტურნირებს შორის ჩემპიონთა ლიგაც არის. ვფიქრობ, მას ამ ტურნირის მოგება ჩვენზე მეტად სურს.

განმეორებით შეხვედრაში ჩვენ გავაგრძელებთ შემტევი ფეხბურთის თამაშს, მაგრამ ამას სიფრთხილით გავაკეთებთ. თუ დაცვაში საიმედოდ ვიმოქმედებთ, ერთი გოლიც საკმარისი იქნება”.

ჟოზე მოურინიო ”ჩელსის” მთავარი მწვრთნელი:

”პირველი ტაიმი ჩვენზე იყო. მეტოქე სიღრმიდან გვიტევდა და საშუალება მოგვეცა უბრალოდ ბურთი გვეგორებინა. დრო ჩვენზე მუშაობდა. შესვენების შემდეგ მასპინძლები უფრო ხშირად და სწრაფად გვიტევდნენ. მთლიანობაში ფრე სამართლიანი შედეგია. თუმცა, თუ საგოლე მომენტებს და სეივებს გადავხედავთ, პსჟ გამარჯვებასთან უფრო ახლოს იყო.

ახლა ამ დაპირისპირების ბედი განმეორებით მატჩში გადაწყდება. ჯერ არაფერია გარკვეული. მეტოქეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, ბრწყინვალე ფეხბურთელებით. შეტევაში პარიზელების დამრტყმელი ტრიო მოქმედებს. თუ ისინი მომენტებს ქმნიან, ეს ყოველთვის სახიფათოა. ამ გუნდში მართლაც ბევრი ტალანტია, ამიტომ ყველაფერი ”სტემფორდ ბრიჯზე” გაირკვევა.

გოლებს ფორვარდებისგან ელიან, მაგრამ კარგია, როცა გუნდში გყავს 2-3 დაცვითი ყაიდის ფეხბურთელი, რომლებსაც გოლის გატანა შეუძიათ. როგორ ჩანს, ბრონისლავ ივანოვიჩმა კარგად იცის როდის დაარტყას. მან გაუტანა ”ლივერპულს”, გაიტანა გოლი სტუმრად, პსჟ-ს კარში, თავი გამოიჩინა ევროპის ლიგის ფინალში. ყველა ეს მატჩი უმნიშვნელოვანესი იყო.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტრავმირებულ ფეხბურთელებს არ შეუძლიათ სრული ძალით თამაში, მაგრამ ხანდახან ისინი სიურპრიზებს გვთავაზობენ. აზარს, ვილიანს, ოსკარს, ფაბრეგასს და ივანოვიჩს ”ევერტონთან” მატჩის შემდეგ აღარ უვარჯიშიათ. გუშინ ისინი ვარჯიშზე მხოლოდ პრესისთვის საჩვენებლად გამოჩნდნენ. ჩესკი საერთოდ ავად იყო და ლოგინიდან სამი დღე არ ამდგარა, მაგრამ ყველა ეს ფეხბურთელი დაბრუნდა შემადგენლობაში და მაქსიმალურად დაიხარჯა.”

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას