27 მარტს მთელი მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იგეგმება ჩვენთანაც. მათ შორისაა ეტიუდების ფესტივალი, რომელსაც საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრი ტრადიციისამებრ ერთად ატარებენს.
ზედიზედ მეშვიდედ ფესტივალს უშუალოდ მარჯანიშვილის თეატრი უმასპინძლებს, წლევანდელი ფესტივალი იმ მხრივაა აღსანიშნავი, რომ მან ოფიციალურად შეიძინა საერთაშორისოს სტატუსი (თუმცა შარშან აზერბაიჯანელი და სომეხი მონაწილეებიც გვსტუმრობდნენ) და თბილისში ყაზახეთის, უკრაინის, სომხეთისა და ლიტვის უმაღლესი სახელოვნებო (თეატრალური) სასწავლებლების წარმომადგენლები ჩამოვლენ.
ფესტივალის განრიგი ასეთია: 24 და 25 მარტს 18 საათზე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე წინასაფესტივალო ჩვენებები გაიმართება. 26 მარტს მარჯანიშვილის თეატრში უცხოელი სტუმრების ეტიუდების რეპეტიცია და 5 უნივერსიტეტის საერთო ეტიუდისთვის მზადება იგეგმება. 27 მარტს, 16 საათზე მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ფესტივალის მონაწილე ხუთივე ქვეყნის თეატრალური უნივერსიტეტების სტუდენტები წარმოადგენენ ეტიუდებს, რომელთა ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 წუთს, განათება, ხმა და დეკორაცია კი მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.
საკონკურსო პროგრამის წარმოდგენის შემდეგ ჟიური გადაწყვეტილების მისაღებად განმარტოვდება და გამარჯვებულსაც გამოავლენს. დაასახელებენ გრან პრის მფლობელს, საუკეთესო საერთაშორისო, საუნივერსიტეტო, სამსახიობო, სარეჟისორო და ქორეოგრაფიულ ეტიუდებს, შეარჩევენ საუკეთესო ქალ და მამაკაც მსახიობებს. ასევე გასცემენ სტუდენტური ჟიურისა და თეატრისა და კინოს უნივერსტიეტის თვითმმართველობის პრიზებს. გამარჯვებულებს ფულად ჯილდოებს გადასცემენ თეატრალური უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრი.
ფესტივალის ორგანიზატორია უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი თემო კუპრავა გახლავთ. ფესტივალის მიზანია არა მხოლოდ თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, არამედ სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლება, შემოქმედების პოპულარიზაცია, მათი წახალისება, ახალი სახეების აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა.
თეატრის საერთაშორისო დღეს 1961 წლიდან აღნიშნავენ. მისი დამაარსებელია თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი. ვინაიდან თეატრი გარდერობიდან იწყება, ამ დღეს აღნიშნავენ არა მხოლოდ თეატრის მსახიობები, რეჟისორები და დრამატურგები, არამეც სცენის მუშები, სუფლიორები და, ცხადია, გარდერობის პერსონალიც.