სასამართლო და ”დავლური” კონსტიტუციაზე
17 აპრილი, 2015
731
print

სოფიკო ჩხაიძე

სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს თბილისის ყოფილი მერისა და საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბრალდების საქმეს განიხილავდა, მოსამართლემ კიდევ ერთხელ გადადო გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის განხილვა, რომელიც ჯერ კიდევ 3 აპრილს, თბილისის ყოფილი მერის წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი, კონსტიტუციური ვადის ამოწურვისთანავე იყო დასმული. თავად უგულავას განმარტებით, სასამართლო ამას შეგნებულად აკეთებს.

თბილისის საკუთარი ნებით გადამდგარი მერი შარშან, ივლისის დასაწყისში, იმთავითვე საეჭვო გარემოებაში დააკავეს. მას შემდეგ 9 თვე გავიდა. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი კი ამბობს: ” ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს”.

მეტიც, იმავე მუხლის მე-7 პუნქტი იმუქრება:

” ამ (მე-6) მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება”.

სწორედ სასამართლოს მიერ კონსტიტუციის ამ დებულებათა დარღვევა აძლევს თბილისის ყოფილ მერს საშუალებას, რომ თქვას: ”სასამართლო ივანიშვილის "ჩმორი" გახდა”. ალბათ, ერთი-ორჯერ ხმაც მოგიციათ ჩემთვის, - უთხრა უგულავამ მოსამართლე გერმანე დადეშქელიანს და აღნიშნა, რომ

სხდომათა დარბაზში მხოლოდ იმ მოტივით მიდის, რომ გააკეთოს განცხადებები, მოინახულოს ოჯახის წევრები და მეგობრები.

"არ ვაპირებ სასამართლოსთან თანამშრომლობას, რადგან სასამართლომ დავლური იცეკვა კონსტიტუციაზე... ჩემი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა გავიდა 2 აპრილს ... თუმცა იმიტომ, რომ ივანიშვილის "ჩმორი" გახდა ეს უწყება, მე ვრჩები პატიმრობაში", - განაცხადა უგულავამ. მან პროკურორები ჩინელ ტურისტებს შეადარა.

"ჩინელი ტურისტებივით ხუთ-ხუთი პროკურორი დადის ხოლმე პროცესზე, ახლა მოვიდა ერთი, რადგან უნდათ, რომ პროცესი გადაიდოს. ჩემი, ვანოს და ყველას დაპატიმრება რომ პოლიტიკური მოტივით მოხდა, ეს ყველამ თქვა. სასამართლო კი სირაქლემას პოზიციაშია. ამის შემდეგ ნუ ითხოვთ პატივისცემას", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს მისი წინასწარი პატიმრობის შეწყვეტის შესახებ. უგულავა აცხადებს, რომ იმედი არ აქვს, რომ მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის შუამდგოლობას დააკმაყოფილებს და გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ მიიღებს.

"მანტია არის ჩვეულებრივი ჭინჭი... პატივისცემა უნდა დაიმსახუროს შინაარსმა და არა ჭინჭმა. ამ ტაკიმასხარაობაში მონაწილეობას არ მივიღებ. როდესაც ახლობლები მომენტარებიან, მაშინ მოვალ. ამ ტაკიმასხარაობას ჰქვია სამართლიანობის აღდგენა. თევზი ყროლდება და ივანიშვილის თაოსნობით მას თავი უკვე აუყროლდა, სანამ ტანიც აუყროლდება, უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყანას. თქვენც ნუ ჩაყვებით ამ ჭილოფით", - მიმართა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანს გიგი უგულავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის განხილვას სასამართლო შეგნებულად არ ახდენს 3 აპრილის შემდეგ.

გუშინდელ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმაც.

”ქვეყნის განვითარება შეეწირა ერთ მატყუარა, ცუღლუტ, პროვინციელ ტლუ კაცს, - განაცხადა მერაბიშვილმა და თბილისის სპეცრაზმის ყოფილ მეთაურს, კახა ნაკანსაც მიმართა, რომელმაც ციხეში თვითმკვლელობა სცადა: "მივმართავ ნაკანს, ნუ გაახარებს შიზოფრენიკ ივანიშვილს, რომელსაც თავის ფსიქოანალიზის წიგნში ერთი თავი აქვს დაწერილი, თუ როგორ უნდა მიიყვანოს ადამიანი თვითმკვლელობამდე...ბევრი თავი ექნება ივანიშვილს ამ წიგნში, მაგრამ არ ექნება ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას შესახებ თავი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში წარუმატებელია. ივანიშვილი დღემდე თვლიდა, რომ ადეიშვილი ყველაზე ჭკვიანი იყო, მაგრამ ეს თავი ალბათ გადახაზა. ის გამწარებულია. სირცხვილია პროკურატურისა და სახალხო დამცველის განცხადებები, ვითომ ადეიშვილი წითელი ცირკულარიდან მოიხსნა ლტოლვილის სტატუსის გამო. კიდევ ელის რამდენიმე კრუნჩხვა ამ ხელისუფლებას, თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პროვინციელ, გაუნათლებელ, ტლუ ადამიანს ქვეყანა ეწირება. გაჩერებულია ეკონომიკა და ერთ მატყუარა ცუღლუტს შეეწირა ქვეყანა", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვა, იმთავითვე აცხადებს ამინისტიას "პატარ-პატარა ადამიანებთან მიმართებაში".

"ამ პატარ-პატარა ადამიანების მიმართ საყოველთაო ამინისტია გამოცხადდება. შეიძლება ითქვას, რომ დღესვე ისინი არიან ამნისტირებულები, თუმცა ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო ნაკანის დაკავებაში, თენგიზ გუნავას დაკავებაში და რიგითი თანამშრომლების მიმართ უკანონო ქმედებებში, პირობას ვდებ, რომ ყველა ეს ადამიანი პირადად ჩემს მიერ დაისჯება. ყველას პასუხს პირადად ვაგებინებ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისი თქმით, დარჩენილი ცხოვრების მეორე ნაწილს დაუთმობს მეგობრებს, რომლებიც მისი მდგომარეობის გამო წუხდებიან.

"სასამართლოში მოვდივარ მხოლოდ მეგობრების სანახავად. ხშირად იმიტომ არ მოვდივარ, რომ ისინი არ შეწუხდნენ, ამასთან, დიდი ხანია მივხვდი, რომ სასამართლოში სიმართლის ძებნა არის შეუძლებელი. დამამცირებელია ამ სასაცილო ადგილას ჩემი ახლობლების სიარული", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

განცხადების გაკეთების შემდეგ მან სასამართლო პროცესი გიგი უგულავასთან ერთად დატოვა.

პროცესის დატოვებამდე მერაბიშვილმა, გიგი უგულავას მსგავსად, ბრალდებულის ვინაობის დადგენის პროცესში არ მიიღო მონაწილეობა. მან მოსამართლეს მიმართა, რომ არ ცნობს სასამართლოს.

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!