პოლიტიკური ”სამართალი” - გიგი უგულავა პატიმრობაში რჩება
05 მაისი, 2015
456
print

თიკა ნიკოლაძე

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა თბილისის ყოფილი მერისათვის 7 ნოემბრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გაუქმების შესახებ.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ჟურნალსიტებთან კომენატრი გააკეთა გიგი უგულავას ადვოკატმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაცვის მხარე არ ელის თბილისის ყოფილი მერის გათავისუფლებას.

”როგორც იცით ამ საქმეზე გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება არის წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდება და ეს არის საქმე, სადაც გიგი უგულავა იმყოფება უკანონო პატიმრობაში. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი რომ გიგი უგულავა გათავისუფლდება, თუმცა, სასამართლოს აქვს ყველანაირი სამართლებრივი, ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი საიმისოდ, რომ გიგი უგულავას მიმართ გამოყენებული ღონისძიება აღკვეთის სახით - პატიმრობა, გაუქმდეს,” - პროცესის დაწყებამდე განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილიამ.

მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა გიგი უგულავამ:

”გადავწყვიტე, სასამართლო პროცესს არ დავსწრებოდი. მეტიც, ეს განცხადება კვირას, სასამართლო პროცესამდე ორი დღით ადრე დავწერე. როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, ჩემი პრობლემებით და ამ გაუფასურებული სასამართლოებით არ მინდა ხალხს კიდევ უფრო დავუმძიმო განწყობა. თან, როდესაც გადაწყვეტილება წინასწარ იცი, ნაბახუსევი, ჩაწითლებული თვალებით მოსამართლე მრევლიშვილის ფამილარული გამომეტყველების ხილვის არანაირი სურვილი არ მქონდა. ეს და რამდენიმე მოსამართლე ხომ კახეთიდან ღარიბაშვილ-თამაზაშვილის მიერ სპეციალურად იქნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოყვანილი, რომ ივანიშვილს აამონ და როდესაც სხვა მოსამართლე ხელს არ მოკიდებს აშკარა უკანონობას, მან, მრევლიშვილმა, ან პავლიაშვილმა ზიდონ ივანიშვილის სამართალი. საერთოდ, სასამართლოების მიერ კონსტიტუციის და კანონის ფეხქვეშ გათელვის მიუხედავად, მე არ ვარ გაბრაზებული არც სასამართლო სისტემაზე და არც რომელიმე კონკრეტულ, ყალბის მქმნელ მოსამართლეზე. პატიმრობაში მე კარგად დავინახე ყველა სიყალბე, რაც კი შეიძლება დაბეჩავებულმა სასამართლომ ჩაიდინოს. ახლა გაცილებით უკეთ ვიცი რა და როგორაა შესაცვლელი. ამასთანავე, დავინახე რამოდენიმე პრინციპული ადამიანი, რაც მაძლევს იმედს, რომ სოდომის და გომორის მსგავსად, საქართველოს პროკურატურასა და სასამართლოში ყველაფერი ნოლიდან არ იქნება დასაწყები. ასე რომ, უბადრუკმა არსებამ, დღეს რომ მანტია ეცვა და საქართველოს სახელით ლაპარაკობდა, არც კი იცის, თავისი უკანონო გადაწყვეტილებით, არა ჩემს დამცირებას, არამედ ჩვენს გაძლიერებას შეუწყო ხელი. თავად მე, საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს დაველოდები, ხოლო საერთოდ სასამართლოებს მხოლოდ როგორც ოჯახის ნახვის, ან განცხადების გაკეთების სივრცედ გამოვიყენებ. ვფიქრობ, ეს უკეთესი ფუნქციაა, ვიდრე ის, რადაც ივანიშვილმა სასამართლო აქცია,” - აღნიშნულია უგულავას განცხადებაში.

 ცნობისთვის, გიგი უგულავას ადვოკატებმა 30 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. დაცვის მხარეს განმარტებით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა უკვე ამოეწურა და მისი საპატიმროში დატოვებით კონსტიტუცია ირღვევა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილ მერს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 2 აპრილს ამოეწურა და იმის გამო, რომ საქმეზე განაჩენი არ დამდგარა, უგულავა პატიმრობიდან უნდა გათავისუფლებულიყო.

თუმცა, 14 მარტს, პროკურატურამ დედაქალაქის ყოფილ მერს ბრალი დაუმძიმა და მასთან ტელეკომპანია იმედის და მთაწმინდის პარკის მითვისებაზე დავა დაიწყო. ამასთან, უგულავას მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზაციასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში სდებენ ბრალს - თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა შეუფარდა.

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილი გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებას კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებს უკავშირებს. მისი თქმით, კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, წინასწარი პატიმრობის ვადა ხელოვნურად, უსასრულოდ გახანგრძლივდეს.

„პრობლემა კანონმდებლობაშია, კანონმდებლობაში არ უნდა იყოს ხარვეზები, რომლებიც შესაძლებელს გახდის, თუნდაც ასე, რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საქმეზე კონკრეტულად ბრალის წაყენების გარეშე პატიმრობა ხელოვნურად გახანგრძლივდეს. ამას კანონმდებლობის გადახედვა სჭირდება, “ - განაცხადა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას პატიმრობაში დატოვებას ევროპარლამენტარები, არასამათავრობო ორგანიზაციები და ამერიკის საელჩო საქართველოში სპეციალური განცხადებებით გამოეხმაურნენ.

ამერიკის საელჩოს მოსაზრებით, თბილისის მერის გიგი უგულავას მიმართ წარდგენილი ახალი ბრალი წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს.

 

''შეშფოთებულნი ვართ იმ ამბით, რომ ყოფილი მთავრობის წევრებს დამატებითი ბრალი წაუყენეს, ან ბრალდების კვალიფიკაცია შეუცვალეს. ახალი ბრალდებები, განსაკუთრებით თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კანონის უზენაესობის გასამტკიცებლად, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი აღქმა, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების კამპანიაშია ჩართული'', - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, მათი შეფასებით, გიგი უგულავა შერჩევითი სამართლის მსხვერპლია. კერძოდ, უგულავასთვის ახალი ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით 17-მა ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ ყურად იღოს ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ოფისის ანგარიშში ასახული კრიტიკა სამართლიანი სასამართლოს პირობების დარღვევების გამო. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენა შეიძლება, განხილულ იქნეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.

გიგი უგულავას პატიმრობაში დატოვებას,ხელისუფლების პოლიტიკური თვითმიზანი უწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნები და სამოქალაქო განვითარების სააგენტო მიიჩნევენ, რომ თბილისის ყოფილი მერის წინასწარი პატიმრობა შესაძლოა, პოლიტიკური მოტივით იყოს განპირობებული.

ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ საქმეში არსებული გარემოებები გამოძიების ხელოვნურ გაჭიანურებაზე მიანიშნებს და აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ პროკურატურამ შინაარსობრივად ერთი საქმე ხელოვნურად დაყო სამ სხვადასხვა ეტაპად, რათა მისთვის სასურველ დროს შეძლებოდა უგულავასათვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვა.

 

tika nikoladze
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!