”ვა, პელე, ცოცხალი ხარ, ტო?”
18 ივნისი, 2015
1700
print

თიკა გურული

 ეს ფრაზა ცნობილი ქართული მხატვრული ფილმიდანაა - ”უძინართა მზე”. პელე ჩვეულებრივი ვირთხაა, რომელზეც ფილმის გმირი მეცნიერი ცდებს ატარებს და კიბოს წამლის გამოგონებას ცდილობს. სწორედ ეს პელეა, რომელზეც წამალი დადებითად იმოქმედებს და ცოცხალი გადარჩება, მაგრამ დაეკარგება ეს პელე და მასთან ერთად - იმედიც, რომ დაამტკიცოს საკუთარი ცდების მართებულობა. არადა, პელეს, უკვე გარდაცვლილი ექიმის შვილი იპოვის.

”გუნდში მეუბნებიან, პელე ხარო და არავის უნდა, გუნდიდან პელე წავიდეს,” - ამის შესახებ 2013 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მისივე სავარაუდო გადადგომის კომენტირებისას.

გუშინ ირინა სარიშვილი, გაქცეულ აფთრებთან და ვეფხვებთან ერთად, საქართველოს ნომერ პირველ მოქალაქედ წოდებული ბიძინა ივანიშვილის მოძებნასაც ითხოვდა. ამ მცდელობაში ის ერთადერთი არ ყოფილა. 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ივანიშვილის გაუჩინარება ბევრს უკვირდა - არა მენტორ, არამედ 7-მილიარდიანი ქონების მქონე მოქალაქე ივანიშვილის გაუჩინარება.

დღეს ”ქართული პოლიტიკის პელეც” მოიძებნა. დღეს მოქალაქე ივანიშვილი სამაშველო სამუშაოებზე არ გამოჩენილა. ის თბილისში მომხდარ სტიქიას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ორგანიზაცია "მოქალაქის" ახალ პროექტთან - "სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად" - დაკავშირებით მიმდნარე შეხვედრაზე გამოეხმაურა და კვლავ მენტორის როლი აირჩია.

”ხელისუფლება მაქსიმალურად კარგად აკეთებდა ყველაფერს. მაგრამ არ არსებობს საქმის კეთება, რომ პატარა შეცდომა მაინც არ მოგივიდეს. ოღონდაც თქვენ, ჟურნალისტებმა, და საზოგადოებამ უნდა მოახერხოთ და მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასოთ და არ უნდა შეეცადოთ, რომ რაღაც იპოვოთ და ყველაფერს ფასი დაუკარგოთ. თანაც მაშინ, როცა ჩევენ ვნახეთ თავგანწირვა მთელი საზოგადოებისა და მათ შორის მთავრობისაც. ისინი ძალიან ორგანიზებულად მუშაობდნენ. საქართველოს ჰქონდა რთული დღეები. ჩვენ დავინახეთ, როგორი კონსოლიდაცია შეგვიძლია. ამ დღეებში მოვახდინეთ ასეთი გაერთიანება და თანადგომა, რაც თავისთავად აღსანიშნავია,” - განაცხადა დღეს ქართული პოლიტიკის პელემ, რომელიც რას რას და საზოგადოების კონსოლიდაციას საკუთარ თავს ვერ მიაწერს.

გარდა ამისა, საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ზოოპარკთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აცხადებს, რომ "ზოგი ჭირი მარგებელია".

"ზოოპარკი იმ პირობებში, რაც იყო, მე არასდროს მომწონდა. 2006-2007 წლებში პროექტიც კი გავაკეთე და გარკვეული თანხები დავხარჯე. ვპირდებოდი მთავრობას, რომ დავეხმარებოდი დაფინანსებაში, რომ ცხოველს ჰქონდეს ცხოველური პირობები, თუ გინდათ ასე ვთქვათ, ადამიანური პირობები. თუ ვატყვევებთ ცხოველს, მოვექცეთ ღირსეულად. ვფიქრობ, ჩვენი ზოოპარკი ამ მხრივ, სანიმუშო დონეზე ვერ იყო," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ახლა მთავრობა იზრუნებს ზოოპარკის გადატანაზე, რაშიც, თავადაც დაეხმარება. თუმცა, ივანიშვილის მტკიცებით, ეს არ ნიშნავს, რომ ზოოპარკს ყიდულობს. ეს ნათქვამი გარდაუვალ ფაქტად უნდა მივიღოთ თუ არა, ისევე უცნობია, როგორც ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი. დღეს მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მთავრობამ საზოგადოების მოსმენა შეწყვიტა და არსებული ბალანსი დაირღვა.

თუმცა, ივანიშვილის თქმით, მოვლენების ასეთი განვითარების საჭიროებას ვერ ხედავს და საზოგადოებას შეუძლია ჩათვალოს, რომ ის პოლიტიკაში არ ბრუნდება.

რაც შეეხება ბრალდებებს ხელისუფლების კულისებიდან მართვის თაობაზე, ივანიშვილი აცხადებს, რომ მის სიტყვას აქვს ფასი და ამას ეძახიან კულისებიდან მართვას, რაც ასე არ არის.

ექსპრემიერი ხაზს უსვამს, რომ მთავრობის წევრები მას ანგარიშს უწევენ და უნდა გაუწიონ კიდეც.

"მე მგონია, რომ პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების სიტუაცია არ არის. ხშირად განმიცხადებია და გავიმეორებ დღესაც, უნდა მოხდეს რაღაც ცუდი პოლიტიკური სიტუაცია, უნდა დავინახოთ, რომ საზოგადოება ვერ ახერხებს კონტროლს და ხელისუფლება გავიდა თამაშიდან, როგორც ეს მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში. თუ მსგავსი უბედურება მოხდა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მომიწიოს პოლიტიკაში დაბრუნება. საბედნიეროდ, ამის ნიშნებს ვერ ვხედავთ, საზოგადოებამ კარგად აკრიფა, თქვენც ჟურნალისტებმა და მთავრობა თვითონაც ცდილობს, რადგანაც იციან თამასა ძალიან მაღლაა აწეული. ვინც ვერ შეინარჩუნებს ჩემი პრემიერობის დროს დატოვებულ თამასას, მე, რა თქმა უნდა, არ გავჩერდები და თამასის დაბლა დაწევას არავის ვაპატიებ. ეს აშფოთებთ, ამ ჩრდილს ხედავენ, რომ მე ხმას ამოვიღებ მათ დარღვევებზე, ეს აქვთ მხედველობაში და ეძახიან მართვას, მაგრამ ეს არ არის მართვა, თვეში ერთხელ რჩევის მიცემა მთელს ევროპასა და მსოფლიოში მიღებულია," - ასე მიაჩნია სტიქიიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოჩენილ ”ქართული პოლიტიკის პელეს.”

 

tika guruli
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!