ვერეს ხეობა ორი კვირის შემდეგ
26 ივნისი, 2015
1376
print

ზაზა ფაჩუაშვილი

საფრთხე ტალახში

ვერეს ხეობის სტიქიის ზონა შლაგბაუმებითა და ყვითელი ზონრებით კია დაცული, მაგრამ ტალახში ჩაფლულ საფრთხეს მაინც ვერ ”გაექცა” თავდაცვის სამინისტროს ყვითელი ბულდოზერი. ის-ის იყო მძღოლი სადილზე მიიწვიეს, რომ ახალგაზრდა ჭადრის ხე ფესვებს მოწყდა და მიტოვებულ ტექნიკას ჭრიალით დაასკდა ”კაპოტზე”. მეორე მხარეს რომ წამოქცეულიყო, მე ამ კადრს ვეღარ გადავიღებდი. სამაგიეროდ სტიქიით დაზარალებულთა სიას  კიდევ ერთი უდანაშაულო მსხვერპლით  გავზრდიდი და სახელსაც დამსახურებულად მოვიხვეჭდი.

  სადილის შემდეგ ისევ ახმაურდა ყველაფერი და 24-საათიანი, სამცვლიანი სამუშაოები განახლდა.

 თივისმჭამელთა დუმილი

 ერთსაათიანი სადილი 14-სა და 15 საათებს შორის ერთადერთი წყნარი პერიოდია ზოოპარკის ტერიტორიაზე. ტექნიკა გაჩერებულია; დაღლილი ადამიანები ჩუმად შეექცევიან განკუთვნილ ულუფას; მიმკვდარებულ ჩლიქოსნებს კი, არა თუ ხმის ამოღების, თივის ღეჭვის ხალისიც აღარ აქვთ. 

”შეხედე, რა გამხდრები არიან. გაგიგია, კაცო, ამათ ზაფხულში თივა აჭამო?!” - შემომჩივლა ზოოპარკის ერთერთმა მხცოვანმა თანამშრომელმა და თავის გრძელრქიან პირმშოს ხის მწვანე ყლორტი მიაწოდა. იმანაც მორიდებით გამოართვა, თითქოს მართლა ფოტოს  გადასაღებად მოემზადაო.

მოხალისეების გარეშე

 ზოოპარკის თანამშრომლები დიალოგში უფრო შემოდიან, სხვები კი მხოლოდ მოკლე ზოგადი პასუხებით შემოიფარგლებიან. მათი მხედრული თავშეკავებულობა გასაგებია. ისინი ხომ სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან.  პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების გარდა, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შემდეგი სამსახურები: საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო, სანიაღვრე სამსახური, დასუფთავების სამსახური, სინათლის ქალაქი, თბილსერვის ჯგუფი, საქრუსენერგო, საგზაო, GWP და სხვები. მოხალისეებს ზონაში აღარ უშვებენ. ამით ოფიციოზი დამატებით პრობლემებს ერიდება,  მაგრამ იმდენ საქმეს რა ეშველება?

- როდემდე მუშაობთ გოგოებო? - ვკითხე ზოოპარკის თანამშრომლებს, რომლებსაც თავის სიგრძე ნიჩბები ეკავათ ხელში.

 - დილიდან ისე ვიღლებით, მუშაობას 16 საათზე ვამთავრებთ. არ ვიცით, ასე როგორ მოვერევით ამდენ საქმეს, - წუხილი გამოთქვეს მათ.

ზოოპარკის თანამშრომლები კიდევ ერთი ნიშნით გამოირჩევიან. მათ მტვრისგან დასაცავი ნიღბები უკეთიათ. ერთერთმა მათგანმა პირბადე მეც მაჩუქა. უარი არ მითქვამს.   სტიქიის მთელი ზონა ისეა მტვერში ჩაფლული, როგორც თეთრი ესკალატორი შავ ტლაპოში.

 იქვე შორიახლოს ზოოპარკის თანამშრომელთა მამაკაცური ნაწილი ფუსფუსებდა. ისინი, თურმე, ტალახიან საბუთებს რეცხავდნენ და მზეზე აწყობდნენ გასაშრობად.

ღვთის ანაბარა

ზოოპარკსა და სტიქიის მთელ ზონას, ასე, თუ ისე, სახელმწიფო და საზოგადოება მიხედავს, მაგრამ ის ხალხი, ვისი კერძო ბიზნესიც წაიღო წყალმა, მხოლოდ ღვთის ანაბარა რჩება. მათ შორისაა ზოოპარკში მდებარე აწ უკვე ყოფილი ატრაქციონებიც. მათგან უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ უპატრონოდ განისვენებს ტალახში ამოსვრილი. მხოლოდ ავტოდრომის გაწმენდაზე მუშაობს რამდენიმე კაცი.

”გამეტებულები”

ზოოპარკის შემდეგ ახალ გზაზე გავედი და სვანიძის ქუჩისაკენ გავემართე. იქაც ხმაური, ტექნიკა, კარვები და გადაადგილებები.

- ისევ იქით მიდიხარ? - ჰკითხა კოლეგას ერთმა ყვითელფორმიანმა მეგზევემ.

- წადითო და, რა ვქნა? - უხალისოდ უპასუხა მან.

- ტყვილა რა გვინდა იქანა? - არ ცხრებოდა პირველი.

- ე, ბიჯო, წადითო და წევიდეთ, სიარულში ხო გადის დრო, - წერტილი დასვა უხალისომ.

 - თქვენ რატომ არ გიკეთიათ პირბადეები? - ჩავეკითხე მეგზევეებს, როცა წამომეწივნენ და ჩემი პირბადე ვანახე.

- ჩვენ ვინ მოგვცემს მაგას! - მიპასუხა პირველმა და დაწინაურდა.

- რატო, კაცო? - მივაძახე უკნიდან.

- გამეტებულები ვართ! - დამიბრუნა შეძახილი პირველმა.

- მაგი არაფერია, პრემიებს მაინც დაგიმატებენ, ამისთანა მავნე სამუშაოზე რომ ხართ...-

დავიწყე ხმამაღლა, მაგრამ პირველმა შემაწყვეტინა.

- რაიო?!

-  მე ორი საათი ვიხეტიალე მზეში და მტვერში და უკვე სუნთქვა შემეკრა, - ასე დავასრულე აზრი.

- არა, არა, მაგას კი არ გეკითხები... რაო, რა თქვი, რას დაგიმატებენო?! - კითხვით მომიტრიალდა მეგზევე.

- პრემიებს!

- ნეტა ხელფასებს გვაძლევდნენ ჩვენ დროულად, პრემიას ვინ ჩივის, თუ ძმა ხარ!.. ისე, ჩვენ ასე ვართ სულ, მტვერში, სიცხეში, - გამიღიმა მეგზევემ ბოლოს და კოლეგებს დაეწია.

 ნამდვილად ვერ წარმომედგინა, სტიქიის ზონაში არაადამიანურ პირობებში მომუშავე ხალხს ხელფასების პრობლემები თუ ექნებოდა.

სვანიძის ქუჩა

სვანიძის ქუჩა მართლაც აღარ არსებობს. მის ადგილზე წარმოიშვა ჭუჭყიანი მდინარით გაყოფილი მტვრისფრად ჩახერგილი ხრიოკი. მუშაობს მძიმე ტექნიკა და მუშაობენ სამხედროები. გადარჩენილი სახლების ეზოებში კანტიკუნტად შენიშნავთ ”შლანგებით” შეიარაღებულ ადამიანებს, რომლებიც წყლის ჭავლით ცდილობენ კარ-მიდამოს ტალახისგან გათავისუფლებას და რომელთაც სამხედროებიც ეხმარებიან.

”ვაკის” საწარმოც მიწისგან იწმინდება. სიგარეტის საწყობი კი გადარჩენილია და ფირმის თანამშრომლები სუფთა ჩვრებით წმენდენ მიწით დასვრილ კოლოფებს.

შიგთავსი როგორია? ამ საკითხმა მეც დამაინტერესა და პასუხიც მივიღე ვერეს სანაპიროზე ჩასვლის შემდეგ. იქ ხან ერთი მხრიდან გაისმა ხმა, სიგარეტი მეც ვიპოვეო, ხან - მეორე მხრიდან. ბოლოს ერთ-ერთ სპეცმუშაკს ვთხოვე, გაეხსნა ნაპოვნი კოლოფი. მან ”ვინსტონს”  ცელოფანი შემოახია,  გახსნა და აღმოჩნდა, რომ სტიქიით ნაბოძებ სიგარეტში  ყველა ღერი დაუზიანებელი იყო.

ეს თქვენი სახლია, ქალბატონო? - ვკითხე ერთ-ერთ ეზოში შესულ ქალბატონს.

არა, ჩემი მეგობრისაა. ჩემი სახლი წყნეთის ქუჩაზეა, მე ”გარაჟი” წამართვა წყალმა. ეეჰ, ამას ვინ ჩივის. დაღუპულებს რა ეშველება! - ამოიოხრა ქალბატონმა და სარეცხის თოკზე გადაკიდებულ წნევის აპარატს მოერიდა.

”ბეღელი”

რესტორანი ”ბეღელი” ფიზიკურად სტიქიის ზონაში არ მდებარეობს, ”სვანიძის” ქუჩას მაღლიდან გადაჰყურებს, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც ძლიერ ზარალდება უკლიენტოდ. ადმინისტრაციას ყველა ფანჯარაზე გაუკრავს შეტყობინება დიდი ასოებით - ”ღიაა!”

მაგრამ შემსვლელი მაინც არ ჩანს. სამაგიეროდ გამვლელების ყურადღებას იპყრობს რესტორნის წინ მდებარე ფიჭვზე გაკრული განცხადება, ზოოპარკის ცხოველები არ დახოცოთო.

რეკომენდაციები

 სტიქიის ზონაში მომუშავეებთან არაოფიციალური კონსულტაციების შემდეგ, რამდენიმე რეკომენდაცია ჩამოყალიბდა:

უნდა გაიჭრას განიერი კალაპოტი, რომელიც მოიცავს ვერეს მთელ ხეობას ბაგებიდან მტკვრის სანაპირომდე;  კალაპოტზე გადაიჭიმოს  მაღალი ხიდები, რომლითაც ერთმანეთს დაუკავშირდება ვაკე  და საბურთალო; გმირთა მოედნის ქვეშ ღია წესით გაკეთდეს მტკვართან დამაკავშირებელი  მეტროსადგურის ხელა გვირაბი.

 გაწმენდითი სამუშაოების დასაჩქარებლად, სტიქიის მთელი ზონა უნდა დაიყოს მონაკვეთებად და თითოეული მათგანი გადაეცეს ძლიერ ორგანიზაციებს, საწარმოებს, უნივერსიტეტებს; თორემ იმდენი ადგილია მძიმე ტექნიკისთვის მიუდგომელი, რომ ზონის ტალახისგან სრულად გაწმენდა ამ წელწადშიც ვერ მოესწრება.

უკიდურეს შემთხვევაში,  უნდა მოხდეს არა მოხალისეთა, არამედ იმ ადამიანთა მობილიზება, რომლებიც დასაქმდებიან სტიქიის ზონაში და მიიღებენ ანაზღაურებას. დაარსდეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდი და დაწესდეს მისი გადასახადი.

სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!