ისლამისტებმა უძველესი ქალაქი პალმირა ააფეთქეს
25 აგვისტო, 2015
454
print

ივა შილაკაძე

 

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ისტორიულ ქალაქ პალმირაში ააფეთქეს უძველესი ტაძარი ბაალ-შამინა, რომელიც ამ არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და კარგად შემონახული ძეგლი იყო. ამ აქტით ისლამისტმა რადიკალებმა გააგრძელეს ვანდალური ქმედებების ჯაჭვი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სირიასა და ერაყში. მათ მანამდეც გაანადგურეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურში შესული რამდენიმე უნიკალური ძეგლი, მათ შორის ერაყში მდებარე ისტორიული ქალაქ-მუზეუმი ნიმრუდი და რამდენიმე ძეგლი მოსულში.

სირიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პალმირა ისლამისტებმა მაისის შუა რიცხვებში დაიკავეს. მის გვერდზე აგებულ თანამედროვე ქალაქს, რომელსაც ადგილობრივები ტადმორსაც უწოდებენ, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ის არის გზაზე, რომელიც დედაქალაქ დამასკოს აკავშირებს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მნიშვნელოვან ქალაქ დეირ აზ-ზორთან. შესაბამისად მსოფლიო თანამეგობრობა შიშით ელოდა იმასაც, რომ პალმირასაც სხვა ძეგლების ბედი ეწეოდა. დიდი ხანია ცნობილი იყო, რომ ისტორიული კომპლექსი დანაღმული იყო. ორი თვის წინ, როცა პალმირას დანაღმვის შესახებ ცნობა გავრცელდა, ზუსტად არ იყო ცნობილი მათ ეს უბრალოდ ძეგლის გასანადგურებლად გააკეთეს თუ ამით უნდოდათ ხელი შეეშალათ სირიის არმიის შეტევითი ოპერაციისთვის. როგორც ახლა ირკვევა, ისლამისტებს ორივე ეს მიზანი ამოძრავებდათ.

სირიის ხელისუფლების ცნობით ტაძარი პალმირაში წინა კვირას ააფეთქეს, თუმცა ლონდონში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სირიული ცენტრი“ მონაცემებით ეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოხდა. სირიის ძეგლთა დაცვის უწყების ხელმძღვანელმა მაამუნ აბდულკარიმმა მედიას განუცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მერძოლებმა ტაძარში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ჩადეს და აფეთქებამ მას ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დააზიანა იქვე ახლოს აღმართული ძველრომაული კოლონებიც.

ტაძარი ბაალ-შამინა (ან სხვა ტრანსკრიპციით ბაალშამემა) მიიჩნეოდა გვიანი ანტიკური ხანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლად. ისტორიკოსების აზრით ის აგებული იყო ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, ფინიკიელების წარმართი, ქარიშხლებისა და წვიმების მფარველი ღმერთის პატივსაცემად. მასში შერწყმული იყო ბერძნულ-რომაული და ახლოაღმოსავლური არქიტექტურის ელემენტები.

გასულ თვეში ისლამისტებმა გავრცელეს ფოტოები, რომელზეც მათი მებრძოლები ანადგურებენ პალმირადან გატანილ სიძველეებს. მაისში, ისტორიული ქალაქის დაკარგვამდე სირიის ხელისუფლებამ მოასწრო პალმირადან ყველაზე მნიშვნელოვანი, შედარებით მსუბუქი არტეფაქტების - ძირითადად ქანდაკებების გახიზვნა უსაფრთხო ადგილას.

18 აგვისტოს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა საჯაროდ მოკვეთეს თავი 81 წლის არქეოლოგს ჰალედ ასაადს, პალმირას ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის მთავარ მეთვალყურეს. ამ უკანასნელმა პალმირაში 50 წელი იმუშავა. წინა კვირაში ისლამისტებმა დაანგრიეს 1500 წლის წინ აგებული ქრისტიანული ტაძარი ქალაქ ელ-კარიატეინში, ჰომსის პროვინციაში. იქვე მათ 200-მდე ქრისტიანი დაატყვევეს. ისლამისტებმა გაავრცელეს აგრეთვე ფოტოები, რომლებზეც მათი მებრძოლები ანგრევენ პალმირასთან ახლოს მდებარე ორ ისლამურ სიწმინდეს. ეს სიწმინდეები მათი აზრით მრავალღმერთიანობის გამოვლინება იყო.

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა დაგმო ტაძრის აფეთქება პალმირაში და ასევე არქეოლოგ ჰალედ ასაადის მკვლელობა, რომელიც მანამდე თვეზე მეტხანს დატყვევებული ჰყავდათ. მანამდე იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ირინა ბოკოვამ ბაალ-შამინას განადგურებას უწოდა ახალი სამხედრო დანაშაული და უდიდესი დანაკარგი როგორც სირიისთვის, ასევე მთელი კაცობრიობისთვისაც.

P.S. სამშაბათს „ისლამურმა სახელმწიფომ“ გამოაქვეყნა როგორც უშუალოდ აფეთქების, ასევე მისი მებრძოლების მიერ ტაძარში ასაფეთქებლის ჩადების ამსახველი ფოტოები.

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს