„ბრიტანეთმა აღმოსავლეთ ევროპაში ჯარები უნდა განალაგოს“
02 სექტემბერი, 2015
971
print

ანალიტიკური ცენტრის „ჰენრი ჯექსონის საზოგადოების“ ექსპერტებმა ცოტა ხნის წინ მოხსენება გამოაქვეყნეს, სახელწოდებით: „ყირიმის შემდეგ: აღმოსავლეთ ევროპისათვის ბრიტანეთის ახალი გეოსტრატეგიისკენ?“

როგორც მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მადესტაბილიზირებელი მოქმედებებიდან გამომდინარე, ბრიტანეთს მოუწევს საკუთარი თავდაცვითი პოლიტიკის გადახედვა.

მოხსენებაში საუბარია, რომ ბრიტანეთმა აღმოსავლეთ  ევროპაში მუდმივი ჯარები უნდა განალაგოს, რათა წინ აღუდგეს რუსეთის მიერ ახალი ტერიტორიების ოკუპირებას. ექსპერტების აზრით, ბრიტანეთმა მეტი უნდა გააკეთოს ბალტიის ქვეყნებისა და რუმინეთის  დასაცავად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მომავალი „პროვოკაციისა და აგრესიისაგან“. ბრიტანელი ექსპერტების აზრით, ბოლო პერიოდის რუსეთის სტრატეგიული მოქმედებები მოწმობს, რომ მოსკოვს შემუშავებული აქვს გეოსტრატეგია, რათა წინ აღუდგეს უკრაინისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას; ამ მიზნის მისაღწევად კი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ქაოსის შექმნას უწყობს ხელს.

მოხსენებაში საუბარია, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ბრიტანეთის მოკავშირეებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში და შესაბამისად,  ბრიტანეთისთვისაც. შეკავება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ არ არის ისე ძლიერი, როგორც ცივი ომის პერიოდში იყო. ამ რეგიონში ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები მუდმივად არ არიან განლაგებულნი, რაც ნიშნავს რომ რუსეთი, შესაძლოა, სერიოზულად არ აფასებს ალიანსის „გარანტიის ზომებს.“

როგორც ამ მოხსენების თანაავტორები ჯეიმს როჯერსი და ანდრა-ლუჩია მარტინესკუ აღნიშნავენ:“ბალტიის ქვეყნებმა უკვე მიმართეს ბრიტანეთს მათ ტერიტორიაზე გარნიზონის ჩაყენების შესახებ: სამხედრო თვალსაზრისით, როგორც ევროპის უძლიერეს ქვეყანას, ბრიტანეთს გააჩნია პასუხისმგებლობა, როგორც მოკავშირეების, ასევე საკუთარი თავის წინაშეც, რომ ამ ყველაფერს შესაფერისად უპასუხოს.“

აღნიშნული მოხსენების გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე უკრაინას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფალონი ესტუმრა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრიტანეთი პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნას მანამ განაგრძობს, სანამ ამის აუცილებლობა იქნება.

თამთა კახაძე 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს