ლაგარდი უკრაინის ეკონომიკური პროგრესით კმაყოფილია
07 სექტემბერი, 2015
554
print

გუშინ კიევში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა უკრაინის მიერ მიღწეულ ეკონომიკურ პროგრესზე ისაუბრა და ქვეყნის ყველა კრედიტორს მოუწოდა 18 მილიარდი დოლარის ოდენობის „სუვერენული  თუ კვაზი-სუვერენული“ სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ მოლაპარაკებებში ჩაერთონ.

„როიტერის“ თანახმად, კიევში უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთან საუბრისას ლაგარდმა აღნიშნა, რომ უკრაინამ „საკუთარი მიღწევებით გააკვირვა მსოფლიო“ და მისი მთავრობის პოლიტიკის შედეგად შესაძლებელი გახდა ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნების გაჩენა. სავალუტო ფონდის დირექტორის თქმით, კიევის მიერ გატარებული ფისკალური პოლიტიკა და საბანკო სექტორის გაძლიერების მცდელობა დადებით სიგნალს წარმოადგენს ინვესტორებისათვის, რომ კიევს გააჩნია ძლიერი გუნდი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გაზრდაზე ზრუნავს.

27 აგვისტოს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ განაცხადა, რომ უკრაინა მის საერთაშორისო კრედიტორებთან  სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმდა, საქმე ეხება სესხის 20%-ის ჩამოწერას. მსგავსი გარიგება უკრაინამ შესთავაზა რუსულ მხარესაც, თუმცა რუსეთის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის განცხადებით, რუსეთი სესხის მთლიანად დაფარვას მოითხოვს. საქმე ეხება 2013 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს, უკრაინის ევროობლიგაციებში რუსეთის მიერ გადახდილ 3 მილიარდ დოლარს. აღნიშნული სესხის დაფარვის ვადა 2015 წლის დეკემბერში იწურება. რუსეთის მიერ ევროობლიგაციებში გადახდილ თანხას რამდენიმე თვის წინ „ქრთამი“ უწოდა უკრაინის პრეზინდეტმა პეტრო პოროშენკომ, რომელის დახმარებითაც  რუსეთი იმედოვნებდა, რომ უკრაინა ევროინტეგრაციაზე იტყოდა უარს.

პოროშენკოს თქმით:“უკრაინა არცერთ შემთხვევაში არ მიანიჭებს უპირატესობას რუსული კრედიტის დაფარვას. რუსეთს ჰქონდა ყველა შესაძლებლობა შეერთებოდა მოლაპარაკებებს. რამდენადაც მე ვიცი ეს შესაძლებლობა ახლაც არსებობს. თუმცა, რუსეთი სხვა კრედიტორებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ იქნება ჩაყენებული.“

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მესამე ტრანშის გადარიცხვას ოქტომბერში ელის; მანამდე კი 22 სექტემბერს, კიევში ფონდის ახალი მისიის ვიზიტია დაგეგმილი.

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს