თურქეთში გაზეთ „ჰურიეთის“ ოფისები დაარბიეს
09 სექტემბერი, 2015
721
print

გუშინ, ანკარასა და თურქეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში ტერორის წინააღმდეგ გამართული მსვლელობის მონაწილეებმა პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ კუთვნილი  ოფისები და შტაბ-ბინა დაარბიეს. თავდასხმა მოხდა თურქულ ყოველდღიურ გამოცემა „ჰურიეთის“ ოფისებზეც ანკარასა და სტამბოლში. აღნიშნულის კი წინ უძღოდა თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციებში, ქურთი შეიარაღებული მებრძოლების მიერ, 15 თურქი პოლიციელის მკვლელობა.

ანკარაში ათობით ადამიანმა ქვები დაუშინა „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ ოფისს, რომელიც ქურთების ინტერესებს იცავს.  „ჰურიეთის“ თანახმად,  გაზეთზე მომხდარი თავდასხმის უკან „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის მხარდამჭერები დგანან. მედიაზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ:“მე შეშფოთებული ვარ მიღებული ცნობებით იმის თაობაზე, რომ ჰურიეთზე თავდასხმა „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის წევრების მიერ იყო წახალისებული. არჩეულმა ოფიციალურმა პირებმა თავი უნდა შეიკაონ მედიის წინააღმდეგ ხალხის წაქეზებისაგან,“-განუცხადა კირბიმ რეპორტიორებს.

გაზეთზე თავდასხმას „თვითერზე“ გამოეხმაურა თურქეთის მოქმედი პრემიერი აჰმეთ დავითოღლუ:“მედია ინსტიტუტებისათვის, პოლიტიკური პარტიის შენობებისა და კუთვნილებისათვის ზიანის მიყენება დაუშვებელია...მე მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის სიყვარულით გულანთებულ მოსახლეობას სიმშვიდისაკენ და  სახელმწიფოს ნდობისაკენ.“

თურქეთსა და „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ შორის სამი წლის წინ დაწყებული სამშვიდობო პროცესი ივლისში დასრულდა, როდესაც სირიის საზღვართან მდებარე თურქეთის ქალაქში, ახალგაზრდულ ბანაკზე, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის მიერ მოწყობილ თავდასხმას 32 ადამიანი შეეწირა. „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სამხედრო ფრთამ ამ თავდასხმაში დამნაშავედ ანკარაც გამოაცხადა და თურქ პოლიციელებზე და სამხედროებზე დაიწყო თავდასხმების განხორციელება. ამ თავდასხმების შემდეგ კი თურქეთმა სირიისა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ პოზიციებზე ავიაიერიშების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაეპ ერდოღანის განცხადებით, ბოლო პერიოდში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოქმედებები იმის დამადასტურებელია, რომ მათ თურქეთის შიგნით და მის გარეთაც „სერიოზული ზარალი განიცადეს” და ახლა თავდაცვით პოზიციაზე გადავიდნენ:“ბოლო პერიოდის მოქმედებები პანიკის შედეგია. თურქეთის სამხედროების მიერ ორგანიზებული ოპერაციების შედეგად, მათ ათასობით წევრი დაკარგეს.“-განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა საკუთარი მოსახლეობა 1 ნოემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე შესაძლო პროვოკაციების შესახებაც გააფრთხილა, რისი მიზანიც ქვეყანაში დაძაბული გარემოს შექმნაა:“თურქეთი, რომელმაც არაერთი სირთულე გადალახა წარსულში, ახლაც გადაჭრის სეპარატისტების ტერორის პრობლემას...ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ ტერორისა და ტერორისტების წინააღმდეგ. მე მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს შეინარჩუნონ საღი აზრი და გამოიჩინონ მხნეობა ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში.“

თურქული მედიის თანახმად, მსგავსი განცხადებები გააკეთეს თურქეთის „სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ“ და „ეროვნული მოძრაობის პარტიამაც.“

თამთა კახაძე

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს