როცა სასწაული ზურგს უკან სუნთქავს
14 სექტემბერი, 2015
1523
print

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისთვის ევრობასკეტი დასრულდა. დასრულდა ღირსეულად, თავმომწონედ. ქართველებს ამაყად სიარულის სრული საფუძველი გვაქვს. ასე უნიათოდ და გაუბედავად დაწყებული ევრობასკეტი ქართველებისთვის ტრიუმფალურ თაღთან დასრულდა. ოღონდ ეგ არის თაღში შეღწევა ვეღარ მოვახერხეთ, მაგრამ ეგ სამომავლოდ ტექნიკის საქმე იქნება, თუ ჩვენი გუნდი სწორ განვითარებას გააგრძელებს და სელექციაც შესაფერისი ექნება.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა ზაგრების ჯგუფურ ეტაპზე ორი შესანიშნავი თამაში ჩაატარა. დამაჯერებლად დაამარცხა მაკედონიისა და ხორვატიის გუნდები და ფლეი ოფისთვის სათამაშო ფორმის პიკს მიაღწია.

ქართველთა წარმატების საიდუმლო დაბალანსებული თამაში იყო. თუ ჯგუფური ეტაპის საწყის ტურებში კოკოშკოვის გუნდის უკანა ხაზი კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო (ჩვენი უკანახაზელები გაუბედავად უტევდნენ, ვერ ბედავდნენ სასროლი პოზიციებიდან კალათში ტყორცნას, ტლანქად მოძრაობდნენ და კარგავდნენ ბურთებს), მაკედონიასა და მასპინძელ ხორვატიასთან აბსოლუტურად სხვა დაცვა ვიხილეთ. ამ შეხვედრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიორგი ცინცაძე (მაკედონელებთან შეხვედრაში მის ანგარიშზე 12 ქულა და 6 პასი იყო). გათამამდა ჯეიკობ პულენიც, შესაბამისად, ბალკანელები 15 და 13 ქულის სხვაობით დავამარცხეთ.

საქართველომ მოახერხა და თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ფლეი ოფში. გუნდი სათამაშო ფორმის პიკზე იყო და ამიტომ ლიტვის წინააღმდეგაც იმედიანად ვიყავით განწყობილი. სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ ამჯერად ლიტველები ვერ გვჯობდნენ, ვერც თამაშის ორგანიზებით, ვერც ფიზიკურად და ვერც ტაქტიკურად. საქართველოს ნაკრები მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა და სასწაულთანაც ახლოს იყო, გასულიყო ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის, მაგრამ ბოლო წამებზე ისევ გაუაზრებელმა შეცდომებმა და ბურთის დაკარგვებმა გვიღალათა.

მესამე მეოთხედის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ქართველები 6 ქულას იგებდნენ, მაგრამ დაკარგვებით იმდენი მოახერხეს, რომ მეოთხედის ბოლომდე ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა.  ანალოგიური მდგომარეობა შეიქმნა მეოთხე მეოთხედშიც. ბოლო ორ წუთში ცინცაძემ, მარკოიშვილმა, სანაძემ, პულენმა ზედიზედ დაკარგეს ბურთები და ლიტველებს დაწინაურების და საბოლოო ჯამში, გამარჯვების საშუალება ხონჩით მივართვით.

ასეა თუ ისე, წლევანდელი ევრობასკეტი ფლეი ოფით დავასრულეთ და სასწაული რომ იტყვიან, ზურგს უკან სუნთქავდა. არც ეს სასწაული იქნება შორს, თუ მომავალი ციკლისთვის მოვახერხებთ და რომელიმე უმაღლესი დონის გამთამაშებელს გადმოვიბირებთ.    

 

საქართველო – ლიტვა 81:85 (20:17, 20:22, 22:22, 19:24)

საქართველო: ფაჩულია (23 ქ. 7 მ. 3 პ.), სანიკიძე (14 ქ. 7 მ.), პულენი (12 ქ.), შენგელია (10 ქ.), ცინცაძე (10 ქ.), სანაძე (6 ქ.), მარკოიშვილი (6 ქ.)

ლიტვა: მაციულისი (34 ქ.), იანკუნასი (17 ქ.), კალნიეტისი (11 ქ.), სეიბუტისი (7 ქ.), მილაკნისი (6 ქ.), ვალანჩუნასი (5 ქ.), კუზმინსკასი (3 ქ.), იავტოკასი (2 ქ.)

 

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას