აშშ ცდილობს, სირიაში რუსეთის რეალურ განზრახვებს მიხვდეს
16 სექტემბერი, 2015
747
print

სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-სა და რუსეთს შორის აზრთა სხვადასხვაობა 2011 წლიდან, ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან არსებობს. რუსეთი, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ ითვლება, ყოველთვის ბლოკავდა გაეროს უშიშროების საბჭოში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას.

2013 წელს კი, როდესაც დამასკოსთან ახლოს, ზარინის გაზის გამოყენებას ასობით ადამიანი შეეწირა და რაშიც დასავლეთმა ასადის ძალები დაადანაშაულა, სწორედ რუსეთის აქტიური შუამდგომლობით, ამერიკამ ასადის ძალების პოზიციებზე ავიაიერიშების მიტანა გადაიფიქრა, სანაცვლოდ სირია ქვეყნის ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დაწესებას დათანხმდა. თუმცა, ამერიკას სირიაში ავიაიერიშების დაწყება 2014 წელს მაინც მოუწია, ამრიგად სუნიტური რადიკალური დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე, რომელმაც 2014 წლის ზაფხულში სირიისა და ერაყის ტერიტორიების დაკავება დაიწყო. აქამდე, ამერიკა სირიასა და ერაყში ავიაიერიშებს დასავლელ და არაბ პარტნიორებთან ერთად ახორციელებდა. რუსეთი ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობისაგან თავს იკავებდა. სექტემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა კიდეც, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ამ ეტაპზე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად მზად არ იყო. ამასთან, პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი აქტიურად უჭერდა მხარს ანტიტერორისტული კოალიციის შექმნას, რის თაობაზეც მის ამერიკელ კოლეგას ბარაკ ობამასაც ესაუბრა. პუტინის ამ განცხადებიდან მალევე, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიაში სამთავრობო ძალების დასახმარებლად სამხედრო ოპერაციებში რუსი ჯარისკაცები იღებენ მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი სირიაში სამხედრო ბაზების მშენებლობის პროცესში იმყოფება. თეთრი სახლის განცხადებით, სირიაში სამხედრო ყოფნის გაძლიერების ნაცვლად, ამერიკა მიესალმება რუსეთის „კონსტრუქციულ ურთიერთობას“ 60-წევრიან საერთაშორისო კოალიციასთან, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და რომელიც იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ობამას ჯერ არ უსაუბრია მის რუს კოლეგასთან, თუმცა მან ეს შესაძლებლობა არ გამორიცხა. ამასთან, ბოლო პერიოდში ხშირი კონტაქტი აქვს რუს კოლეგასთან ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის, რომელმაც არაერთხელ გააფრთხილა სერგეი ლავროვი, რომ რუსეთის მიერ ასადის მხარდაჭერა სირიაში არსებულ ისედაც ურთულეს ვითარებას, მხოლოდ გააუარესებს.

როგორც აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ ბრენანმა აღნიშნა, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს იმ როლის თაობაზე, რა როლიც ასადმა ითამაშა, რომ სირია შეიარაღებული მებრძოლების „მაგნიტად გადაქცეულიყო.“

თავად რუსეთი სირიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა ადასტურებს ქვეყანაში რუსი სამხედრო ექსპერტების ყოფნას. სამშაბათს, დუშანბეში გამართულ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ სამიტზე პუტინმა განაცხადა:“ჩვენ მხარს ვუჭერთ სირიის მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ქვეყანას ვთავაზობთ და მომავალშიც შევთავაზებთ სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას. ასევე, სხვა ქვეყნებასაც მოვუწოდებთ ამის გაკეთებისაკენ.“

ამერიკას უჭირს მიხვდეს პუტინის რეალურ განზრახვას:“პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ძალიან ძნელია პრეზიდენტ პუტინის ჭეშმარიტი მოტივაციის ამოცნობა...ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი საკმაოდ გაუმჭვირვალეა,“-განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა.

თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირები, ცხადია,  ცდილობენ ამოიცნონ რუსეთის ჭეშმარიტი განზრახვები სირიასთან მიმართებაში-ისინი არ გამორიცხავენ არც იმ შესაძლებლობას, რომ  რუსეთი ემზადება „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებული მებრძოლების წინააღმდეგ იერიშის მისატანად და არც რუსეთს მიერ სირიელ „ზომიერ“  ამბოხებულებზე თავდასხმას, რომლებიც ასადის ძალების წინააღმდეგ იბრძვიან. საუბრობენ, ასევე, სხვა ვარიანტზეც, რომ რუსეთი ბოლოდროინდელ ნაბიჯებს დგამს რათა, ასადის რეჟიმის დამხობის შემთხვევაში, სირიის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე მოიპოვოს გავლენა.

თამარ კახაძე

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს